21:24, Sunday, 21.01.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები - 2017 წ. ივლისი-აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი

04.12.2017

 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო წამების მსხვერპლს 5000 ლარს გადაუხდის

14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ. ნ.-ს სარჩელი. შედეგად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისრა  მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდა ვ. ნ.-ს სასარგებლოდ.
  
ვ.ნ. დღესაც იხდის სასჯელს №15 პენიტენციურ დაწესებულებაში. იგი 2004-2012 წლებში არაერთხელ დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან. მის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გამოიხატებოდა ცემით, გაშიშვლებით, საკნის კვირაობით დაკეტვით, თანამშრომლობის ხელწერილის იძულებით დაწერით, მაღალ სიცხეში საკნის სარკმლების დაკეტვით და სხვა დამამცირებელი მოპყრობით, რაც იწვევს თავისუფლებააღკვეთილი პირის ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას. 
წამების მსხვერპლის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს 5000 ლარი დაეკისრა

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5 000 ლარის ოდენობით. დაზარალებულის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

საქმის არსი: 2011 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა.  საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ო.ჩ. დააკავეს პოლიცელებმა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მან მიიღო სხეულის დაზიანებები. ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში.  

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა

12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთ სარჩელზე, რომელიც ასევე უკვაშირდებოდა 2011 წლის 26 მაისის საპროტექსტო აქციის ძალადობრივ დარბევას და მომიტინგეთა მასობრივ დაკავებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე გ.გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.

2011 წლის 26 მაისის საპროტექსტო აქციის მონაწილე გ.გ.-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი. მან მიიღო სხეულის დაზიანებები და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში. 

წამების მსხვერპლი პატიმრის სასარგებლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 5000 ლარის კომპენსაცია დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის მიმართა ყოფილმა პატიმარმა პ. ფ.-მ. რომლის მიმართაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #16 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა ძალადობა და წამება, რაზეც მსჯავრდებული პ. ფ. ცნობილია დაზარალებულად.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოამზადა სარჩელი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. 

24 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პ.ფ.-ს სასარგებლოდ 5 000 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ლაშა თორდიას საქმეზე „პამ-კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შედეგად, ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კაფე „პამ კლუბი“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო.
2017 წლის 23 მაისს Facebook-ის და შემდგომ სხვადასხვა ვებგვერდების მეშვეობით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „პამ კლუბში“ განხორციელებული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების თაობაზე მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ადამიანის  უფლებათა ცენტრის განცხადების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შპს „პ.ა.მ.“-ის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით პერსონალური  მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ - 2016 წლის 27 დეკემბერს. ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.  შესაბამისად, შპს „პ.ა.მ“-ი ცნობილ იქნა ამავე კანონის 43-ე მუხლით (მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავება) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. სამართალდარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ვიდეო შემდგომში კერძო პირის ხელში მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან ვიდეო „პ.ა.მ.“-მის მიერ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო გადაცემული. ამადვროულად, გამოძიება კანონდარღვევით მოპოვებულ ვიდეოს ვერ გამოიყენებდა მტკიცებულებად და სავარაუდოდ, დაიგეგმა ვიდეო მტკიცებულების გავრცელება სოციალურ ქსელში, რათა ამის შემდგომ დართვოდა საქმეს მტკიცებულების სახით. 

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტები ახორციელებენ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს. ცენტრმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება კონსტიტუციური სტატუსის მქონე პირის - გენერალური აუდიტორის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტის მიჩქმალვის მცდელობით, რაც იკვეთება საგამოძიებო ორგანოების განცხადებებიდან და თანმდევი მოვლენებიდან. 

