კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავიწყებული მსხვერპლები 10 წლის შემდეგ - გორში ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

14 თებერვალი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) და საქართველოში მისი წევრი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობას ეხმაურება სპეციალური ანგარიშით - „ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში - 2008 წლის აგვისტოს ომის ზეგავლენა დაზარალებულებზე“. ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში - 5 თებერვალს, გორში კი 7 თებერვალს  გაიმართა.

ანგარიშში ომის მსხვერპლების მძიმე ისტორიებთან ერთად სამართლებრივ გარემოზეც არის საუბარი, რაც ომის დროს ჩადენილი  დანაშაულების გამოძიების პროცესს ეხება, როგორც საერთაშორისო ისე - ეროვნულ დონეზე.  

გორის დემოკრატიის სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ანგარიშის შესახებ ესაუბრნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტი, დიმიტრის ქრისტოპულოსი,  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე - დელფინ კარლენსი,  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH), ევრაზიის რეგიონის განყოფილების წარმომადგენელი, იულია უანონი და  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე.

„2008 წლის ზაფხულში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, რის გამოც მოსახლეობა იძულებით დევნილობაში წავიდა. დევნიდნენ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით, ამასთან, მშვიდობისმყოფელებს, მიზანმიმართულად, ესხმოდნენ თავს, უნადგურებდნენ ქონებას, მოროდიორობდნენ. 

ევროკავშირის მისიის ანგარიშის თანახმად, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი და 100 000-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარი სახლიდან დევნილი გახდა", - ნათქვამია ანაგრიშში, სადაც ასევე კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი:
„კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის არავის წარდგენია ბრალი, ვინაიდან მუდმივად იცვლება გამყოფი ხაზი, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, ომს გადარჩენილები კვლავ ხდებიან გატაცების, უკანონო დაკავებების და გამოძალვის ყოველდღიური მსხვერპლები. რუსეთმა უარი განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან გამოძიების პროცესში თანამშრომლობაზე, რის გამოც 2008 წლის ომის მსხვერპლები იძულებულები არიან, იცხოვრონ მძიმე პირობებში და საშიშ გარემოში, რადგან დამნაშავეები კვლავ დაუსჯელი რჩებიან“,- ნათქვამია ანგარიშში.

გორის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრას, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა, სადაც არაერთი პრობლემური საკითხი წამოიჭრა. 

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლია ჩალაჩიძემ, ომიდან 10 წლის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა გამოძიების პროცესზე და აღნიშნა, რომ ომის მსხვერპლებიდან ძალიან ბევრი დღეს უკვე გარდაცვლილია.  
 
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა და მისი წევრი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივი ანგარიში მოსასმენად მძიმე და, ამავდროულად, საინტერესო იყო.  ომით დაზარალებული მოსახლეობა, დღესდღეობითაც, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგრძელებს ცხოვრებას. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მოსახლეობა დღესაც ელოდება გამოძიების შედეგებს, რომელიც ჭიანურდება. ომის ცოცხალ მოწმეთა რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება - ძალიან ბევრი მათგანი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოესწრო სამართლიანობის აღსრულებას. კარგი და საჭიროა კვლევები, მაგრამ ჩვენთვის მისი შედეგები უფრო მეტად საინტერესოა. საერთაშორისო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა მოგვანიჭოს ომით დაზარალებულის სტატუსი, რაც  სამართლიანობის აღდგენის მოტივაციასა და იმედს დაგვიბრუნებს. ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისმგებელი პირები უნდა გამოიკვეთონ და დაისაჯონ. ასევე, უნდა დაიდოს დასკვნა მსხვერპლებზე ომის ზეგავლენის შესახებ. აუცილებლად უნდა განხორციელდეს პროექტები მსხვერპლთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარების კუთხით", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერგნეთის“ თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძემ.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტმა - დიმიტრის ქრისტოპულოსმა აღნიშნა, რომ ომიდან 10 წლის შემდეგ  2018 წლის დასაწყისში თბილიში ჰააგის სასამართლოს ოფისის გახსნამ შედეგი უნდა გამოიღოს და გამოძიების შედეგად ომის დროს ჩადენილ დანშაულებზე პასუხისმგებელი პირები  გამოკვეთოს.

,,ერთობლივ ანგარიშში ასახულია 2008 წლის კონფლიქტით დაზრალებულების მდგომარეობა 10 წლის შემდეგ, ამ ანგარიშს ყავს ორი ადრესატი, მათ შორის ერთ-ერთია საქართველოს ხელისუფლება. მათ მიმართ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ  კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, რათა მათ შეუქმნას  ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ჩვენი რეკომენდაციის მეორე ადრესატი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც უნდა დააჩქაროს და პრიორიტეტი მიანიჭოს 2008 წელს საქართველოში ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) პრეზიდენტმა დიმიტრის ქრისტოპულოსმა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ერთობლივი ანგარიშით ხაზი გაესვა  ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების საკითხს, რომელსაც კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა და ომის მსხვერპლები დამნაშვეების დასჯის მოლოდინში არიან. 

„2016 და 2017 წელს, ერთობლივი მისიის ფარგლებში, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ვხდებოდით. გამოვკითხეთ მოსახლეობა, რომელიც, ჯერ კიდევ, მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. 2008 წლის ომის მსხვერპლების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ერთობლივი ანგარიშის მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კვლავ დავაყენოთ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების საკითხი. გვინდა შევახსენოთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს, რომ ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლები კვლავ მძიმე სოციალურ-ფიქოლოგიურ პირობებში იმყოფებიან და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას, და რაც შეიძლება მალე დადგეს გამოძიების შედეგი. მისასალმებელია, რომ სასამართლომ აფრიკის ქვეყნების შემდეგ, პირველად ევროპაში, სწორედ საქართველოში დაიწყო გამოძიება და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ევროპაში მომხდარი ომის დანაშაულებს იძიებს”, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო ტლაშაძემ.

რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და ამის გათვალისწინებით, არ თანამშრომლობს მასთან.მიუხედავად ამისა, ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო და საქართველოს დედაქალაქში ადგილობრივი ოფისიც გახსნა, რადგან ომის დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა.

საერთაშორისო სასამართლოს ოფისის თბილისში გახსნა იმედის მომცემია ომის დროს ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ გამოძიების მიმართ ნდობა დაუბრუნდათ.

2016 წლის 27 იანვარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება 2008 წელს საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტზე. ეს იყო სასამართლოს პირველი არააფრიკული კონფლიქტის გამოძიება. სერიოზული ომის დანაშაულები და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ეროვნულ დონეზე საფუძვლიანი გამოძიების არარსებობასთან ერთად, გახდა საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ პროკურატურისთვის მიეცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში. 

ახალი ამბები