08:09, Tuesday, 23.10.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა

31.01.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

„ჩვენი სიცოცხლე  საფრთხის ქვეშ არის და არამარტო - ჩვენი. ეს შენობა ქუჩაში ნებისმიერი გამვლელისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს“, - გვიყვება ისნის ქუჩა №2-ში მცხოვრები ნანა სარაშვილი. თბილისში, ისნის ქუჩა №2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იგი 1885 წელსაა აშენებული. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ყოველდღიურად ინგრევა: სახურავიდან ჩამოდის წყალი, არსებობს აივნებისა და კედლების ჩამოშლის საშიშროება. სახლი ექვემდებარება სასწრაფო დემონტაჟს, რის შემდეგაც იგი პირვანდელი სახით უნდა აღდგეს.

„არცერთი ხელისუფლების დროს არავინ არ დაგვხმარებია. საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული სახურავიც კი არ გაუკეთებიათ. თუ ეს ძეგლი დღემდე მოვიტანეთ, მესაკუთრეები ვაკეთებდით ყველაფერს. როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ, 2014 წელს გავაკეთე გამაგრების პროექტი, მერიის თანადაფინანსების პროგრამის საფუძველზე. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ჩვენი სახლი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამის შემდეგ ავიღეთ ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან, მაგრამ თანხები იყო საკმაოდ სოლიდური და გამგეობამ დაფინანსება ვერ შეძლო. ამის შემდეგ გვთხრეს, რომ თბილისის განვითარების ფონდისთვის მიგვეკითხა. მივმართე ფონდს და ბატონ ლაშა აბაშიძეს, რომელიც ამ ფონდის საქმიანობას კურირებდა. ბატონი ლაშა მობრძანდა ადგილზე, დაათვალიერა ჩვენი სახლი. მან თქვა, რომ ამ სახლის გამაგრება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა ამხანაგობის თავმჯდომარემ, ნანა სარაშვილმა.

ნანა სარაშვილის თქმით, თბილისის განვითარების ფონდმა, სახლის პროექტირებასთან დაკავშირებით, კონკურსი გამოაცხადა. 2016 წელს კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „იკორთა 2007“-მა ახალი პროექტი გააკეთა. პროექტის მიხედვით, სახლი უნდა დაინგრეს და პირვანდელი სახით აღდგეს. სარაშვილის თქმით, მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მერიას მშენებლობისთვის თანხები არ გაუთვალისწინებია. სამუშაოებისთვის თანხები არც 2018 წლის ბიუჯეტშია გამოყოფილი.

არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა ნანა სარაშვილმა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, ცენტრმა რამდენჯერმე მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია  თბილისის განვითარების ფონდი და ისნის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს ისნის ქუჩა №2-ში მდებარე სახლის მცხოვრებთა სიცოცხლის უფლება. ამასთანავე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ არ უნდა განადგურდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი დემონტაჟი და შემდგომი რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტით“, - აცხადებს დიმიტრი ნოზაძე.

თბილისის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა რანჟირებული სიით, ისნის ქუჩა №2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მინიჭებული აქვს 70 ქულა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახლი სასწრაფოდ დემონტაჟს და ახლიდან პირვანდელი სახით აღდგენას საჭიროებს.

თბილისის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნული მისამართი დაკავშირებულია გვერდზე მდგომ 3 შენობასთან, ამიტომ საჭიროა დიდი თანხა, არა მარტო ისნის №2-ში მდებარე შენობის, არამედ, რამდენიმე შენობის რეაბილიტაციისთვის. როგორც ფონდში აღნიშნავენ, დაპროექტება დაუყოვნებლივ სამუშაოების დაწყებას არ ნიშნავს. ფონდში აცხადებენ, რომ ისნის #2-ში მდებარე შენობა ყურადღების მიღმა არ დარჩება. 

„ისნის ქუჩაზე მდებარე შენობის მდგომარეობა ასახავს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რაც, ზოგადად, დამახასიათებელია ძველი თბილისის ნაწილისთვის“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი.

„არის უამრავი ძეგლი, რომელიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ამ ძეგლების მდგომარეობა საფრთხეს უქმნის აქ მცხოვრებლებს. აუცილებელია, სასწრაფოდ განხორციელდეს ის პროექტები, რაც უკვე დაგეგმილია. ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ყოველდღიურად საფრთხის ქვეშ არიან. ეს არის უფლებების დარღვევა, რადგან შეიძლება, მოხდეს უბედური შემთხვევა, შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროექტი, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის მიერ არის შემუშავებული და დამტკიცებულია, რაც ამ შენობის დაშლას და პირვანდელი სახით აღდგენას ითვალისწინებს, განხორციელდეს დროულად. ასევე, მნიშვნელოვანია, სამუშაოებზე ზედამხედველობა გასწიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როგორც შენობაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ისე თბილისისთვის. რათა შენარჩუნებული იყოს, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და, მეორე მხრივ, დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.

სანამ სახელმწიფო რესურს გამონახავს, აღნიშნული სახლის აღსადგენად, ისნის №2-ში მცხოვრები 6 ოჯახი სახლის დანგრევის საფრთხის მოლოდინში ცხოვრობს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აძლევთ ხმას?
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილი სხვა კანდიდატს არ მაქვს გადაწყვეტილი არ მივდივარ არჩევნებზე

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC