01:59, Friday, 25.05.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ომით დაზარალებულების ფსიქო-სოციალური მდგომარეობა 10 წლის შემდეგ

30.04.2018

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზაციამ ,,გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ომით დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტიდან 7-8 წლის შემდეგ უფრო მეტად იჩენს თავს ფსიქოლოგიური პრობლემები, ვიდრე უშაუალოდ საომარი მოქმედებების დროს. დაზარალებულები აღნიშნავენ, რომ ომი არ არის მხოლოდ ტყვიის გავარდნა და საომარი მოქმედებების ეპიცენტრიდან გაქცევა, ეს არის ომის შემდგომი პერიოდის უიმედობა და ის პრობლემური საკითხები, რომლის დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლიათ. 

ომის შედეგად დაზარალებულების ფსიქო-სოციალურ  მდგომარეობას ომიდან 10 წლის თავზე კვლავ რთულად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისკენ" ხელმძღვანელი ქეთევან ბიძინაშვილი. იგი ამბობს, რომ ომის შედეგად დაზარალებულებს 10 წლის შემდეგ კვლავ ესაჭიროებათ ფსიქო-სოციალური დახმარება. 

,,ეს იკვეთება ომის მსხვერპლებთან შეხვედრების და მათთან საუბრის დროს. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა კვლავ რთულია. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი უიმედობის განცდა, ეს მათ მდგომარეობას ძალზე ამძიმებს, ხელს უშლის ელემენტარული ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში. მუდმივ სტრესში ცხოვრება იწვევს ცვლილებას, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფსიქიკურ  დონეზე. შესაბამისად, ამ ადამიანებთან საუბარში ჩანს, რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი გადასაჭრელი პრობლემა და ამით ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვადასხვა სამინისტრო უნდა დაინტერესდეს", - აცხადებს ქეთევან ბიძინაშვილი.

ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ გორის ოფისის წარმომადგენლის, იამზე გოჩაშვილის განცხადებით, დევნილების ეკონომიკური მდგომარეობა დღეს კვლავ რთულია და მდგომარების შესაცვლელად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური პროგრამები უნდა ამოქმედდეს, რომლებიც დევნილების დასაქმებასა და ეკონომიკურად გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

,,ამ ათმა წელმა ისე გაიფრინა, რომ დევნილები ვერ იტყვიან, რომ რეალურად რაიმე ხელჩასაჭიდი შექმნეს. მეტნაკლებად გაიარეს ადაპტირების პერიოდი. გააანალიზეს, რომ ეს არის მათი საცხოვრებელი გარემო. დევნილობის პირველ წლებში ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, შეიძლება მთლად უკან დაბრუნების მოლოდინი არ ყოფილიყოს, თუმცა ჰქონდათ აღქმა, რომ ეს იყო დროებითი საცხოვრებლები და რაღაც უნდა შეცვლილიყო. როდესაც არაფერი იცვლებოდა, უკვე დაიწყო შეგუების პროცესი, რომ ეს არის ჩემი საკუთრება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ მომიწევს ცხოვრება, რასაც მოჰყვა ბრძოლა გადარჩენისა და განვითარებისთვის. დევნილთა ჩასახლებებში ბაღების გაშენებას, გაფართოების მიზნით, კოტეჯების მოშენება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მისცეს განვითარების შესაძლებლობა: ჩვენმა ორგანიზაციამ ,,აფხაზეთმა“ მათ მისცა უპროცენტო ორწლიანი სესხები, რომლის ფარგლებშიც დევნილების ნაწილმა მსხვილფეხა საქონელი იყიდა, მეორე ნაწილმა კი სოფლის მეურნეობის განვითარებას მოახმარა აღნიშნული თანხა. ვერ გეტყვით, რომ ბევრი რამე შევცვალეთ და დევნილებს დღეს დალხინებული ცხოვრება აქვთ, მაგრამ თავად ჩვენი ბენეფიციარები ამბობენ, თქვენ რომ არ დაგვხმარებოდით, დღეს როგორც ვართ, ამაზე უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდითო", - ამბობს იამზე გოჩაშვილი. მისი თქმით, დევნილობის პირველ წლებში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების  დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში საკმარისი არ აღმოჩნდა და დევნილები კვლავ მძიმე სოციალური პრობლემების პირისპირ არიან. 

