კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება მიმდინარეობს

7 ივნისი, 2018
 
ნათია გოგოლაშვილი

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს. შსს-ში მოწმეები რამდენიმე დღეა იკითხებიან. მათ შორის პედაგოგებიც არიან. მოწმის სტატუსით სამინისტრო ხელმეორედ 100-მდე პირის გამოკითხვას გეგმავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, რომელიც ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატია, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიარებენ, რომ საქმის გამოძიებისას არაერთი დარღვევაა გამოვლენილი. 

„მთავრობის მეთაურისგან მივიღეთ დაპირება იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური და სამართლებრივი მზაობა იმისა, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა, შეისწავლონ ყველა დეტალი და დადგეს შედეგი. შსს-ში გვითხრეს, რომ საქმეში უკვე არის გარკვეული ძვრები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არც თუ ისე ბევრი პირი არის გამოკითხული. სამინისტროში გვპირდებიან, რომ განსხვავებულ შედეგს მალე ვიხილავთ. შსს-ში აღიარებენ იმას, რომ საქმეში ნამდვილად არის არაერთი დარღვევა და სამართლებრივად სწორად არ არის წარმოებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ, როგორც დაზარალებულ მხარეს, სრული წვდომა გვექნება საქმის მასალებზე და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებთ ინფორმაციას საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

საქმის შესწავლას ითხოვს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ისინი საქმის მასალებს გამოითხოვენ.

„ჩვენ ვსწავლობთ საქმის მასალებს. მე ზაზა სარალიძეს შევთავაზე, რომ, მის ადვოკატებთან ერთად, შევისწავლით ამ საქმეს, რომ ჩვენ ცალკე შესწავლა არ ვაწარმოოთ. უმჯობესი იქნება, კოორდინაციაში ვიყოთ და ჩვენთან ერთად მიადევნონ თვალი საქმის განხილვას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიების მიმართულებით გარკვეული სიახლეები იქნება.  თანხმობა არის, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დროულად გასცეს ყველა კითხვას პასუხი, ამისათვის კი რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა.  კალაძის თქმით, პასუხები აუცილებლად გაეცემა  ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს. დედაქალაქის მერის შეფასებით, პრობლემაა ის მენტალიტეტიც, რაც ახალგაზრდებს აქვთ და რის გამოც უმეტესობა მათგანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. 

„რამდენიმე მიმართულებით მიდის მუშაობა. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუშაობს პროკურატურა, მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისია, რომელიც შეიქმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რაიმე კითხვები აქვს ოჯახებს დარჩენილი, აუცილებლად პასუხი გაეცემა. ჩვენ ვიცით, რომ 100 ადამიანიდან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა ამ საქმეზე და ეს სერიოზული პრობლემა მგონია, ჩვენი მენტალური პრობლემა მგონია. ახალგაზრდებში მოხდა დაპირისპირება და მკვლელობით დასრულდა. სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები და არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და ამას ძალიან ბევრი დრო დასჭირება, რომ ეს მენტალური მიდგომები შევცვალოთ. ეს უნდა იყოს სირცხვილი, ეს უნდა იყოს ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და არა საამაყო ის, რომ ჩვენმა შვილმა არ გათქვა და არ ისაუბრა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ადეკვატური ნაბიჯი იყო.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ბავშვმა და მშობელმა, რომელიც იყო ამ საზარელი დანაშაულის შემსწრე, აიღოს თავის თავზე მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისცეს დეტალური და ამომწურავი ჩვენება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე შექმნილი კრისიზული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ნების გამოვლენას დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალური, დროული და ძირეული აღმოფხვრისათვის. მესამე სექტორი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება. ამასთან, დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება.

„ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის სავარაუდო შემთხვევების, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯა. არსებითია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობისა და ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესწავლით და მისმა მანდატმა მოიცვას ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მძიმე საქმეები. დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება; უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი; ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ეფექტური და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად, აღჭურვილი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების რეალური ნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული რეფორმა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო ხორავას საქმის ხელახალი გამოძიება, რაც პრემიერ მინისტრმა ეს საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად გადააბარა.

ახალი ამბები