14:40, Friday, 21.09.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ცხედრის გადმოცემას ითხოვს

27.02.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მაუწყებელმა ტელეკომპანიამ - “ირ“, სპეციალური საინფორმაციო გამოშვებით, საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ.

დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს „გენოციდში ბრალდების მუხლით" დააკავეს, რის შემდეგაც ის დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც  ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინეს.  

„ეჭვმიტანილმა დუმილის უფლება გამოიყენა და კითხვებზე პასუხების გაცემაზე თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე უარი თქვა, თუმცა მათი თანდასწრებითაც კი არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ამის შემდეგ მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა პროცესის დროს ის შეეცადა დაცვის ერთ–ერთი წევრისთვის იარაღი წაერთვა. აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა." – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ, გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება   გულის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია.
  
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო მთავრობის საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ  გარდაცვლილის ოჯახის წევრები, რომლებიც აცახდებენ, რომ არჩილ ტეტუნაშვილი მოკლეს.

,,არჩილი არის ნაცემი, ნაწამები და ცემაშია მოკლული. კვალის დაფარვის მიზნით  ავრცელებენ ამ ინფორმაციებს", – აცხადებს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრი. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრების მსგავსად გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 

„დაუყოვნებლად დადგინდეს გარდაცვალების გარემოებები და შესაბამისი რეაგირება მიეცეს ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმს", - აცხადებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ცხინვალის დეფაქტო მთავრობა გამოძიების პროცესში საქართველოს საგამოძიებო უწყების ჩართვის წინააღმდეგი წავიდა. მათ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების შეშვებაზე განაცხადეს თანხმობა.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, 26 თებერვალს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და ცხინვალში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის: ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის პასპორტების დაბრუნების შესახებ. აღნიშნული პირები ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

როგორც სუს–ის ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხდა, ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერცერთ საკითხზე ვერ მიიღო. 

“ცხედრის გადმოსვენებაზე დეფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა, ამის მიზეზად დაასახელეს, რომ, თითქოს, ცხედართან დაკავშირებით რუსეთის საექსპერტო ბიუროს დასკვნას ელოდებიან. ჩვენს შეთავაზებაზე, რომ ცხედარი გადმოეცათ ოჯახისთვის და  დასკვნა  მოგვიანებით მივიღოთ, მათ განაცხადეს, რომ დაუკავშირდებიან რუსეთის შესაბამის სამსახურებს", – აცხადებს ქემოკლიძე.

კახაბერ ქემოკლიძე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გაიზარდოს წნეხი, რათა დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს.

ერგნეთში გამართული არაგეგმური შეხვედრა ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა უკომენტაროდ დატოვეს, თუმცა, მოგვიანებით,  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს. ჯიოევი ტატუნაშვილის ახლობლებსა და ოჯახს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ მისი სიკვდილი ტრაგედიაა, მიუხედავად გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ კითხვებისა, რომლებიც გააჩნია „სამხრეთ ოსეთის" სამართლადამცავ ორგანოებს.

„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა. როგორც უკვე ცნობილია, მისი სიკვდილი გამოიწვია გულის უკმარისობამ, ეს დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისათის, რომ ჩვენი დასკვნა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, მასალები გადავუგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტს", - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, გარდაცვლილის სხეული, ექსპერტიზის შედეგების ასლებთან ერთად, რომლებსაც მიიღებენ უახლოეს პერიოდში, საქართველოს გადაეცემა. ჯიოევის განცხადებით, ყველა მხარემ დღეისთვის უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს ცხინვალსა და საქართველოს შორის ურთიერთობა. მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე შაბათს გათავისუფლდება.

„შაბათს ისინი გათავისუფლდნენ და, ამ დროისთვის, საკუთარ სახლებში იმყოფებიან ლენინგორში, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს მათთან კითხვები აქვთ, ისინი, დროებით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ ქართულ მხარეს გადავცემთ", -ამბობს ჯიოევი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ერგნეთის შეხვედრაზე უარის მიღების შემდეგ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ახალგორის მონაკვეთზე, ცენტრალური მაგისტრალის ორივე მონაკვეთი გადაკეტეს. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების თქმით,  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა  და შესაბამისმა უწყებებმა არასათანადო ყურდღება გამოიჩინეს,  რის გამოც მიმართეს პროტესტის ფორმას და გარდაცვლილის გადმოსვენებას  მოითხოვენ.

,,აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს", - ეს განცხადება აქციაზე მისულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

ვიდრე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზი დადგინდება, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები არც იმ ბრალდებას ეთანხმებიან, რომელის მიხედვითაც,  დეფაქტო მთავრობის ძალოვანმა უწყებებმა  არჩილ ტეტუნაშვილი დააკავეს.  არჩილ ტატუნაშვილს ოსი ხალხის გენოციდში ადანაშაულებდნენ.  


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC