02:08, Friday, 25.05.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია

17.05.2018

 ლანა გიორგიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქალ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულების  სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება მოახდინა.

კვლევის მიზანია დაეხმაროს ყველა დაინტერესებულ პირს, აღმოაჩინოს ხარვეზები და პრობლემები, შეაფასოს სახელმწიფოს მოქმედება ქალთა მიერ განხორციელებულ ნარკოტიკულ დანაშაულებზე, გაეცნოს უნივერსალურ და ევროპულ სტანდარტებს, გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება და შეარჩიოს ისეთი მოდელი და მექანიზმი, რომელიც ყველაზე უკეთ უპასუხებს ქართულ სინამდვილეს.

ანგარიშში წარმოდგენილია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ტენდენციები, პატიმრობისა და გირაოს შეფარდების პრაქტიკა და ხარვეზები, ასევე, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მათზე სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმები. ანგარიშში ყურადღება  არის გამახვილებული ჩხრეკისა და ამოღების პრაქტიკაზე, შეფასებულია დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო კონტროლის ეფექტურობა, აგრეთვე, წარმოდგენილია საპროცესო შეთანხმებისა და წინა სასამართლო სხდომაზე გამოვლენილი ხარვეზები და ტენდენციები. რა თქმა უნდა, ანგარიშში ყურადღება ეთმობა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოვლენილ ტენდენციებსაც.

კვლევის შედეგად,   ყველა შესწავლილი განაჩენი, 32 განაჩენი, გამამტყუნებელია, მათგან 87, 5 % -თან მიღწეულია საპროცესო შეთანხმება. კვლევის ავტორის თქმით, ყველა ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესები დასრულდა არსებითი განხილვის გარეშე.

კვლევის ავტორის, ლაზარე ჯიბლაძის თქმით, შესწავლილი გადაწყვეტილებების ანალიზით გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, კერძოდ,  საპროცესო მოქმედება ბრალდებულის ჩხრეკასთან დაკავშირებით.

„ბრალდებულის ჩხრეკის საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას, უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები იღებენ. ჩხრეკა როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ინდივიდის უფლებებთან მტკივნეულად დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედება, მისი ჩატარებისას, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფაქიზეს და საკანონმდებლო დანაწესის ზედმიწევნით ზუსტ შესრულებას.  როგორც პრაქტიკის ანალიზი გვაჩვენებს, ჩხრეკის კანონიერებისათვის საკმარისია მხოლოდ პოლიციის პატაკი, რაც პოლიციის თანამშრომლის წერილობითი შეტყობინებაა მის მიერ ოპერატიული ინფორმაციის ფლობის შესახებ, რომელიც დამოუკიდებლად „დასაბუთებული ვარაუდის" სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩხრეკის მიმდინარეობისას, საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი პოლიციელის დასწრება საკმარისად მიიჩნევა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, დაცვის მხარის მიერ, აღნიშნულის სადავოდ გახდომის შემთხვევაში, რაიმე დარღვევის გამოვლენას. აღნიშნული გარემოება, ზრდის პოლიიციის თვითნებობისა და უკანონო მოქმედებების განხორციელების რისკებს. საკვლევ მასალაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ საქმეში, მსჯავრდებული ქალი აპელირებს, პოლიციელთა მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი აღნიშნულს ვერ გამორიცხავს, რამდენადაც საგამოძიებო მოქმედებები, სწორედ იმ პოლიციელების მიერ იქნა განხორციელებული, რომლებიც ბრალდებულის ბრალდების ობიექტები იყვნენ“, - აღნიშნა ლაზარე ჯიბლაძემ humanrights.ge -სთან საუბრისას.

საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვაც: „პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, იყო თუ არა ჩხრეკის ჩატარება გამოყენებული, როგორც უკიდურესი ღონისძიება, პროპორციული და საფუძვლიანი.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არაერთგვაროვანია მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასჯელის დანიშვნის ნაწილში. 

„ერთი და იმავე მოსამართლემ, საპროცესო შეთანხმების გათვალისწინებით, უფრო  მკაცრი სასჯელი მიუსაჯა ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გამო დაკავებულ პირს, ხოლო უფრო მეტი ოდენობისისთვის დაკავებულ სხვა ბრალდებულს სასჯელის ვადად ზემოხსენებულ პირზე ნაკლები ვადა განესაზღვრა. ეს პრობლება, ძირითადად, ბრალდების მხარის არათანმიმდევრულობით უნდა აიხსნას, რამდენადაც სასჯელის სიმკაცრე არ უნდა იყოს არც სახელმწიფო ბრალდების თვითმიზანი და არც საპროცესო შეთანხმებაში ვაჭრობის ობიექტი, არამედ იგი უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა ერთსა და იმავე დანაშაულზე, თითქმის მსგავსი ოდენობის არსებობისას, სახელმწიფოსგან მომდინარეობდეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში მცირე ოდენობის არარსებობა, რაც მოსამართლის დისკრეციას, სასჯელის დანიშვნის კუთხით, ძალიან აფართოვებს, ეს კი უშუალოდ აისახება მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და სასჯელის ზომაზე, რაც ხშირად არაადეკვატური და არაჰუმანურია“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში. 

შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყება ორი ძირითადი საფუძვლით ხდება: საზღვრის კვეთის დროს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული სავიზო-საპასპორტო კონტროლისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის გამო, სასჯელის დაკისრების ნაცვლად, მკურნალობა-რეაბილიტაციის პრინციპი აქტიურად გამოიყენება, რაც რეალურად შეიძლება, აისახოს ნარკოდანაშაულის სტატისტიკაზე, რამდენადაც სასჯელის მოხდა არ არის განკურნების წინაპირობა, ყოფილი მსჯავრდებულების ციხიდან გამოსვლა ვერ ამცირებს ნარკოდამოკიდებულთა რიცხვს და სასჯელის მიზნებიც განუხორციელებელი რჩება. ევროკავშირის ქვეყნების მიდგომას, მხარს უჭერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც, რომლის 1988 წლის  კონვენცია „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ" და 1998 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე მიღებული დეკლარაცია „ნარკოტიკებზე მოთხოვნილების შემცირების ძირითადი პრინციპების შესახებ", მხარს უჭერს სამართალდამრღვევების მიმართ გამოიყენონ ისეთი ზომები, როგორიცაა მკურნალობა, ინფორმირება, აღმზრდელობით-გამოსასწორებელი საქმიანობა, რეაბილიტაცია ან საზოგადოებასთან ხელახალი ინტეგრირება. 

„საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია. აღნიშნული ნარკოპოლიტიკის გამოძახილია ქართული სასამართლო პრაქტიკაც, რაც ნარკოდანაშაულების მიმართ,  სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე,  ხისტი სასჯელებით ხასიათდება“, - აღნიშნა კვლევის ავტორმა humanrights.ge -სთან საუბრისას.

კვლევის თანახმად, შესწავლილ გადაწყვეტილებებში გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებით პატიმრობის ალტერნატიული სახეების გამოყენება საკმაოდ აქტიურად ხორციელდება, რასაც ორგანიზაციაში დადებითად აფასებენ. მათივე თქმით, შესწავლილი გადაწყვეტილებებიდან მხოლოდ 12. 5 % -ში იქნა პატიმრობა სასჯელის სახით გამოყენებული, მაგრამ პატიმრობა და მასთან ერთად დანიშნული ალტერნატიული სასჯელის გამოყენება, გადაწყვეტილებების 55 %-ში ფიქსირდება. 

„მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებაში გვხვდება სასჯელის სახედ პირობით ვადამდე გათავისსუფლებასთან ერთად დანიშნული გამოსასწორებელი შრომა. ძირითადად, ქალ ბრალდებულებთან მიმართებაში, აღკვეთის ღონისძიებების სახეებად გამოიყენება პატიმრობა, პირობით გამოსაცდელი ვადა და ჯარიმა“, -ნათქვამია ანგარიშში. 

ნარკოტიკულ დანაშაულებში ბრალდებული ქალების მიმართ, 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან - 2018 წლის 1-ლი თებერვლის ჩათვლით, გამოტანილი სასამართლო განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ ქალ ბრალდებულებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას, ძირითადად გამოიყენება საპროცესო შეთანხმება, რომელშიც სასამართლოს მონაწილეობა ნომინალურია.

ორგანიზაციამ ქალ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულების  სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად რეკომენდაციებიც მოამზადა. რომელთა თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სახელმძღვანელო პრინციპებით დადგენილ სტანდარტებს; სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და სამართალდამცავ უწყებათა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია შეიქმნას საპროკურორო ან სასამართლო ზედამხედველობის მექანიზმი - ოპერატიული ინფორმაციის წყაროს რეალურობისა და თავად ფაქტის ნამდვილობის შესამოწმებლად; აუცილებელია, ნარკოპოლიტიკის ზოგადი ლიბერალიზაცია, რაც უნდა აისახოს სასჯელის სახეებისა და ზომების გამოყენების პროპორციულობასა და სამართლიანობაში, სასამართლოს მიერ; კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით აუციელებელია ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით გამოყენებულ სასჯელის სახეებსა და ზომებზე, სასამართლო პრატიკის ერთგვაროვნების გაზრდა და ა.შ. 

სტატია მომზადდა პროექტის „სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ შეაფასებთ თბილისის ახალი მერის მუშაობას?
დადებითად უარყოფითად ამ ეტაპზე თავს შევიკავებ

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC