კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალ მსჯავრდებულებს შინაპატიმრობით სარგებლობაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან

28 აპრილი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იურიდიული დახმარების ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად რამდენიმე პრობლემა გამოკვეთეს. ერთ-ერთ პრობლემას ქალი მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლაზე დაუსაბუთებელი უარის თქმა წარმოადგენს, - ამის შესახებ იურისტ-მონიტორები აცხადებენ. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ №5 პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შუამდგომლობით მიმართა ოთხმა მსჯავრდებულმა. ადგილობრივი საბჭოს მიერ ოთხივე მსჯავრდებულს უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან, სრულწლოვანი მსჯავდებულებისთვის დაინერგა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, რომელიც შესაძლებელია, დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებითი სახის სასჯელად. შინაპატიმრობა შეიძლება, გამოყენებულ იქნას ნასამართლობის არმქონე პირის მიმართ 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. თავისუფლების აღკვეთის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან ჯარიმის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება, დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე და ორ წელზე მეტი ვადითაც. შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს შეუძლია, მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით, შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულთათვის მნიშვნელოვანია სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი, შინაპატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, იყოს დასაბუთებული.
„მათთვის ეს უარი იყო დაუსაბუთებელი. პატიმრებში არის დაუსაბუთებლობის განცდა. ამ ეტაპზე ეთქვათ უარი - დასაბუთება, თუ რატომ ეთქვათ უარი, მათ არ მიუღიათ. თუ მსჯავრდებულს ეხება ეს ნორმა და შინაპატიმრობით სარგებლობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რატომ არ უნდა შეეცვალოს პატიმრობის ფორმა?! იმედია, საკითხს კომისია უფრო გულისყურით მოეკიდება. ვფიქრობ, რომ უფრო ლიბერალური მიდგომა უნდა იყოს და ეს სისტემა უნდა დაიხვეწოს. ეს ნორმა რეალურად უნდა ამუშავდეს. მნიშვნელოვანია, მსჯავდებულს შინაპატიმრობაზე უარის თქმის შემთხვევაში, განემარტოს, პასუხის მიზეზი. ეს მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ შემდგომში სხვა მსჯავრდებულებმაც გაითვალისწინონ“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

იურისტის განცხადებით, მსჯავრდებულთა უკმაყოფილებას შინაპატიმრობის გამოყენებისთვის შეთავაზებული პირობებიც იწვევს. 

„შინაპატიმრობის ნორმით სარგებლობის შემთხვევაში, მათ ფულად ანგარიშზე უნდა იდოს 5 ათასი ლარი. ეს არის იმ სამაჯურის ღირებულება, რომელიც მსჯავრდებულს შინაპატიმრობის ვადის გასვლამდე აქვს დამაგრებული. ეს არის ე.წ. საგარანტიო თანხა იმ შემთხვევისთვის, თუ სამაჯური დაზიანდება. თუ სამაჯური არ დაზიანდა, თანხა მსჯავრდებულს რჩება. თუმცა, შინაპატიმრობისას მსჯავრდებული მომსახურების ყოველთვიურ გადასახადს იხდის. სწორედ ეს პირობები აღმოჩნდა მსჯავრდებულთათვის, გარკვეულწილად, მიუღებელი. როდესაც ადამიანს შინაპატიმრობას უსჯი, ეს ადამიანი უნდა იყოს სახლში, შემოსავლის გარეშე და რთულად წარმოსადგენია, რომ ადამიანმა თანხის გადახდა მოახერხოს“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ეკა ქობესაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, კომისიამ  პირველ ეტაპზე ვერ აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება, რომ შინაპატიმრობას მოჰყვეს. მისი შეფასებით, სისტემა ჯერჯერობით გამართული არ არის.

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის, "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს, ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე.

ახალი ამბები