კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

29 მარტი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპირებული ცხინვალში მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან, ერთი თვის შემდეგ, 24 მარტს, თბილისში, სამხედრო პატივით, დაკრძალეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენასთან ერთად მთავრი მოთხოვნა გარდაცვლილის ცხედრის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენება იყო. 

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა ცხედრის გადმოსვენების კონკრეტულ დროს ვერ ამბობდა,  მიზეზად კი სამედიცინო ექსპერტიზას ასახელებდა. ოფიციალურ თბილისში ეჭვობდნენ, რომ ცხედრის გადმოსვენება განზრახ ჭიანურდებოდა, რათა იმ დაზიანებების იდენტიფიცირება გაძნელებულიყო, რომელმაც ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.

გარდაცვლილის ცხედრის გადმოცემა, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე, 20 მარტს მოხდა. 

20 მარტს ერგნეთის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ცხედრის გადმოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები: სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„ამ ტრაგიკულ ფაქტს აუცილებლად სათანადოდ გამოიძიებენ. ბუნებრივია, ექსპერტიზაც ამ მიზნებს მოემსახურება",- განაცხადა 20 მარტს, ერგნეთში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს  კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი კომენტარები გააკეთეს და განაცხადეს, რომ რეალური გამოძიება საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა უნდა აწარმოონ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი ტატუნაშვილის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

,,რეალური გამოძიება დაწყებულია საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ, თუმცა ეს იყო არასრული რადგან ვერ ხერხდებოდა ექსპერტიზის ჩატარება გარდაცვლილის ცხედარზე და დღეიდან უკვე ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა იქნება. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოძიებას და ექსპერტიზის დასკვნას, საქმის მასალები გადმოეცა ჩვენს ოფიციალურ უწყებებს და გაეცნობიან. კითხვას, რაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხება, პასუხს გასცემს, სწორედ, საქართველოში ჩატარებული გამოძიება", - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.  

„ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა”, – ამის შესახებ განცხადება  შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ერგნეთში გააკეთა.

ტატუნაშვილის ცხედარი საოკუპაციო ხაზთან წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მიასვენეს.  ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. 

„პროკურატურამ“ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, რუსეთის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც გადასცა. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობით, რომელიც მწვავე იშემიით იყო გამოწვეული. გარდა ამისა,  საუბარია იმის შესახებ, რომ    ტატუნაშვილი დაავადებული იყო ღვიძლის ციროზით და ქრონიკული ჰეპატიტით”, - ნათქვამია ცხინვალის ე.წ. „საგამოძიებო უწყების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდაცვლილს სხეულის ქვედა და ზედა კიდურებზე დაზიანებები და ჩალურჯებები აღენიშნება, რაც კვალიფიცირდება ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით.

რუსეთის სასმართლო ექპერტიზის დასკვნას არასრულს უწოდებს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ,,ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი. მისი თქმით, დასკვნაში არ არის ასახული საქმის გარემოება, თუ რა სიტუაციაში მიიღო არჩილ ტატუნაშვილმა დაზიანებები და რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება.

გარდაცვლილის დედის განცხადებით,  მისი შვილი წამებით მოკლეს, ამის დამადასტურებლად კი შვილის ცხედარზე აღმოჩენილ დაზიანებებს ასახელებს.
,,თითები სულ დაჩეჩქვილი ჰქონდა, ლურსმანი ჰქონდა გატარებული, რკინები უჩანდა თითებში. ტყვია ჰქონდა თავის არეში ნასროლი და ყურში ჰქონდა გავლილი", - აღნიშნავს არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილი, ,,იმედის კვირასთან" საუბარში.

20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ერგნეთიდან თბილისში,  ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა შვიდ საათზე მეტ ხანს უტარდებოდა. პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო. ექსპერტიზას ესწრებოდა  „ემპათიის“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, რომელიც ტატუნაშვილის ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებით და სისხლ ჩაქცევებიდან გამომდინარე, ვარაუდობს რომ ტატუნაშვილი აწამეს.

,,დაფიქსირდა მრავლობითი დაზიანებები, თითქმის, მთელი სხეულის მიდამოში, საეჭვო იყო  მოტეხილობა მარჯვენა მტევნის ძვლების", - აღნიშნავს ირაკლი თოიძე.

კონკრეტულად რამ გამოიწვია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ჰქონდა თუ არა მის მიმართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი,  ეს სამხარაულის  ბიუროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება.

 შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის „გენოციდში ბრალდების მუხლით" დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

23 თებერვალს კი ცხინვალში მაუწყებელი ტელეკომპანია ,,ირ"-ი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას იუწყება, გარდაცვალების ვერსიად კი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის  უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოიყვანა.

,,წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილი ბადრაგის ერთ-ერთი წევრისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა და მის აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა", - ნათქვამია ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარია კოტოევამ გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს  ახალი ბრალდება წაუყენა და დივერსიული აქტების დაგეგმვაში დაადანაშაულა. კოტოევას თქმით, დივერსიული აქტები  ,,სამხრეთ ოსეთში" რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იგეგმებოდა, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურებოდა. 

ცხინვალის დე-ფაქტო უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებებს, როგორც ტატუნაშვილის ბრალდების ნაწილში, ისე მისი გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებენ  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნა ყველა კითხვაზე გაცემს პასუხს.

ახალი ამბები