კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება ავარიულ კორპუსში - რას ითხოვენ სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულები

23 თებერვალი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

„ყოველდღიურად კორპუსის ჩამონგრევის შიში გვაქვს. არავინ ყურადღებას აღარ გვაქცევს. რა ვქნათ?!“, - ამბობენ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსის მცხოვრებნი. ისინი დღემდე, შენობის მდგრადობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებნი, ჩვენთაბ საუბრისაას, აცხადებენ, რომ კორპუსში 2017 წლის 17 დეკემბერს შეასახლეს. მათი თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ კორპუსში მომატებულია ბზარები და შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

„შემოსახლებამდე გვითხრეს, რომ ჩვენს კორპუსს არაფერი სჭირდა. მას შემდეგ ახალი ბზარები გაჩნდა, სადაც იყო ბზარები, იქ მოიმატა. გამგებელმა თქვა, რომ კარგია საცხოვრებლად და არ არის საჭირო საძირკველი გამოვიძიოთო.  აფეთქებების შემდეგ ბზარები მომატებულია. მთელ კორპუსს ეს პრობლემა აქვს. სამხარაულის დასკვნას ვითხოვდით. როგორც იქნა მოვიდნენ სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლები. თუმცა, მათ მხოლოდ დაათვალიერეს და ფოტოები გადაიღეს. დასკვნა ჯერ არ მოუციათ“, - გვითხრა თამუნა მუკათარიძემ.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები, მარიამ ბერიძე ამბობს, რომ შენობა მიწისძვრის ბიძგებს ვერ გაუძლებს, რადგან სპეცოპერაციის შემდეგ კორპუსი საგრძნობლად დაზარალდა.

„ყოველთვის ვითხოვდით დასკვნას, რომ კორპუსში შესახლებით ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. დღემდე გაოცებულები ვართ, რატომ ვენდეთ სიტყვაზე, რადგან ამ დრომდე ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. რომ შემოვედით, დიდი ბზარები აღმოვაჩინეთ. პირველი სართულიდან მეცხრე სართულამდე არის მთელ კორპუსზე ბზარები. ვიზუალურად დაათვალიერეს და ფოტოები გადაიღეს. ვცხოვრობ მერვე სართულზე, ჩემ გვერდით მეზობლებს შორის არის გარეთა ფასადის ბეტონის კონსტრუქცია, რომელზეც არის გამჭოლი ბზარი. ახლა ეს ბზარი კიდევ უფრო გაღრმავდა. მეშინია, ეს კედელი არ გადაწვეს. ასეთივე ბზარი არის მერვე სართულზე წინა მხარესაც. განსაკუთრებით საშიში რაც იყო ვიზუალურად შეაკეთეს, წებო წაუსვეს და მხოლოდ ერთი მხარე ამოლესეს. მიწისძვრის ძალიან გვეშინია, კორპუსმა შეიძლება, მიწისძვრის ბიძგებს ვერ გაუძლოს. ღამე არ გვძინავს, ბავშვების გამოც გვეშინია. სპეცოპერაციის შემდეგ ბზარები საგრძნობლად არის მომატებული. დარტყმები განსაკუთრებით ერთ და ოროთახიანებზე აისახა. პირადად ჩემი ფანჯარა დეფორმირებულია“, - აცხადებს მარიამ ბერაძე.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრები დაზარალებულების უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი, იცავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს საძირკვლის კვლევა და დადგინდეს, თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება.

„კორპუსში რამდნიმე სართული საცხოვრებლად სრულიად უვარგისია. ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ არსებობს. შენობას მინიჭებული აქვს მესამე ხარისხის დაზიანება, რაც ნიშნავს იმას, რომ არის მცირედი ნგრევა და ბზარები. ექსპერტიზით საძირკვლის კვლევა უნდა ჩატარებულიყო და დადგენილიყო, რამდენად უსაფრთხო იყო კორპუსში ცხოვრება. დღეს ისინი ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. იყო შემთხვევები, რომ ქვები ცვიოდა კორპუსიდან. ბავშვებს ვერ უშვებენ გარეთ“, - აცხადებს თამარ ავალიანი.

მოსახლეობა დაზარალებულის სტატუსს ითხოვს: „ვითხოვთ, შემოწმდეს კორპუსი, ბზარებმა მოიმატა თუ არა და რამდენად საშიშია საცხოვრებლად. კარგად შეისწავლონ, დასკვნა მოგვიტანონ, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენს უსაფრთხოებაზე. კორპუსის გამაგრებას ვითხოვთ. ასევე სეისმოლოგების კვლევას, რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს“, - ამბობენ მაცხოვრებლები.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. სპეცოპერაცია, დაახლოებით, 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფეთქებების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მერიაში აცხადებდნენ, რომ დაზიანებული კორპუსის მდგრადობას თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლები სწავლობდნენ, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობას, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით, წერილობითი დასკვნა არ ჩაბარებია.

ახალი ამბები