კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბონენტებსა და გაზგამანაწილებელ კომპანიას შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება

10 იანვარი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მოსახლეობის ნაწილსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ გორის სერვის ცენტრს შორის გაურკვევლობა 2017 წლის მიწურულს, დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის დარიცხულმა საფასურმა გამოიწვია. მოსახლეობის თქმით,  ნოემბრის თვესთან შედარებით დეკებრის თვის გადასახადი გაორმაგებულია. გაზრდილ გადასახადზე ღიად პროტესტი 100-მდე მოქალაქემ დააფიქსირა.

„ჩვენ არ გაგვიზრდია ბუნებრივი აირის მოხმარება, გადასახადი კი გაორმაგებული მოვიდა, რაც არის არაელური", - აცხადებს ნოდარ ხუციშვილი. 
4 იანვარს შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის" გორის სერვის ცენტრთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები დეკემბრის თვეში დარიცხული გადასახადის განახევრებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სერვის ცენტრის მენეჯერის კაბინეტში შეიჭრნენ,  სადაც საუბარი ხმაურით წარიმართა. მენეჯერის კაბინეტში დაფაზე ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ პროტესტის ნიშნად ,,გაზის ქურდები" დაწერა. 

,,ვითხოვთ, კომპანიის  მიერ გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, გადასახდელ თანხასთან ერთად, მივიღოთ ინფორმაცია მოხმარებული ბუნებრივი აირის შესახებ. ბუნდოვანია, როგორ ანგარიშობენ და წინა თვესთან შედარებით რატომ მოგვივიდა გაორმაგებული გადასახადი. მოვითხოვთ ზედმეტად დარიცხული თანხის გარკვევას და მის ჩამოწერას, რაზეც ცალსახად ვიღებთ პასუხს რომ  არ აპირებენ ჩვენი მოთხოვნის გაზიარებას. ჩვენ ამ უკანონობას არ შევეგუებით და ამისთვის ყველა სამართლებრივ ზომებს მივმართავთ", - აცხადებს გორში მცხოვრები მარიამ ბზიშვილი.

,,სოკარ ჯორჯია გაზის" გორის სერვის ცენტრის მენეჯერმა, გიგა გრიგალაშვილმა პრეტენზიის მქონე მოქალაქეებს ინდივიდუალურ რეჟიმში სიტუაციის და სადავო თანხის გარკვევა  შესთავაზა.  მოსახლეობამ  მათ უნდობლობა გამოუცხადა და დახმარებისთვის ენერგოომბუდსმენს მიმართა.

„უზუსტობები შეიძლება, იყოს ერთეულ შემთხვევაში. შესაძლოა, 10-15 აბონენტს მისვლოდა გადასახადი ტექნიკური შეცდომით, თუმცა დაზუსტებით მინდა, გითხრათ, რომ ამას სისტემური ხასიათი არ ექნება“,- განაცხადა გიგა გრიგალაშვილმა, რომელმაც მასთან შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას ურჩია, რომ დარიცხული გადასახდი, წინა თვის ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შეადაროს. 

2016 წლის დეკემბრიდან -  2017 წლის დეკემბრამდე  ერთი  კბ.მ. ბუნებრივი აირის საფასური 11 თეთრით არის გაზრდილი. 

განმარტების მიუხედავად, მოსახლეობა „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ, დეკემბრის თვეში, დარიცხულ გადასახადს უსამართლოს უწოდებს.

5 იანვარს აბონენტების ნაწილს ენერგოომბუდსმენი, სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროსა და ,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები  შეხვდნენ.  შეხვედრაზე ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა მოსახლეობას განაცხადის ფორმები დაუტოვა და ურჩია, რომ სადავო თანხა კომპანისთან ადმინისტრაციული გასაჩივრების წესით გაერკვიათ. სიტუაციის გარკვევამდე კი ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია აბონენტებს, გადაუხდელობის მოტივით, გაზის მიწოდებას ვერ შეუზღუდავს. 

,,შეწყდეს ხალხის ძარცვა სოკარის მიერ" - ამ ტრანსფარანტებით 8 იანვარს, ქალაქ გორის ცენტრში, მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა, სადაც საქმის შესწავლა პროკურატურისგან მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე შეხვდა. მოგვიანებით კი გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. 

,,მოსახლეობა სიტუაციის გარკვევაში ითხოვს დახმარებას.  ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის გორის სერვის ცენტრთან, სადაც გვიპასუხეს, რომ, მოსახლეობის პრეტენზიის გათვალისწინებით, შეიქმნა კომისია და საკითხის შესწავლა მიმდინარეობს", - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

აბონენტების ნაწილი სასამართლოს, გაზის გამანაწილებელი კომპანიის, გორის სერვის ცენტრის წინააღმდეგ, კოლექტიური საჩივრით მიმართავს.

ახალი ამბები