კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოუმზადებელი შეხვედრა - რატომ არ თარგმნა ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის საქმეზე საექსპერტო ბიუროს პირველადი დასკვნა?

14 ივნისი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

7 ივნისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრაზე მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამსახარაულის საექსპერტო ბიუროს პირველადი დასკვნა არ წარუდგენიათ. 

ამის მიზეზად სუს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ საექსპერტო ბიუროს დასკვნა არ იყო ნათარგმნი მხარეებისთვის გასაგებ ენაზე, თუმცა, თუ რატომ არ მოხდა დოკუმენტის თარგმნა, ეს აღარ დაუკონკრეტებია: ,,შეხვედრზე ჩვენ გადავეცით და მივაწოდეთ ინფორმაცია ამ საქმის გარემოებასთან დაკავშირებით. დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და შესაძლებელია, მათ ვერ წაეკითხათ იგი.“

ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობის წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის თქმით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია, თუმცა რომც წარედგინა, კოჩიევის თქმით, იგი ბევრს არაფერს შეცვლიდა.  

,,ვერ გეტყვით, შემიძლია თუ არა ვენდო ქართული მხარის ექსპერტიზის დასკვნას, რადგან პირველი - მე ის არ მინახავს და მეორე  - არ მაქვს საფუძველი, გადავამოწმო სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ექპერტიზის დასკვნა, რომელსაც ბოლომდე ვენდობი", – განაცხადა ეგორ კოჩიევმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა უკვე დაწყებული იყო, როდესაც ადგილზე ჩავიდა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც ამაჟამად ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელია.  ნანუაშვილმა ერგნეთში   არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე, დამკვირვებლის სტატუსით, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლების ჩართვა მოითხოვა.  მოკლული ტატუნაშვილის  ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

,,ჩვენი ჩართვით გვინდა, ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდოთ შეხვედრის მონაწილეებს და ასევე, მათგან მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია. ამ პროცესში ​ ჩვენი დასწრება დამკვირვებლის სტატუსით არის ძალიან მნიშვნელოვანი", – განცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა უჩა ნანუაშვილმა, რომელსაც 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე დასწრების საშუალება

იმ არგუმენტით არ მისცეს, რომ წინასწარ იგეგმება შეხვედრის მონაწილეთა სია.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მომავალ შეხვედრაზე, რომელიც 10 ივლისს გაიმართება, ოფიციალურად წერილობით მიმართავს შეხვედრის ორგანიზატორებს და მონაწილებს, რათა უზრუნველყონ დამკვირვებლის სტატუსით, მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის, უფლებადამცველების ჩართვა. მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის ყველა ფორმატია გამოსაყენებელი და მათ შორის, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხსაც აყენებს.

 მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე, საქართველოში ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხვადასხვა ადგილზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, დიდი ალბათობით, იგი აწამეს, თუმცა  სამედიცინო დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, ერთი, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ გადმოსცეს ქართულ მხარეს და მეორე - გარდაცვლილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოჭრილი ჰქონდა. გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის ტატუნაშვილის ცხედრიდან ოკუპირებულ ტერიტორიზე ჩატარებული ექპერტიზის დროს ამოჭრილი შინაგანი ორგანოების გადმოცემას ითხოვს საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმისგან, თუმცა ამ საკითხზეც შეთანხმება მიღწეული არ არის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ,  20 მარტს, ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ, საქართველოს ხელისუფლებას ტატუნაშვილის  ცხედართან ერთად, რუსეთის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, რომელიც მწვავე იშემიით იყო გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის „გენოციდში ბრალდების მუხლით" დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 23 თებერვალს კი ცხინვალში მაუწყებელი ტელეკომპანია ,,ირ"-ი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას იუწყება, გარდაცვალების ვერსიად კი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის  უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უთითებენ, რომლის მიხედვით: 

,,წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას ტატუნაშვილი ბადრაგის ერთ-ერთი წევრისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა და მის აღნიშნულ ქმედებას საპასუხო რეაქცია მოჰყვა, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა და სპეციალური საშუალებები. არჩილ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურზე ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა".

აღნიშნულ ვერსიას უნდობლობას უცხადებს, როგორც ტატუნაშვილის ოჯახი, ისე მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და  საქართველოს ხელისუფლება.

ახალი ამბები