კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზვიად რატიანის საქმე

25 იანვარი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

სააპელაციო სასამართლო პოეტ ზვიად რატიანის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. სასამართლოში პროცესი 17 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის ზეპირი განხილვა აღარ გაიმართება.

2017 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება 2018 წლის 6 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, EMC-ის იურისტი ანა ნასრაშვილი აპროტესტებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებელია, სააპელაციო სასამართლომ რატიანის საქმე   ზეპირი მოსმენით განიხილოს.

„მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მეტი შესაძლებლობა ექნება სასამართლოს მოისმინოს მხარეთა პოზიციები და უკეთ გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომელიც პირველმა ინსტანციამ არასათანადოდ და არასრულყოფილად გამოიკვლია," - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ანა ნასრაშვილმა.

2018 წლის 23 დეკემბერს, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე. 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაავრცელა განაცხადაება, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რომელიც ზვიად რატიანის საქმეში იკვეთება.

„ზვიად რატიანი დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მასზე ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს, მათ შორის: თამარ მეფის გამზირზე დაკავების შემდგომ ავტომანქანაში, ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისას მტკვრის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომანქანაში დაყოვნების პერიოდში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მიღებისას ზვიად რატიანის სამედიცინო შემოწმების, ასევე იზოლატორის დატოვების შემდეგ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით, ზვიად რატიანს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, მას ასევე დაუდგინდა ტვინის შერყევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს და სრულად აფიქსირებდეს მოქალაქესთან კომუნიკაციის ყველა ეპიზოდს. ზვიად რატიანის უფლებადამცველის თქმით, ზვიად რატიანის ახსნა-განმარტების მიხედვით, მისი დაკავების შემდგომ პოლიცია გარკვეულ ეპიზოდებს აფიქსირებდა მობილური ტელეფონით და არა სამხრე ვიდეო-კამერით. მობილური ტელეფონით ფრაგმენტულად გადაღებული კადრები კი, ინციდენტის სრულად აღბეჭდვის საშუალებას არ იძლევა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პოეტ ზვიად რატიანის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გავრცელებული პირველივე ინფორმაციებიდან უკვე ჩანდა, რომ სისტემა, ტრადიციულად, სრული კონსოლიდაციით ცდილობს, დაიცვას დანაშაულში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები. 

„პოლიციის თანამშრომლების მიერ პირადი მობილური ტელეფონებით გაკეთებულ ვიდეოჩანაწერებს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არა აქვს, რადგან ეს ჩანაწერები არ წარმოადგენს პოლიციის სამხრე ვიდეოკამერებით უწყვეტად გადაღებულ კადრებს, სადაც ასახული იქნებოდა ინფორმაცია მოქალაქის შეჩერების, მასთან საუბრის დაწყებისა და წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ. პირადი ტელეფონებით გადაღებული და პოლიციელების მიერ სათავისოდ შერჩეული, დაჩეხილი ფრაგმენტები შსს-ს მიერ ვრცელდება ისევ და ისევ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, რომ თითქოს მოქალაქე არის დამნაშავე ყველაფერში და არა პოლიციელები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ მიიღო ზვიად რატიანმა დაზიანებები? შსს-ს ამაზეც ჰქონდა თავხედური პასუხი, რომ თითქოს, იგი უკვე ნაცემი იყო, როდესაც ქუჩაში შეხვდნენ. ცხადია, დამნაშავე ყოველთვის ცდილობს, თავი იმართლოს და გზა-კვალი აურიოს გამოძიებას და ამ შემთხვევაშიც ეს ხდება, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, დამნაშავე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თვითონვე უნდა აკავებდეს დამნაშავეებს და დაინტერესებული უნდა იყოს დანაშაულის გახსნით“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, რომელზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი იყო ასახული. ამან მწერალთა და პოტთა პროტესტი გამოიწვია. მათი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას მოითხოვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის ინსტიტუტი“ ზვიად რატიანის დაკავების კადრების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავრცელებას გამოეხმაურა. მედიის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ დაკავების კადრების გავრცელებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რაც კონსტიტუციითაა აღიარებული. 

„მედიის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე არ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, არ იხელმძღვანელა ჟურნალისტური პრინციპებით, რაც ეჭვს აჩენს, რომ მაუწყებელმა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეცადა სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედების გადაფარვას. თავის მხრივ, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სამართალდამცავებმა მოქალაქის დაკავების ფაქტი გადაიღეს პერსონალური მობილური ტელეფონით და არა - კანონით დადგენილი სამხრე კამერებით, რის ვალდებულებაც ჰქონდათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო არასრულია და არ ასახავს პოეტის დაკავების ფაქტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია)  და მეათე (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი) პრინციპები დაარღვიეს.

„ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა ძირითადად დაინტერესებული, მიკერძოებული მხარის პოზიციები ასახა სიუჟეტში და მიუკერძოებლად არ აღწერა სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები. მაგალითად, სიუჟეტში მოცემულია პოლიციელის დაკითხვის ის ფრაგმენტი, სადაც ის ყვება, რომ შეჩერებისთანავე რატიანმა პოლიციელებს გინება დაუწყო. თუმცა, ჟურნალისტმა არ განმარტა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება შსს-ს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ სიუჟეტში მოყვანილი კომენტარები, ხმები, ტექსტი ერთობლიობაში შსს-ს მიერ მანამდე გავრცელებული ვერსიის მხარდამჭერ პოზიციას გამოხატავდა და რატიანის საზიანოდ იყო მიმართული. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სასამართლო სხდომების გადაღების ექსკლუზიური უფლება. სხვა მაუწყებლებს ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის. რატიანის პროცესსაც კანონით მხოლოდ პირველი არხის კამერა ესწრებოდა და მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესის ობიექტურად, მიუკერძოებლად აღწერა და საზოგადოებისთვის მიწოდება. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მოვლენის შესახებ ფაქტების ნაწილობრივ გავრცელებით მაუწყებელმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია“, - ვკითხულობთ ქარტიის გადაწყვეტილებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო პოეტ ზვიად რატიანის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, ჯერჯერობით, უცნობია, დატოვებს თუ არა ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო.

ახალი ამბები