15:18, Friday, 21.09.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი - ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს

08.03.2018

 
ნათია გოგოლაშვილი

მსჯავრდებული ქ. ხ. ორ წელზე მეტია, ქალთა №5 დაწესებულებაში სასჯელს იხდის. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - 25-ე მუხლებით ედება, რაც ყაჩაღობაში დახმარების გაწევას გულისხმობს. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას უკვე წელიწადზე მეტია, სააპელაციო სასამართლოში ცდილობს. 

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ ქ. ხ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. ეკა ქობესაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე სხდომა ჩატარდა: „იმ ეტაპამდეც ვერ მივედით, რომ  შესავალი სიტყვები თქმულიყო. სულ რამდენიმე პროცესი იყო ამ საქმის დასრულებისთვის საჭირო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა არაგონივრულად ჭიანურდება. ჩვენთვის უცნობია საქმის გაჭიანურების მიზეზი. როგორც სასამართლოში განგვიმარტეს,  დროის არ ქონის გამო გაჭიანურდა საქმის განხილვა“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

იურისტის განცხადებით, გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად და ხარვეზებით წარიმართა. ქობესაშვილის თქმით, გამოძიებიდან ჩანს, რომ ჭეშმარიტების დადგენა სამართალდამცავთა მიზანი არ ყოფილა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო ხარვეზით ჩატარებულ გამოძიებას დაეყრდნო.

„ქ. ხ.-ს და, მასთან ერთად, დაკავებულ პირებს სამართალდამცავებმა, დაკავებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ახალციხის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება არის დაწყებული იმ გამომძიებელთა მიმართ, ვინც ქ.ხ.-სა და საქმეში არსებული სხვა მსჯავრდებულების წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება აწარმოეს.“,  - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

საქმეში, ქ.ხ.სთან ერთად, მსჯავდებულია კიდევ ოთხი პირი. აქედან მხოლოდ ერთმა მსჯავრდებულმა, ი.გ.-მ აღიარა დანაშაული (რომელთანაც პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, საკმაოდ შეღავათიანი პირობებით). დანარჩენი მსჯავრდებულები ბრალს არ აღიარებენ და, ქ.ხ.-ს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას.
 
„საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარა მხოლოდ ის მსჯავრდებული, რომელმაც აღიარა დანაშაული, გამოძიებას მიუთითა არარსებულ ფაქტებზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ გამოძიების ეტაპზე მსჯავრდებულ ი.გ.-ს არ ჰქონდა აღიარებითი ჩვენება მიცემული, ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ გამოარჩიეს სამართალდამცავებმა მსჯავრდებული ი.გ. მაშინ, როდესაც სხვა მსჯავრდებულებს, ბრალის აღიარების მიზნით, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას?!“, - თქვა ეკა ქობესაშვილმა.

რას ამბობს გამოძიება - რა მოხდა 2016 წლის 13 იანვარს?

2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 19:30 საათზე ქ. ნინოწმინდის ჩარენცის ქუჩა №17ში მდებარე ბ.ს.-ს საცხოვრებელ სახლში, დაყაჩაღების მიზნით, 5 პირი შეიჭრა. საქმის მასალების მიხედვით, ქ.ხ.-მ სახლის მეპატრონეს მოტყუებით გააღებინა სახლის კარი. შემთხვევის დროს ბ.ს.-ს (სახლის მეპატრონე) დედა ყაჩაღებს შეეწინააღმდეგა, რის გამოც ერთ-ერთმა დამნაშავემ დაუწყო ცემა და, დანის გამოყენებით, მოკლა ქალი. თუმცა, მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ყაჩაღობაში მონაწილე პირები გაამართლა. გამოძიების მტკიცებით, მსჯავრდებული ქ.ხ. შეირჩა სპეციალურად, რადგან: ქ.ხ. იყო სოფელ ტყემლანადან და არ იცნობდა ნინოწმინდაში მცხოვრებ ოჯახს, ამასთან, იგი იყო ქალბატონი და, ნდობის თვალსაზრისით, ოჯახის დიასახლისი ქალს უფრო მარტივად გაუღებდა კარს.

სასამართლომ ქ.ხ. დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი 2016 წლის 4 ოქტომბრით თარიღდება.

რომელი მტკიცებულებების საფუძველზე სცნო ქ.ხ. დამნაშავედ სასამართლომ?

სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ ორ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოიტანა, ესენია: 1. ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ი.გ.-ს აღიარებითი ჩვენება და დაზარალებულის მიერ ქ.ხ.-ს ამოცნობა.

სასამართლო ეყრდნობა ერთ-ერთი მოწმის ჩვენებას, რომელიც ამ ყაჩაღობაში მონაწილეობდა და ამავე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ეს პიროვნება ჩვენ მიერ ზემოთ აღნიშნული ი.გ. არის, რომელმაც პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს პირი არაერთგზის ნასამართლევია. მის მიმართ წარსულში,  ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი.

„წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, აღნიშნული პირის მიერ გაკეთებული განცხადება საფუძვლად დაედოს, მტკიცებულების სახით, გამამტყუნებელ განაჩენს, მაშინ, როდესაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა მსჯავრდებული ქ. ხ. ვერ იცნო და დარბაზში  მჯდომ სხვა ქალბატონზე მიუთითა.

„დაზარალებული ე.ს.-ს ჩვენება არასრულყოფილად და ხარვეზით არის მითითებული განაჩენში. დაზარალებულმა ერთ-ერთ პროცესზე დაადასტურა, რომ მის  დაყაჩაღებაში ბრალდებული ქალბატონი იჯდა დარბაზში. მან მიუთითა სხვა ადამიანზე, რომელიც წამოაყენა ფეხზე, დაათვალიერა და განაცხადა, რომ ეს იყო ის პირი, რომელმაც მას კარი გააღებინა და თუ არ იყო ეს ის ქალბატონი, მისი ტყუპისცალი მაინც იქნებოდა“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

გამოძიების მიმდინარეობისას, დარღვევით ჩატარდა დაზარალებულების მხრიდან ყაჩაღობაში დამნაშავე პირების ამოცნობის პროცედურაც. სასამართლო პროცესებამდე, 2016 წლის იანვრის თვეში, დაზარალაბულები მიიყვანეს პოლიციის შენობაში და აჩვენეს დანაშაულში სავარაუდო მონაწილეთა ფოტოები, მათ შორის ქ.ხ.-ს ფოტოც. შესაბამისად, მათ ამოცნობის პროცედურამდე ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, თუ ვინ უნდა ამოეცნოთ.

ქ.ხ.-ს ამოცნობის პროცედურის დროს, დაფიქსირდა სხვა დარღვევებიც. დაზარალებულს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ყაჩაღობაში მონაწილე ქალბატონი ეროვნებით ქართველი იყო, ამოცნობისას კი მხოლოდ ქ.ხ. იყო ეროვნებით ქართველი. ამასთან, ქ.ხ.-ს ფიზიკური და ვიზუალური მონაცემები სხვა ამოსაცნობ პირთა მონაცემებს არ ემთხვეოდა. ასევე, აღსანიაშნავია, რომ, ქ.ხ.-სთან ერთად, ამოსაცნობ პირთა შორის მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ იგი იყო დაზარალებულის თანასოფლელი და იცნობდა დაზარალებულს და დაზარალებულიც იცნობდა მას. 

ჩვენებები, რომლებიც სასამართლომ, განაჩენის გამოტანისას, მხედველობაში არ მიიღო

სასამართლოზე რამდენიმე მოწმემ დააადასტურა, რომ, დანაშაულის ჩადენის დროს, ქ.ხ. არა დანაშაულის ადგილას (ნინოწმინდაში), არამედ სოფელ ტყემლანაში იმყოფებოდა. 

