კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმიანობასთან დაკავშირებით

16 მარტი, 2018
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში კლინიკა „ლანცეტის“ ყოფილი დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-მა. 

ფარმან ჯეირანლი, მისი ადვოკატი და მეგობრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა და მისი დაპატიმრება გადაწყდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ფარული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში. საილუსტრაციოდ ჟურნალისტები  ხშირად პარალელს ავლებენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის,  აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებისა და დაპატიმრების საქმესთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აღძრულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ფარმან ჯეირანლი უდანაშაულოა და მისი პატიმრობა მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული. 

შპს „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ დააკავა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის III ნაწილითა და 247-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის - პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე. ამას წინ უსწრებდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, რითაც კლინიკა „ლანცეტს“ აეკრძალა  ადამიანის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციების გაკეთება. კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, აზერბაიჯანში არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, ფარმან ჯეირანლი იდევნებოდეს აზერბაიჯანის ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს გარემოება მას არ ათავისუფლებს საქართველოში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისგებისგან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლინიკა „ლანცეტში“, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის  შედეგად გარდაცვლილთა - გიორგი ჩუბინიძისა და კარლო კეკელიძის ოჯახების წევრებს. კლინიკაში შეყვანიდან გარდაცვალებამდე პაციენტებისთვის ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონმდებლობის სრული უგულვებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს;  ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია წარმოებულია ისე, რომ არ არის მიღებული „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვლისწინებული ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, რითაც დარღვეულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის  მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ოპერაცია განახორციელეს ექიმებმა, რომელთაც არ გააჩნდათ საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არც ერთ საექიმო საქმიანობაში, რითაც დარღვეულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე 11 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. 

ადამიანების გარდაცვალების მიზეზების კვლევისას, კლინიკა „ლანცეტში“ იმდენად ბევრი დარღვევა და დანაშაული ვლინდება, რომ შეუძლებელია, კლინიკის დირექტორი პასუხისმგებლობას გაექცეს. ამავე დროს, პასუხი უნდა აგონ იმ დროისათვის კლინიკის მართვაში მონაწილე სხვა პასუხისმგებელმა პირებმა და ექიმებმა (მთავარი ექიმის ჩათვლით), რომელთა ქმედებებსა თუ უმოქმედობას შედეგად მოჰყვა პაციენტების სიკვდილი. 

მიუხედავად იმისა, რომ ფარმან ჯეირანლის პირადად არ მიუღია მონაწილეობა უკანონო ოპერაციაში, მას როგორც კლინიკის დირექტორს, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება გამოვლენილ დარღვევებსა თუ დანაშაულებზე. დირექტორი ვალდებული იყო, სრულად მიეღო და გაეანალიზებინა ინფორმაცია თუ რა კვალიფიკაციის მქონე ექიმები ატარებდნენ კლინიკაში ურთულეს ოპერაციებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი არის უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის შექმნის ინიციატორი ორგანიზაცია და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მრავალი წელია, იცავს აზერბაიჯანიდან დევნილ მოქალაქეთა ინტერესებს, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ისე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით, ასევე - საერთაშორისო დონეზე. 

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მხარი დაუჭიროს და დაიცვას აზერბაიჯანიდან დევნილი ნებისმიერი მოქალაქე, თუკი იგი უდანაშაულოა და სახელმწიფო უსაფუძვლოდ არღვევს მის უფლებებს. ფარმან ჯეირანლის შემთხვევაში, ასე არ არის. მისი ბრალეულობა საქმეზე ცალსახად გამოკვეთილია და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური მოტივებით დევნილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები