ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლების პროფესიული საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, 2018 წლის ბიუჯეტიდან 13 700 ლარი გამოიყოფა, ამის შესახებ გადაწყვეტილება 9 მარტს გამართულ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
საკითხის კენჭისყრამ სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია. საკრებულოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს და ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანხების გამოყოფა გააპროტესტეს.
„ეს ადამიანები კონკურსის შედეგად აიყვანეს სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს ჰქონდა დაწესებული. მაშინ, მაინტერესებს, რა საჭიროა მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად დამატებითი თანხების გამოყოფა. ,,ქართულმა ოცნებამ" დასაქმების ბიუროდ კი აქცია გორის მუნიციპალიტეტი, მაგრამ თუ ეს ადამიანები კომპეტენტურები არ არიან თავის საქმეში, დააქვეითონ ან გაუშვან და ახალი კონკურსი გამოაცხადონ", - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვასილისა ჯაბახიძემ.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, ხდება სახელფასო თანხის ერთი პროცენტის გამოყოფა საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისთვის.
,,კომპეტენციის ნაკლებობა და არაკვალიფიციურობა აქ არაფერ შუაშია, ეს არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. საკრებულოს და მერიის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში გაივლიან თავისი სპეციალობით კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს",-აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.
ჯამში 43 საჯარო მოხელე გაივლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებს. საკრებულოდან რვა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან, 13 სამსახურის - 35 თანამშრომელი.