08:47, Tuesday, 23.10.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ოჯახში ძალადობის მძიმე შედეგები - ტრავმირებული ბავშვები

22.12.2017

 
ლანა გიორგიძე 

ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გარდაცვლილის შვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, მ.ვ.-მ სიკვდილამდე არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია: „პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია, ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედაჩემს სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ  შედეგი არ მოჰყოლია“. 

25 აპრილს მომხდარ შემთხვევას არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იხსენებს და გვიამბობს, თუ რა მდგომარეობა დახვდა, როდესაც გარდაცვლილის ოჯახში სამართლებრივი დახმარების გასაწევად მივიდა. 

„ძნელია, იცხოვრო მუდმივ შიშში, რომ დედას მოგიკლავენ. გარდაცვლილის შვილებს დედის სიკვდილის შემდეგ გაუჩნდათ შიში, რომ დედის მკვლელი, ამჯერად, მათ დაემუქრებოდა. ბავშვები მიამბობდნენ, თუ როგორ ცხოვრობდნენ თითოეული მუქარიდან, ჩხუბიდან თუ მკვლელობის მცდელობიდან მეორე მცდელობამდე. მათ არ ჰქონდათ პოლიციის იმედი, რადგან პოლიცია სათანადოდ არ რეაგირებდა 4 შვილის დედის თითოეულ გამოძახებაზე“, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას არა მარტო ქალი, არამედ მისი შვილებიც არიან ფსიქოლოგიური, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი. ამას მოწმობს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალები მედიასაშუალებებს უამბობენ შვილების შესახებ, თუ რას განიცდიან ისინი. 

ძალადობის მსხვერპლი ქალი Hridc.tv-სთან საუბრისას იხსენებს, რომ მოძალადე მეუღლესთან თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილი მამასთან თითოეული შეხვედრის შემდეგ სახლში ტრავმირებული მიდიოდა და ეკითხებოდა დედას, თუ რატომ უნდა მომკვდარიყო იგი და რატომ სურდა მამას დედის სიკვდილი: „ამის შემდეგ ჩემს შვილს არ უნდოდა მამის ნახვა, რადგან იგი დედაზე საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა“.

2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გაიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი.

კერძოდ, როგორც შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის დანაშაულზე მამაკაცებზე 2 568 ორდერი გაიცა, ხოლო ქალებზე-  278 შემაკავებელი ორდერი. 

ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია თავშესაფრები, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ, შვილთან/შვილებთან ერთად იცხოვრონ გარკვეული ვადით. 

humanrights.ge-მ სტატიაში - ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები და სისტემის გარეთ დარჩენილი ბავშვები უკვე აღნიშნა, რომ თავშესაფრებში გარდა მსხვერპლთა ხელშეწყობისა, არსებობს სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის: გადატვირთულობა, არასაკმარისი ვადა, ბავშვთა ფსიქოლოგის არარსებობა, მომავლის იმედის დაკარგვა, სოციალური დახმარების შეწყვეტა თავშესაფარში ყოფნისას, თავის დაღწევა ძალადობრივი გარემოსგან, თუმცა - დროებით და ასე შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, მათ შორის ყველაზე ფრთხილი მიდგომა ბავშვთა საკითხს სჭირდება. ბავშვები, ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას, სახელმწიფოს მიერ ყურადღების მიღმა რჩებიან და მათ არ აქვთ მხარდაჭერა, არავინ იწყებს ზრუნვას მომავალი თაობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეცვლისა და მათი დახმარებისთვის. 

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა humanrights.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აუცილებელია, თუკი თავშესაფარში ბავშვი იმყოფება დედასთან ერთად, მასთან მუშაობდეს ბავშვთა ფსიქოლოგი: „ბავშვთა ფსიქოლოგიაც იყოფა ცალკე დარგებად: არიან სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ განვითარების დარღვევებზე და მათ მუშაობის სხვა სპეციფიკა აქვთ და არიან სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ტრავმირებულ ბავშვებთან და მათ სხვა უნარები სჭირდებათ. აუცილებელია, რომ როდესაც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ბავშვებიც იმყოფებიან, მათთან მუშაობდეს არა მხოლოდ ბავშვთა ფსიქოლოგი, არამედ ბავშვთა ფსიქო-ტრავმატოლოგიც, რომელსაც აქვს ამ მიმართულებით  გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. აქცენტი როცა კეთდება დედაზე და ბავშვი უკანა პლანზეა, ეს აჩვენებს დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ. ნორმალურ შემთხვევაში დედასთან უნდა მუშაობდეს ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომელიც მასთან, როგორც მსხვერპლთან, იმუშავებს და ეცდება, რომ მისი რესურსები გააძლიეროს და ბავშვთან უნდა მუშაობდეს ბავშვთა სპეციალისტი და ასევე, მშობელი, ბავშვთან კომუნიკაციისთვის საჭირო ინფორმაციას უნდა იღებდეს ბავშვთა ფსიქო-თერაპევტისგან“. 