„ეკონომიკური მდგომარეობა არის საფუძველი სოციალური პრობლემის, რომლის დასაძლევად უნდა მოხდეს დევნილი ოჯახების  ეკონომიკური გაძლიერება და შემოსავლების ზრდა, რათა არჩინონ ოჯახები. აქ საარსებო მინიმუმზეა ლაპარაკი. დევნილებისთვის  ძირითადი პრობლემა, ისევე  როგორც მთელი მოსახლეობისთვის, არის   უმუშევრობა. ამას ისიც ემატება, რომ  ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში არის ნაკვეთების პრობლემა და შესაბამისად, დევნილები ვერ მისდევენ სოფლის მეურნეობას. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, მცირე ნაწილია დასაქმებული დევნილ მუნიციპალიტეტებში. ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ ახალგაზრდა მამაკაცების ნაწილი. საჯარო სკოლებში  დასაქმებული დევნილი პედაგოგების რიცხვმა, სამწუხაროდ, იკლო, მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკისა, რომლის ფარგლებში, დევნილი პედაგოგების მიმაგრება მოხდა სკოლებში, მაგრამ წლების შემდეგ აღმოჩნდა რომ ამ პოლიტიკამ ვერ იმუშავა და დღეს დევნილი მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული საჯარო სკოლებში. შემოსავლის წყაროს ძიებაში  დევნილების ნაწილი  მისდევს სოფლის მეურნეობას და მათი მცირე ნაწილი არის დასაქმებული გაყიდვების სფეროში. ამის გათვალისწინებით, მათი ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და კვლავ მძიმე  ეკონომიურ მდგომარეობის წინაშე არიან დევნილი ოჯახები", - აღნიშნა იამზე გოჩაშვილმა.

დიდი ლიახვის ხეობიდან, სოფელ ქემერტიდან დევნილი მაკა მოსიაშვილი მეათე წელია, რაც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. დევნილობიდან 10 წლის თავზე  humanrights.ge-თან საუბარს სოციალური მდგომარეობით იწყებს და ამბობს, რომ მნიშვნელოვნად არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. მოსიაშვილის თქმით,   სახელმწიფოს მხრიდან კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათების 2012 წლიდან მოხსნა დევნილებს მძიმე ტვირთად დააწვათ.

,,ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაკლები ყურადღებაა დევნილების მიმართ. კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფოს მხრიდან შეღავათების მოხსნამ გამოიწვია ის, რომ დევნილების ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ, რადგან არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას. რადგან ძირითადი ნაწილი დევნილების დაუსაქმებელია, ძირითადი შემოსავალი დევნილების კომპენსაციაა. თუ რამის გაკეთება შევძელით ეს მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში ჩვენს ეზოში ჭა გავაკეთეთ და ყველა დევნილს ჰქონდა საშუალება რომ ამ დახმარებით ესარგებლა. დღეს, სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან პროექტები შეწყვეტილია და ასევე არც სახელმწიფოს აქვს პროგრამები დევნილების მდგომარების გაუმჯობესებისთვის. არის სახელმწიფო პროგრამები, თუმცა უიმედოდ ვართ განწყობილი, რადგან იქ გამარჯვების ალბათობა ნაკლებია, რადგან კონკურსის სახე აქვს მიცემული და კითხვები გვაქვს ამ პროგრამის შესახებ. ომიდან 10 წელი გადის და ერთადერთი რაც დრომ გვიჩვენა, დევნილობას შევეგუეთ, თუმცა ვერ ვეგუებით მძიმე სოციალურ პრობლემებს და ვცდილობთ, რომ რამე შევცვალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება სახელმწიფოს რეალური პროგრამა, თუნდაც მცირე ბიზნესის დასაწყებად, რაც ხელს შეუწყობს დევნილების ეკონომიური პირობების გაუმჯობესებას", - აცხადებს მაკა მოსიაშვილი.

ომის შედეგად დაზარალებულები საუბრობენ, რომ ვერ მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატოვებული და განადგურებული ქონების შესაბამისი კომპენსაცია. მათი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა კი თანდათან გაუმჯობესების ნაცვლად მძიმდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC