კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და საგანგაშო სტატისტიკა

22 თებერვალი, 2018
 
ლანა გიორგიძე 
 
„თბილისში აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყების პრესსამსახური არ საუბრობს“.

„საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. ცოლ-ქმარს შვილები დარჩა“. 

ბოლნისის სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 1989 წელს დაბადებულმა კაცმა 24 წლის მეუღლე დანით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლის ტელეფონში, ღამით,  მოკლე ტექსტური შეტყობინება ნახა, რაც, სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზი გახდა.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ქალის მკვლელობის 22 ფაქტი მოხდა, საიდანაც 13 იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში მომხდარი დანაშაული. სახალხო დამცველის აპარატი არ გამორიცხავს, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც, მკვლელობები გენდერული ნიშნით ყოფილიყო მოტივირებული.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე „ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მკვლელობის შემთხვევების გარდა, საკმაოდ მაღალია მკვლელობის მცდელობების რიცხვიც. სახალხო დამცველის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ასეთი 11 შემთხვევა დაფიქსირდა, სიდანაც 8 მათგანი ოჯახში ძალადობის პირობებში მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ქალის მიმართ ძალადობა ქმედებების ფართო სპექტრს მოიცავს - დაწყებული სიტყვიერი შევიწროებით და ემოციური ძალადობის სხვა ფორმებით, დამთავრებული ყოველდღიური ფიზიკური ან სექსუალური ძალადობით. აღნიშნულ ქმედებებს კი ბოლოს მივყავართ ქალთა მკვლელობამდე, ანუ ფემიციდამდე. ტერმინი ფემიციდი გულისხმობს ქალის განზრახ მკვლელობას, იმის გამო, რომ იგი ქალია. 

ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მომზადებული პუბლიკაციის - „ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“ - თანახმად, ყოველწლიურად ევროპაში 3 500 ადამიანის სიკვდილი უკავშირდება ინტიმურ-პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც დღეში 9 გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 9 გარდაცვლილიდან 7 ქალია. 

იმის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებული არ არის ფემიციდი,  სახალხო დამცველის ოფისში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია - განიმარტოს. ამგვარად მოხდება ქვეყნის მხრიდან დანაშაულის მნიშვნელობის აღიარება და კვალიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, ფემიციდის შემთხვევების, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის განხილვა.

2016 წლის 3 მაისს პარლამენტს ინიციატივით რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა მომხდარიყო ფემიციდის განმარტება. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დამატებოდა 108 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ფემიციდი, რომელიც არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე. აღნიშნული კანონპროექტი ამავე წლის 10 ივნისს ორი ხმით ჩავარდა. მას მხარი დაუჭირა 48 დეპუტატმა, ერთმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, როცა დასამტკიცებლად საჭირო იყო 50 ხმა. პარლამენტს ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით „რესპუბლიკელებმა” 2017 წლის იანვარშიც მიმართეს.  ცვლილებები ასევე მოიცავდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსში განმარტებული უნდა იყოს ფემიციდი, თანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„ფემიციდს, როგორც დანაშაულს, არ ცნობს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ყველა მკვლელობა არ ნიშნავს ფემიციდს. აუცილებელია, რომ იდენტიფიცირებული იყოს გენდერული ნიშანი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობის დამძიმება ხდება სასჯელის ნაწილში არის -  53-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მკვლელობა დისკრიმინაციული ნიშნით არის მომხდარი, მაშინ უნდა დამძიმდეს სასჯელი. 53-ე პრიმა მუხლს ითვალისწინებს მოსამართლე,  თუმცა იგი პასუხისმგებლობას ვერ დაამძიმებს საკუთარი ინიციატივით, თუ პროკურორმა არ მიუთითა, რომ მკვლელობა ჩადენილია გენდერული ნიშნით. თუმცა, გენდერული ნიშნის მითითება საერთოდ ავიწყდებათ პროკურორებს და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა თუ არის, როდესაც აღნიშნული განისაზღვრა. შესაბამისად, სასამართლოც არ იყენებს მუხლს და გამოძიების ეტაპზეც უჭირთ ამ ნიშნის იდენტიფიცირება და არ იციან, როგორ უნდა წაიყვანონ გამოძიება იმ კუთხით, რომ გამოიკვეთოს გენდერული ნიშანი. ამის გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებებში  არ ხდება გენდერული ნიშნის განსაზღვრა და მხოლოდ განისაზღვრება ოჯახური ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, რაც ცალკე დამამძიმებელი გარემოებაა და ამით შემოიფარგლება გამოძიება და აღარ ადგენენ გენდერულ ნიშანს. თუ განისაზღვრება გენდერული ნიშანი, ეს უფრო ფართო განსაზღვრებაა, რადგან ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეიძლება, ნებისმიერი პირის მიერ იყოს ჩადენილი, ოჯახური ნიშანი კი ამასთან შედარებით უფრო ვიწროა და მხოლოდ ოჯახის წევრებს გულისხმობს“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, ანა თავხელიძემ.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 

2018 წლის 23 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.

„ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ამ დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩუმი განგაშის გაგზავნა და ოპერატორთან დაკავშირება. შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით. აღნიშნული აპლიკაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს და არამარტო, დაეხმარება დაუყოვნებლივ შეატყობინოს ოპერატორს შესაძლო მოძალადის შესახებ ინფორმაცია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის, ანა თავხელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი დეპარტამენტი საზოგადოებას ჰპირდება, რომ რეფორმებს გაატარებს და იზრუნებს გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე: „შესაბამისად, არასამთავრობოებს მოლიდინი გვაქვს, რომ სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ“. 

კომპეტენციის პრობლემა თუ სამსახურეობრივი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება?

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ცვლილებებს ძალადობის პრევენციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, საყურადღებოა თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოებაში ფემიციდის რამდენიმე საქმე აქვს, თუმცა გამოვყოფდი ორ საქმეს, რომელთაგან ერთ-ერთი მოხდა 2016 წელს, მეორე კი - 2017 წელს. პირველ შემთხვევაში პოლიციელებმა არ მიიღეს სათანადო ზომები და გულგრილად გამოიყენეს სამსახურეობრივი მოვალეობა. 20 წლის გოგონა არასრულწლოვანი ძმის თვალწინ ქმარმა მოკლა, მკვლელობამდე გოგონას არაერთხელ ჰქონდა მიმართული პოლიციისადმი, რომ მეუღლე ემუქრებოდა, თუმცა პოლიციამ მხოლოდ გაფრთხილება მისცა მას და შემაკავებელი ორდერი არ გამოუწერა. საქმეზე გამოძიება დღემდე ჭიანურდება. ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიციელების დასჯას, რომელთაც მიმართა მსხვერპლმა და მათ არაკეთილსინდისიერად შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 4 შვილის დედა სადენით გაგუდა ყოფილმა მეუღლემ და ამ შემთხვევაშიც პოლიციამ გულგრილობა გამოიჩინა და არაკეთილსინდისიერად შეასრულა სამსახურეობრივი მოვალეობა. ერთ დღეში 12 -ჯერ ჰქონდა მსხვერპლს მიმართული პოლიციისთვის, რომ ყოფილი მეუღლე მას ემუქრებოდა, მან ცოლ-შვილის დაწვაც კი სცადა. პოლიციას არანაირი ღონისძიება არ გაუტარებია, რასაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თამარ ავალიანმა.
 
თამარ ავალიანის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა, მისი თქმით, კვლავ პრობლემაა შემაკავებელი ორდერების გამოცემა და პოლიციელები კვლავ შემოიფარგლებიან მოძალადისთვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ მიიჩნევს, რომ ფემიციდის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ფემიციდის, ისევე როგორც სხვა გენდერულად მოტივირებული დანაშაულებების სიღრმისეულად შესწავლა და ანალიზი. 

„როგორც წესი, გენდერულ ძალადობას სჩადიან ინდივიდები და არა სახელმწიფო. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ერთ-ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ქვეყნის სამართლებრივი სისტემა ქალსა და კაცს შორის ძალადობას მიიჩნევს არა დანაშაულად, არამედ ოჯახურ დავად, რომელიც უნდა მოგვარდეს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად არაერთმა საერთაშორისო ინსტრუმენტმა დაადგინა, რომ ქალის მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა არ არის ყოველთვის სახელმწიფოს შიდა საქმე და შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. საერთაშორისო სამართალი კი უფრო მეტად და მეტად აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ჩაერიოს და განახორციელოს ქალზე ძალადობის პრევენცია, გამოიძიოს და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს მსგავს შემთხვევებზე და შეიმუშაოს პროცედურული ზომები, მათ შორის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და სტერეოტიპების საპასუხოდ, რათა სათანადოდ დაიცვან ძალადობის მსხვერპლები“, - ნათქვამია „საფარის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში - „ფემიციდი - დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოაცხადოს ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“ და აწარმოოს შესაბამისი კამპანია, ასევე - შეისწავლონ ქალის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობები გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და დაადგინონ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი; დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა, რათა შეუფერხებლად და სწრაფად მოხდეს ტერიტორიულ დანაყოფებსა და სხვადასხვა სტრუქტურას შორის ინფორმაციის გაცვლა, განსაკუთრებით მოძალადის კრიმინალურ წარსულზე, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ისტორიაზე, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ისტორიაზე და ა.შ.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით კი, აუცილებელია, რომ ოჯახში ძალადობისა და ქალთა ძალადობის შემთხვევების დროს, ზედამხედველობა გაეწიოს პოლიციელთა და პროკურორთა მიერ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების კეთილსინდისიერად და სათანადოდ შესრულებას; პოლიციის განყოფილებების უბნის ინსპექტორებმა შესაბამის საზედამხედველო უბნებში რეგულარული შეხვედრები გამართონ მოსახლეობასთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით და ა.შ. გარდა ამისა, ანგარიშში - „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, 2017“ ადამიანის უფლებათა ცენტრი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში და ცალკე დანაშაულის სახედ განისაზღვროს ფემიციდი.

გარდა ზემოხსენებული რეკომენდაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს, შეიმუშაოს უკეთესი საკანონმდებლო სისტემა, რათა მსხვერპლი და მისი ოჯახი უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი დაცვის საშუალებებით. 

სტატია მომზადდა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.

ახალი ამბები