მაია ცირამუას თქმით, კარგია, როდესაც ძალადობის მსხვერპლთან მუშაობს სპეციალისტები, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან ბავშვს სპეციფიკური მიდგომა სჭირდება. 

ბავშვები და ოჯახში ძალადობა 

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის შემსწრე ბავშვს მუდმივად აქვს შიში, რომ დედა დაზიანდება. 

„ბავშვი როცა ძალიან პატარაა, მისთვის უსაფრთხოების ბაზისს დედა წარმოადგენს. ოჯახში ძალადობა, კერძოდ - დედაზე ძალადობა, აზიანებს ბავშვის უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას - თავი იგრძნობს უსაფრთხოდ. ბავშვი როდესაც ჩნდება, პირველი, რის „ძიებასაც“ იწყებს, ეს არის - სამყაროს მიმართ ნდობა. სიცოცხლის პირველ წელს მისთვის ესაა მნიშვნელოვანი, შემდეგ კი ის ეძებს მთავარ დასაყრდენს. თუკი გარემო ბავშვს აჩვენებს, რომ ის სანდოა, ამის შემდეგ იგი იწყებს საკუთარი თავის ნდობას. ბავშვი როცა არის შემსწრე ოჯახში ძალადობის, ეს ბავშვს უყალიბებს ბაზისურ რწმენებს - ის საკუთარ თავს ეუბნება: „მე ვარ ცუდი, მე არ ვიმსახურებ სიყვარულს, მე არ ვარ მხარდაჭერილი. თუ კი ჩემი მშობელი საშიშია, ადამიანები არიან საშიშები“. ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, შიშს გამოხატავენ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დროს. ამავდროულად ბავშვი სამყაროსაც საშიშად აღიქვამს. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენად მშვიდად შეუძლია სამყაროში არსებობა  ადამიანს ასეთი შიშებით?!“ - აღნიშნა მაია ცირამუამ.

ბავშვთა ფსიქოლოგის თქმით, ბავშვი სამყაროს ეგოცენტრულად აღიქვამს და მას სწორედ ისეთი წარმოუდგენია იგი, როგორსაც აღიქვამს: „ბავშვი მომხდარში ყოველთვის თავის თავს იდანაშაულებს და ყველაზე მეტად რაც ტანჯავს მას, და, რაც არის დამახასიათებელი ბავშვებისთვის, არის ის, რომ ის მიიჩნევს საკუთარ თავს მთავარ მოქმედ პირად. მაშინაც კი, როდესაც ბავშვს, შეიძლება, მშობელი გარდაეცვალოს, ბავშვი იწყებს ფიქრს - „მე რომ კარგად არ მოვიქეცი, იმიტომ დაემართა ეს ჩემს მშობელს. ხშირად, ბავშვის მიერ დედის მიმართ ძალადობის შემთხვევა  არის აღქმული ამ სახით - მე რომ კარგი არ ვარ, მე რომ ცუდად მოვიქეცი, ამიტომ ხდება მსგავსი რამ. ეს ძლიერი ტრავმაა ბავშვისთვის, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში, თუ არ ჩავერევით  და არ მივხედავთ, შორს შეიძლება, პროცესი  წავიდეს. ბავშვი შეიძლება, დარჩეს, მარადიულად, მსხვერპლის მდგომარეობაში, ან, თავადაც დაისწავლოს იგი და ძალადობრივი ურთიერთობა  გახდეს ერთადერთი ფორმა ადამიანებთან ურთიერთობისა და პრობლემების მოგვარების“. 

სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს დარგის პროფესიონალების რეკომენდაციები, რათა ქვეყნის მომავალი - ბავშვები, არ დარჩნენ ყურადღების მიღმა. ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას არა მარტო მსხვერპლის ინტერესები, არამედ მსხვერპლის შვილის/შვილების ინტერესებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. 

სტატია მომზადდა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აძლევთ ხმას?
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილი სხვა კანდიდატს არ მაქვს გადაწყვეტილი არ მივდივარ არჩევნებზე

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC