კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქია შიდა ქართლში

12 იანვარი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

9 იანვარს  დაბა სურამში, ინტენსიური წვიმების შედეგად, მთიდან წამოსული წყალი სანიაღვრე არხმა ვეღარ გაატარა და ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა.დაიტბორა საცხოვრებელი სახლების  პირველი სართული.  განსაკუთრებული ზარალი 10 ოჯახს მიადგა, სწორედ მათ ეზოებთან  ახლოს გადის სანიაღვრე არხი.

როგორც დაბა სურამის მოსახლეობა აცხადებს, სანიაღვრე არხისა და მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდის მოთხოვნით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

,,ხუთჯერ მივმართეთ განაცხადებით და ვითხოვდით არხის გაწმენდას, თუმცა ვიდრე ამ მდგომარეობაში არ ჩავცვივდებით, მანამდე ყურადღებას არ გვაქცევენ", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

9 იანვარს წყალდიდობასთან ერთად სურამში ძლიერი ქარიც იყო, რომელმაც რამდენიმე ხე მოტეხა და სანატორიუმის შენობას, სადაც დევნილები ცხოვრობენ,  სახურავი გადახდა. 
 
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობენ  ქალაქ ხაშურშიც. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლები და ეზოები დატბორა.  განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა ქალაქ ხაშურის იმერეთის ქუჩის მოსახლეობას.

„ყოველ წელიწადს ვებრძვით სტიქიას და პატრონი არა გვყავს. არაერთი განცხადებით მივმართეთ მერიას, თუმცა რეაგირებისა და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, პრემიების აღებით იყვნენ დაკავებული", - აცხადებს იმერეთის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა ნოზაძე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში არსებულ მდგომარეობას სხვა სოფლებისგან ის განასხვავებს, რომ აქ მდინარე ტილანამ შეუქმნა პრობლემა ადგილობრივებს. ეზოებსა და სახლებში შევარდნილმა წყალმა  საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა,  დახოცილია შინაური ფრინველი.

ხელისუფლების დამოკიდებულბა დაზარალებულმა   მოსახლეობამ გზის გადაკეტვით გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით,  არაერთხელ მოითხოვეს  მდინარის კალაპოტის გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. 

აქციაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გურასპაშვილის მისვლამ მერსა და აქციის მონაწილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. 

აქციის მონაწილეებმა მერს განუცხადეს, რომ მან ამომრჩევლებს წინასაარჩევნო დაპირებები არ შეუსრულა: „თქვენი გამგებლობის პერიოდში ორჯერ დავიტბორეთ 2014 და 2017 წლებში".

გურასპაშვილის განცხადებით, იგი ბევრ რამეს აკეთებს ყოველწლიურად. 
humanrights.ge-ის, კითხვაზე რატომ არ იჭერს თვითმმართველობა თადარიგს და არ წმენდს სანიაღვრე არხებსა და მდინარის კალაპოტებს სტიქიამდე, ხაშურის მერი პასუხობს რომ საკითხს სხვანაირად დააყენებდა. 

„ჩვენ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას უქმნიდა მდინარე სურამულა სურამისა და გომის მონაკვეთზე მოსახლეობას. ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩატარებული, მათ შორის ჩემი გამგებლობის პერიოდში, თუმცა ფინანსური რესურსები არ არის ამოუწურავი და შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ყველა მდინარეზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება. შეუძლებელია 50-60 წლის პრობლემა მოაგვარო თუნდაც 3-4 წელში. სამწუხარო რეალობაა რაც მოხდა, თუმცა ეტაპობრივად ჩვენ წინ მივდივართ და მალე დადგება ის დრო, როდესაც ეს პრობლემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოფხვრილი იქნება", - განუცხადა humanrights.ge-ის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურსპაშვილმა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

 საცხოვრებელი სახლები დაიტბორა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვენატკოცასა და მოხისის დევნილთა დასახლებაში. ხაშურის მუნიციპალიტეტის მსგავსად ქარელის მუნიციპალიტეტშიც სტიქიისგან დაზარალებულები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები მანამდე გაატარონ, ვიდრე დაზარალდებიან. 

შიდა ქართლის რეგიონში საგანგებო საველე შტაბია შექმნილი, რომელსაც გუბერნატორი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. შტაბის ინფორმაციით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი, ასევე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. 

სტიქიის შედეგად თუ რა ზიანი მიდგა ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს, ამას თვითმმართველობებში შექმნილი სპეციალური კომისია შეისწვლის. 

ახალი ამბები