ძალადობის ფაქტზე სასამართლომ პოლიციის 3 თანამშრომელი დამნაშავედ ცნო 

გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი. გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით. ზ.ფ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ზ.ფ. თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის წინაპირობა ზ.ფ.-ს მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზ.ფ.-მ პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

ძალადობრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდგომ,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო  პროკურატურამ ზ.ფ. ცნო დაზარალებულად, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, ერთი წლის მანძილზე ჭიანურდებოდა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოწოდებისა და მიმართვის შედეგად, 2016 წლის მაისში პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ. ისინი პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენ  ეფექტიანად და მოქალაქე წლების მანძილზე არ უნდა ელოდებოდეს  სამართლიან გადაწყვეტილებას. 

ზ.ფ.-ს საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას თანმდევი სისტემური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი. 

აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებელი იქნება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას.

განაჩენის გადასინჯვის შედეგად მსჯავრდებული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული შუამდგომლობა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მსჯავრდებული ლ.შ. სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.  

ლ.შ.  2013 წელს ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცებად საქმეზე დართული იყო მის მიერ მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენი ნარკოტიკი. დეზომორფინის მცირე რაოდენობა კანონით დადგენილი არ არის. შესაბამისად ნემსში არსებული 0.00009 გრ. დიდ ოდენობად მიიჩნეოდა.2017 წლის 13 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება - დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავისი ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დააფუძნა.

სასამართლომ სამინისტროს მსჯავრდებულის საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული  აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება- მსჯავრდებულ გ. მ.-ს  პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.  

გ. მ.-ს სასამართლოს მიერ 2010 წლიდან მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული  აკმაყოფილებდა ვადამდე გათავისუფლების კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, გ. მ.-ს  მოხდილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განკუთვნილი სასჯელის ¾-ზე მეტი. იგი გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით, პენიტენციური დაწესებულების მიერ ხასიათდება დადებითად, მაგრამ დანაშაულის სიმძიმესა და სოციალურ აქტივობებში პასიურ მონაწილეობაზე მითითებით საბჭომ უარი თქვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი.  გაუქმდა სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და სამინისტროს გ.მ.-ს  საქმის განმეორებით შესწავლა დაავალა.  

სამინისტროს დევნილი მოქალაქის სასარგებლოდ 5 წლის მიუღებელი შემწეობის გადახდა დაეკისრა

მოქალაქე ბ.ხ.-მ 2008 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მოითხოვა დევნილად ცნობა, დევნილის შესაბამისი სტატუსის მინიჭებით, რაზეც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა. ბ.ხ.-მ დევნილის სტატუსის მიღების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2009 წელს სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, სააღსრულებო ბიუროს არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ბ.ხ.-ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი 5 წლის დაგვიანებით, 2014 წელს მიანიჭა.

შესაბამისად, სამინისტროს ბრალეულობით, ბ.ხ.-მ 2009 წლიდან 2014 წლამდე ვერ მიიღო დევნილისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება. არც დევნილთა სამინისტრომ და  არც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბ.ხ.-ს მოთხოვნა 2009 წლიდან 2014 წლამდე მიუღებელი შემწეობის სახით დევნილთა სამინისტროს მხრიდან ფულადი თანხის ანაზღაურებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული სააპელაციო საჩივარი, რომლის თანახმადაც, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს  გადაწყვეტილება.  

სააპელაციო სასამართლოს  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი და სამინისტროს დაეკისრა დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქე ბ.ხ.-სთვის 1843 ლარის გადახდა,  მიუღებელი შემწეობის სახით.
 
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსს 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა

23 ოქტომბერს თბილისის საქალქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემაზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასჯელის სახედ 10 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი დამნაშავედ მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო, მაგრამ გაამართლა ძალადობის ნაწილში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლილი მსხილაძის ამ გადაწყვეტილებით, რითაც მან ფაქტობრივად გაამართლა ადვოკატზე ძალადობა პოლიციის განყოფილებაში და პოლიციის თანამშრომლები ძალადობისკენ წაახალისა. მოსამართლემ არ გაიზიარა გიორგი მდინარაძის ჩვენება, რომ ლაშა კვირკვაია პირადად მონაწილეობდა მის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ექსპერტიზით არის გამყარებული. საპირისპიროდ, მოსამართლემ გაიზიარა სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული არსებითად ცრუ ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ეხსნათ ბრალდებული ლაშა კვირკვაია. 

