კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფგან მუხთარლის ადვოკატს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ საადვოკატო საქმიანობის უფლება ერთი წლით შეუჩერა

7 მაისი, 2018
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან აფგან მუხთარლის ადვოკატის, ნემატ ქერიმლისათვის აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის მიერ საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების ფაქტს და აღნიშნავენ, რომ ადვოკატის უფლებების შეზღუდვასთან ერთად, ეს აფგან მუხთარლის უფლებების კიდევ ერთი თვალსაჩინო დარღვევაა.

საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატ ნემატ ქერიმლის აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის პირველი მოადგილის საჩივრის საფუძველზე, 2018 წლის 23 აპრილს, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ ერთი წლით საადვოკატო ლიცენზია შეუჩერა.

საადვოკატო საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, მთავარი პროკურორის მოადგილის განმარტებით ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ „აფგან მუხთარლის ადვოკატი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ცდილობდა სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზირებას და შეცდომაში შეყავდა საზოგადოება, ასევე ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა შესაძლო მოწმეებზე, რითაც დაარღვია კანონმდებლობა.“

აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ ნემატ ქერიმლის წინააღმდეგ განიხილა მედიისთვის მიცემული ორი ინტერვიუ. 

პირველ ინტერვიუში ადვოკატი საუბრობს 2017 წლის 30 მაისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების შესახებ. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანში აფგანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შექმნოდა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას არ უნდა გადაეცა იგი აზერბაიჯანისთვის.

მეორე ინტერვიუში ადვოკატი საუბრობდა საპატიმროში აფგანთან შეხვედრის დროს განხორციელებულ თვალთვალსა და მიყურადებაზე, რაც მან გააპროტესტა შემდეგი ფრაზით ,,ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმშიც კი არ ხდებოდა ასეთი აშკარა თვალთვალი და მიყურადება ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კომუნიკაციაზე“.

სწორედ ეს ინტერვიუები გახდა ნემატ ქერამლისთვის საადვოკატო უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების შეფასებით, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება ერთის მხრივ არღვევს და ერევა ნემატ ქერიმლის საადვოკატო საქმიანობაში და უზღუდავს მისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო, მეორეს მხრივ არღვევს აფგან მუხთარლის დაცვის უფლებას, რადგან მას აღარ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მის მიერ შერჩეული ადვოკატის დაცვით. აღნიშნული წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი - დაცვის უფლების პრინციპის დარღვევას.

აფგან მუხთარლის ადვოკატისათვის საადვოკატი საქმიანობის უფლების შეჩერება აზერბაიჯანში, ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ აფგანის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარე სს საქმე არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევა საქართველოსა თუ აზერბაიჯანში სისტემურ ხასიათს ატარეს. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ წარმოადგენს აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი საქართველოში მოქმედ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ესენი არიან:  
  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  3. მედიის ინსტიტუტი
  4. საფარი
  5. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი


ახალი ამბები