მოწმე №1
მოწმე ა. შ.-ს ჩვენება განაჩენში არ არის მითითებული, თუმცა, იგი ადასტურებდა, რომ:
ქ. ხ.-ს სახლი გაიჩხრიკა 2016 წლის 16 იანვარს საღამოს და არა დილით. ქ. ხ.  დააკავეს დილით, საღამოს კი მიიყვანეს სახლში და ჩხრეკა ჩაატარეს.
2016 წლის 13 იანვარს, როცა ყაჩაღობის ფაქტი მოხდა, ქ. ხ., მასთან და დ. შ.-სთან ერთად, თავის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში.

მოწმე №2
განაჩენში ასევე არ არის მითითებული დ.შ.-ს ჩვენებაც, მისი თქმით: 
დაკავებისას და მის შემდგომაც, პოლიციელების მხრიდან, ბრალდებულის მისამართით, ადგილი ჰქონდა ცემასა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
2016 წლის 13 იანვარს მსჯავრდებული ქ. ხ., მასთან და ა. შ.-სთან ერთად, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში.
არც ყაჩაღობაზე და არც რაიმე დანაშაულზე სახლში საუბარი არ ყოფილა, არც 2016 წლის 13 იანვრამდე და არც მის შემდეგ, მათ დაკავებამდე.

მოწმე №3
სასამართლო პროცესზე დაიკითხა მსჯავრდებულის მეუღლე გ. შ.  არც მისი ჩვენება არ არის განაჩენის გამოტანისას გათვალისწინებული. იგი მიუთითებდა, რომ:
პოლიციელების მხრიდან მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ზეწოლა. სწორედ, ზეწოლის შედეგად, ჩამოართვეს შვილს პირველი ჩვენება. ამ ფაქტის გამო, საჩივრითაც მიმართეს მთავარ პროკურატურას და დაკითხვა მხოლოდ სასამართლოზე მოითხოვეს.

მისი მეუღლის, ქ. ხ.-ს დაკავებისას და მის შემდგომაც, სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცემისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს. ამასთან, მან თავად ნახა მეუღლე, რომელსაც თითი ჰქონდა დაზიანებული.

სასამართლო პროცესზე წარადგინეს სასამართლო სამედიცინო დასკვნა, რაც სასამართლომ განაჩენში არ მიუთითა. დასკვნის თანახმად, ქ. ხ.-ს სხეულზე ჰქონდა დაზიანებები, რაც სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს მიეკუთვნებოდა.

მოწმე №4
განაჩენში არ არის გათვალისწინებული მოწმე მ. თ.-ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის დროს მსჯავრდებული ქ.ხ. სოფელ ტყემლანაში იმყოფებოდა. მ. თ.-ს თქმით, მსჯავრდებული 2016 წლის 13 იანვარს მასთან სახლში უნდა მისულიყო. მართალია, შეხდევრა ვერ შედგა, თუმცა მსჯავრდებული ნამდვილად სოფელ ტყემლანაში იმყოფებოდა, ამას 13 იანვარს 18:00 საათზე მ.თ.-ს მიერ ქ.ხ.-ს მისამართით განხორციელებული სატელეფონო ზარიც მოწმობს. ტელეფონზე მსჯავრდებულმა მ.თ-ს დაუდასტურა, რომ ის ტყემლანაში იმყოფებოდა.

„ნათელია, რომ ქ. ხ.-ს საქმის განხილვისას სასამართლომ მთლიანად დაარღვია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები, დაარღვია სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, შეჯიბრებითობის პრინციპები.  დარღვევებით წარიმართა ამოცნობის პროცედურა. სასამართლომ კონფლიქტში მყოფი პოლიციელების ჩვენებები პირდაპირ მტკიცებულებებად მიიღო“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი. 

იურისტის განცხადებით, აუცილებელია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად, ეფექტურად და ობიექტურად წარიმართოს. აღსანიაშნავია, რომ დაკავებამდე მსჯავრდებული ქ.ხ. იყო საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა და სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე. 
 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC