კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 574 000 ლარით გაიზარდა

25 იანვარი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში ხელფასები რანგის მიხედვით გაიზარდა. პირველი რანგის საჯარო მოხელის ხელფასი, რომელიც 1 490 ლარი იყო, 1 700 ლარამდე გაიზარდა, მეორე რანგის საჯარო მოხელის ხელფასი 1 150 ლარიდან 1 400 გახდა. გორის თვითმმართველობის ორგანოებში ხელფასები საშუალოდ 150-200 ლარით გაიზარდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მუნიციპალიტეტის მერიაში შტატგარეშე თანამშრომლები დაასაქმეს.

,,2017 წლის სახელფასო ფონდი რომ შევადაროთ 2018 წლისას, უმნიშვნელოდ, 480 000 ლარით გაიზარდა სახელფასო ფონდი", – აცხადებს დალი ტლაშაძე. 

ფინანსურ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები გორის მერიას საკრებულომ, 18 იანვარს გამართულ სხდომაზე,  ხმათა უმრავლესობით დაუმტკიცა. ცვლილებების ნაწილი შეეხო საკრებულოს თანამდებობის პირებს და მათი სახელფასო ანაზღაურება 94 000 ლარით გაიზარდა.

საკრებულოში მმართველი პარტიის სიით შესულმა საკრებულოს წევრებმა დამატებით კიდევ ორი ფრაქცია - ,,მრეწველები" და კონსერვატორები" შექმნეს. ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო ფრაქციის შექმნა. საკრებულოში შექმნილ ოთხ ფრაქციას, შესაბამისად, ოთხი თავმჯდომარე და ხუთი თავმჯდომარის მოადგილე ეყოლება, რადგან კანონი ფრაქციაში გაწევრიანებულ ყოველ 5 წევრზე ერთი მოადგილის დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, დანარჩენებს კი თითო-თითო. ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების სახელფასო ანაზღაურება 1 100 ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტს წელიწადში დამატებით 66 000 ლარი დაუჯდება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მმართველი პარტიის სიით შესული წევრების მხრიდან დამატებით ორი ფრაქციის შექმნას აპროტესტებს და აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტით საკუთარ კომფორტს იწყობს. 

ვასილისა ჯაბახიძე კონონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებასაც უარყოფითად აფასებს, რომლის მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადი გახდა. 

,,მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია,  პენსიები ერთი ლარითაც არ გაზრდილა, არ მიმაჩნია სწორად საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა. ამას ემატება კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებიც ანაზღაურებადი გახდა", - ამბობს ჯაბახიძე.

უმრავლესობაში ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ.რაც შეეხება ხელფასების მატებას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს, რომ სახელფასო ფონდის ზრდა კანონის მიხედვით მოხდა.
დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,კანონი ითვალისწინებდა, რომ სახელფასო ბიუჯეტის ფარგლებში მოგვეხდინა ცვლილებები. ამის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ და ხელფასების მომატება მოხდა, როგორც მერიის სამსახურების უფროსების, ისე განყოფილების ხელმძღვანელების და სპეციალისტების შემთხვევაში".

 2017 წლის 22 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის - „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" -  მიხედვით დადგინდა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, კანონის მიზანია საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, დაუსაბუთებელი პრემიებისა და დანამატების აკრძალვა, ფინანსების რაციონალური ხარჯვა. კანონში პირდაპირ არის გათვალისწინებული 2018-2020 წლებში სახელფასო ფონდის ზრდის აკრძალვა. 

„სახელფასო ფონდის გაზრდით კანონის მოთხოვნებს არღვევენ და საკუთარ თავზე ირგებენ. განცხადება, რომ ახალი კანონის გამო „იძულებული იყვნენ“ თანამშრომელთათვის ხელფასები გაეზარდათ, არ შეესაბამება სიმართლეს. კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ, ახალი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეებს შეუნარჩუნდეთ არსებული ხელფასები", - აცხადებს მერებაშვილი.

ახალი ამბები