კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს პოტენციალი, შეცვალოს თამაშის წესები რეგიონში

20 აპრილი, 2018
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC)  ერთობლივი პრესრელიზი

ჰააგა, პარიზი, თბილისი. 20 აპრილი, 2018 წელი. 

2018 წლის 10 აპრილიდან 13 აპრილამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები რუსეთიდან შეიკრიბნენ ჰააგაში. მათ მოუწოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, შესაბამისი რესურსები გამოყონ და შეიმუშავონ პროკურატურისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიები საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის - დაპატიმრების ორდერების გამოცემისა და დაზარალებულებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით 10 წლის შემდეგ, დაზარალებულები ჯერ კიდევ განიცდიან ომის მძიმე შედეგებს. ისინი ითხოვენ დამნაშავეების დასჯას, ისევე როგორც ადეკვატურ დახმარებასა და კომპენსაციას.

2016 წლის იანვარში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება. აღნიშნულს წინ უსწრებდა წინასწარი მოკვლევა, რომელიც 7 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. წინასწარი მოკვლევის დასკვნის თანახმად, ეროვნულ დონეზე არ მიმდინარეობდა სათანადო გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, რომელიც, სავარაუდოდ კონფლიქტის შემდეგმა სამმა მხარემ ჩაიდინა - რუსეთის შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალები და საქართველოს შეიარაღებული ძალები - სამხრეთ ოსეთში და მიმდინარე ტერიტორიაზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე. 2018 წლის იანვრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს ადგილობრივი წარმომადგენლობა თბილისში, რომლის მანდატი ძირითადად მოიცავს კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების განხორციელებას დაზარალებულებთან და მათ თემებში.

„გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამართლებრივი დევნის განხორციელებამ უნდა უპასუხოს დაზარალებულთა მოთხოვნას პასუხისმგებელი პირების დასჯის მხრივ, აღნიშნულ პროცესს ასევე ექნება ზეგავლენა საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე დანაშაულებზე, ასევე პრევენციული ეფექტი რეგიონში. ჩვენ მსგავსი მაგალითების მოწმენი ვართ კავკასიის და სხვა რეგიონებში - როცა ერთი და იგივე დამნაშავეები ჩადიან მსგავს დანაშაულებს და აგრძელებენ კრიმინალურ ქმედებებს დაუსჯელად“, - განაცხადა დიმიტრის ქრისტოპულოსმა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სჭირდება სრული მხარდაჭერა სახელმწიფოების მხრიდან, რათა ეფექტურად განახორციელოს აქტივობები. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალების მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობა გამოწვევას წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო და სამართლებრივი დევნის აქტივობების განხორციელების კუთხით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განავითაროს სტრატეგია, რითაც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაძლიოს არათანამშრომლობის პრობლემა იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, მაგრამ არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ამის გარდა, რომის სტატუტის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ სასამართლოსთან სრულად, რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. ასევე, ხაზი უნდა გაესვას, რომ კომპლემენტარულობის პრინციპიდან გამომდინარე, ეროვნული მართლმსაჯულების სისტემებს აქვთ უპირველესი ვალდებულება, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისათვის პასუხისმგებელი პირები. იმ დროს, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ახორციელებს დევნას დანაშაულის ჩადენაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელ პირებზე, მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემებს ეკისრებათ სათანადო გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ვალდებულება შუა და დაბალი რგოლის დამნაშავეების წინააღმდეგ. 

მიუხედავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინტერესისა საქართველოში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში, დაზარალებულებსა და მათ თემებს, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოებას, მათ შორის - სამხრეთ ოსეთში, ნაკლები ცოდნა და ცნობიერება აქვთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, გამოძიების ფარგლებისა და იმ გზების შესახებ, რაც საჭიროა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულთა უსაფრთხოდ და სათანადოდ ჩასართავად.

„დაზარალებულებმა უნდა დაინახონ სამართლის აღსრულების პროცესი. დროა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ეფექტიანად განახორციელოს ცნობიერების ამაღლების აქტივობები, რაც იქნება დაზარალებულებზე ორიენტირებული, რათა გაიზარდოს ცნობიერება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ასევე დაზარალებულთა უფლებების შესახებ სამართალწარმოების ყველა ეტაპზე. ეს ხელს შეუწყობს დაზარალებულების პროცესში ჩართულობას და შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის დირექტორმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა.

დაბოლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებული ნდობის ფონდის რეპარაციებისა და დახმარების მანდატების შესახებ დაზარალებულებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია სათანადოდ, მათ შორის - დაზარალებულებს, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და სახიფათო პირობებში ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს და დევნილთა დასახლებებში. მოვუწოდებთ ნდობის ფონდს, დადებითად შეაფასონ დახმარების პროექტების განხორციელება საქართველოში, ნდობის ფონდის მმართველ საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის მაისში, ჰააგაში. 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები ცხოვრობენ მზარდად მოწყვლად პირობებში, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით.

დამატებითი ინფორმაცია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელდა თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მკვლელობები, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, ეთნიკურ ნიადაგზე დევნა, საკუთრების განადგურება, ძარცვა და სხვ. კონფლიქტის შედეგად, 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ განახორციელა რამდენიმე მისია საქართველოში 2016 და 2017 წლებში, მის წევრ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით და გამოაქვეყნა ანგარიში - „ცხოვრება ზღვარზე: დაზარალებულები დამნაშავეთა პასუხისმგებლობის ძიებაში - 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარე ზეგავლენა დაზარალებულებზე“, - რომლის პრეზენტაცია გაიმართა თბილისსა და გორში, 2018 წლის თებერვალში და ჰააგაში, 2018 წლის აპრილში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია - FIDH
ადამიანის უფლებათა ცენტრი - Human Rights Center (Georgia)

ახალი ამბები