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეხუთე განყოფილების ყოფილი უფროსი, ლაშა კვირკვაია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით,  2015 წლის ნოემბერში დააკავეს. 2015 წლის 29 დეკემბერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 23 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდებულს სასჯელად სწორედ ამ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი გააგრძელებს ადვოკატ გიორგი მდინარაძის ინტერესების დაცვას სასამართლოს ზედა ინსტანციებში.

საცხოვრებელ კოტეჯზე დავა დევნილი მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისათვის მომართა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ზ.მ.-მ, რომელიც ამჟამად არის სამხედრო  მოსამსახურე და სამშვიდობო მისიით არაერთხელ იმყოფებოდა  ავღანეთში.  

2009 წელს, როდესაც დევნილებისთვის საცხოვრებელი კოტეჯები განაწილდა, ზ.მ.-ს ოჯახს გადაეცა წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული კოტეჯი, სადაც დარეგისტრირდნენ ზ.მ. და მისი ოჯახის წევრები.

2015 წელს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 389-ე ბრძანების   საფუძველზე შექმნილმა კომისიამ (რომელიც განიხილავს თითოეული ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზების საკითხს) გადაწყვიტა, რომ წეროვანში არსებული კოტეჯი, სადაც ზ.მ.-ს ოჯახი ცხოვრობდა, კერძო საკუთრებაში გადაეცა მოქალაქე მ.რ.-სთვის.

კომისიას არ უმსჯელია, რომ კოტეჯი სარგებლობაში უკვე გადაცემული ჰქონდა ზ. მ.-ს  და კოტეჯის მიკუთვნება მ.რ-სთვის მოხდა კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით. ამასთანავე, კომისიას არც იმ საკითხზე უმსჯელია, რომ ზ.მ., რომელიც 2007 წლიდან მონაწილეობს სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების სამშვიდობო მისიაში,  რჩებოდა საცხოვრებლის გარეშე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომისიის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა. 

25 ივლისს თბილისის საქალაქომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი და ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილება.

განათლების სამინისტრო მოქალაქის წინააღმდეგ

მოქალაქე დ.ჯ.-მ, რომელიც არის დედ-მამით ობოლი, ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რის შემდეგაც მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სწავლის დაფინანსების მიღების მიზნით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს დედ-მამით ობოლი პირის დაფინანსებას. ამასთან, არსებობს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, სადაც განმარტებულია, რომ ობლობა უნდა დადასტურდეს დედ-მამის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტაციით. მოქალაქე დ. ჯ.-ს გარდაეცვალა დედა, რომელსაც ჰქონდა მარტოხელა დედის სტატუსი, ხოლო მამობა დადგენილი არ ყოფილა. ამდენად, მამის გარდაცვალების მოწმობა ფიზიკურად არ არსებობდა და ვერც იქნებოდა წარდგენილი სამინისტროში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დ.ჯ.-ს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადდა ადმინისტრაციული სარჩელი, რითაც მოთხოვნილი იყო ინდივიდუალურ-ადმინისტრციული აქტის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა. სარჩელი დაკმაყოფილდა.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დ. ჯ.-ს სასარგებლოდ.  

ეკონომიკის სამინისტრო მოქალაქის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს დახმარების თხოვნით მიმართა ქარელში მცხოვრებმა გ.შ.-მ. მისი განმარტებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც დევნილს, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა საცხოვრებელი ბინა 2012 წელს. 2014 წელს კი აღმოჩნდა, რომ ბინა იყო სხვა პირის საკუთრებაში. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გ. შ.-მ ვერ შეძლო დაედგინა, თუ რომელი ბინა გადაეცა საკუთრებაში, ან სად მდებარეობდა ამონაწერში მითითებული საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. პარალელურად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გ.შ.-ს უარს ეუბნებოდა ბინით უზრუნველყოფაზე, იმ მოტივით, რომ იგი საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებული იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ. 

2016 წელს გ.შ.-მ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა 2012 წლის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობა. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ გასულია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული შესაგებელით, 14 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქალი მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა

#5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ მ.ბ.-ს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოუმზადა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს წინაშე. 

2017 წლის ოქტომბერში ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული შუამდგომლობა და მსჯავრდებული მ.ბ. პირობით ვადამდე გაანთავისუფლა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს სოციალური რგოლის საეთერო ბადეში განთავსება დაევალა

ადამიანის უფლებათა ცენტრის  იურისტის მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ დამზადებული სოციალური რგოლის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსების მოთხოვნა. 

27 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ ორგანიზაციის ვიდეორგოლს მიანიჭა სოციალური რგოლის სტატუსი და საზოგადოებრივ მაუწყეებელს მისი საეთერო ბადეში განთავსება დაავალა. 

ძალადობის მსხვერპლი მოხუცი ქალი ღია ცის ქვეშ არ დარჩება

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ძალადობის მსხვერპლ მოხუც  ქალს, ს.დ.-ს მოუმზადა შესაგებელი სარჩელზე, რითაც მას საცხოვრებელ ბინას ედავებოდნენ.

4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ცენტრის  შესაგებელი და არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი ს. დ.-ს წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი მოხუცი ქალი ღია ცის ქვეშ არ დარჩება. 

არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა

2017 წლის 6 თებერვლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევდა არასრულწლოვან ვ.გ.-ს., რომელიც დედას ადანაშაულებდა ძალადობასა და მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენებაში. 

2016 წლის ივლისში დედამ ვ.გ. ერთი ქალაქიდან მეორეში გაუშვა მამიდებთან საცხოვრებლად. მას შემდეგ დედა არ დაინტერესებულა შვილის მდგომარეობით. გარდა ამისა, დედა სარგებლობს იმ პენსიით, რომელიც დაენიშნა ვ.გ.-ს და ეს თანხა არ ხმარდება ბავშვის აღზრდა-განვითარებას. ბავშვი საბუთების გარეშე სწავლობს სკოლაში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2017 წლის 13 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, არასრულწლოვნის დედას ჩამოართვეს მშობლის უფლებები, ხოლო მამიდას მიანიჭეს ბავშვზე მზრუნველობის უფლება.

სხვადასხვა:

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ მომზადებული მიმართვის შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტომ გადაამოწმა მოქალაქე ლ.ც.-ს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები ოჯახის მდგომარეობა. ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდგომ, სააგენტომ ლ.ც.-ს ოჯახს დაუნიშნა ფულადი შემწეობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტის დახმარებით, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები მოქალაქე, სასამართლოს განჩინებით, ცნობილია მხარდამჭერად, რის შედეგადაც იგი შეძლებს უნარშეზღუდული მოხუცი დედის პენსიის აღებას. 
 
12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის პოზიცია და არ დააკმაყოფილა დ.ს.-ს სააპელაციო საჩივარი. დ.ს. ასაჩივრებდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე ჯ. გ.-ს სარჩელი და მოპასუხე დ.ს.-ს დაეკისრა 16 წლის წინ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.ს.-ს კვლავ დაევალა, შეუსრულოს 16 წლის წინ ნაკისრი ვალდებულება ჯ.გ-ს, რომლის ინტერესებსაც იცავდა ადამიანის უფლებათა ცენტრი.
 
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სარჩელი მოქალაქე ნ.ნ.-ს სასარგებლოდ. სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რითაც სადავო ფართის ნაწილში ბათილად ცნო გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და დაავალა გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს ნ.ნ.-ს განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და რეგისტრაციის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის მიერ წარდგენილი სარჩელი ბ.შ-ს საქმესთან დაკავშირებით, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.  სასამართლომ ბათილად ცნო ბ.შ-ს მიმართ არასწორად განხორციელებული შემოწმების აქტები, რის შედეგადაც მას შეეზღუდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ოჯახებისათვის გათვალისწინებული შემწეობის მიღება. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC