კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC-მ მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

19 ივნისი, 2018
 ნათია გოგოლაშვილი

14 ივნისს  ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის - „მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგი“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა, ძალადობის შედეგად, დაზარალებულ ქალთა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალთა საქმეებზე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სასამართლო და პროკურატურის ორგანოების პასუხისმგებლობის გაზრდა.

მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო სხდომათა მონიტორინგისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ანალიზის შედეგად გამოვლინდა. 

კვლევის ავტორებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვეს ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე, ძალადობრივი დანაშაულების რეგისტრირებული და გახსნილი მაჩვენებლების შესახებ, სადაც დაზარალებულს ქალი წარმოადგენდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრო გენდერული ნიშნის მიხედვით არ აწარმოებს სტატისტიკის ანალიზს, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენა, თუ რამდენი ქალია დაზარალებული რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის საერთო რიცხვიდან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ასევე, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის სამსახურს და გამოითხოვა ინფორმაცია 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 თებერვლამდე, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულზე რეაგირებისათვის „112“-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის რაოდენობის შესახებ. საპასუხოდ, „112“-ისაგან მიღებული ინფორმაციით, „ოჯახში ძალადობის/კონფლიქტების შესახებ „112“-ში რეაგირებისათვის შესული მონაცემები არ შეიძლება, გაიგივდეს ოჯახში ძალადობის რეალური შემთხვევების რაოდენობასთან, რადგან „112“ არის ინფორმაციის პირველადი დამმუშავებელი. ინციდენტის ტიპის მინიჭების მიზანია არა შეტყობინების ზუსტი შინაარსობრივი შესაბამისობის დადგენა, არამედ შემთხვევაზე რეაგირება. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ინფორმაციის მიღება, გადამოწმება და დამუშავება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს.

კვლევის ავტორთა თქმით, კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სასამართლო მონიტორინგი წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანი სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლი/დაზარალებული ქალების მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების განხორციელებაზე დაკვირვება გახლდათ. 

2018 წლის 10 იანვრიდან - 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკული დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარე სასამართლო სხდომათა მონიტორინგი. მონიტორების თქმით, დასაკვირვებლ სასამართლო სხდომათა შერჩევის კრიტერიუმს მხოლოდ ქალი დაზარალებულისა და ბრალდებულის ფაქტორი განსაზღვრავდა. ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ 88 სისხლის სამართლის საქმეს.

ანგარიშის მიხედვით, 88 საქმიდან არცერთი საქმის განხილვისას არ დამდგარა სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეთა აცილების ან თვითაცილების შუამდგომლობა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების წარმოებასთან დაკავშირებით, მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ 88 საქმიდან მხოლოდ 5 ბრალდებულის მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, საიდანაც 4 ბრალდებულს ბრალი ედებოდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო 1 ბრალდებულს ოჯახში ძალადობის დანაშაულში.

სასამართლო მონიტორინგის მიმდინარეობის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში დასრულდა 23 სისხლის სამართლის საქმის განხილვა. საქმეთაგან 21 ოჯახში ძალადობისა და 2 ქალის მიმართ ძალადობის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. 23 საქმიდან გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 20 საქმესთან მიმართებით, მათ შორის, გაფორმდა 1 საპროცესო შეთანხმება; 1 საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 2 საქმეში ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა. 

იურისტ-მონიტორების შეფასებით, დაკვირვებულ სასამართლო პროცესებში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების განხორციელებისას არ გამოვლენილა რაიმე დამაბრკოლებელი ან შემაფერხებელი გარემოება, რაც დაზარალებულს დააბრკოლებდა და ხელს შეუშლიდა აღნიშნული უფლების განხორციელებაში. სასამართლო მონიტორინგის დროს მოსამართლეთა მხრიდან არ დაფიქსირებულა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე სტერეოტიპული დამოკიდებულება და გამონათქვამები. იურისტ-მონიტორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველ საქმეთა სიმრავლე, ხშირ შემთხვევაში, აფერხებს საქმის დროულ განხილვას.

კვლევის ავტორთა შეფასებით, დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენთა რიცხვი და გამოყენებული მაქსიმალური სასჯელის სახე და ზომა გარკვეულ შემთხვევებში, არ არის პროპორციული დაზარალებულთა უსაფრთხოების საკითხთან, რადგან ბრალდებულთა მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულია პირობითი სასჯელი. სასჯელის პროპორციულობისა და დაზარალებულთა უსაფრთხოების პრობლემა დგება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებში ბრალდებულ პირებთან საპროცესო შეთანხმებების დამტკიცებასთან დაკავშირებითაც.

ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი და დროული რეაგირებისათვის უნდა უზრუნველყოს:  ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესება; ძალადობრივი დანაშაულების საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოება;  გენდერული ნიშნით ჩადენილი ქმედების იდენტიფიცირების, შეფასებისა და ანალიზის პრაქტიკის დანერგვა; ძალადობრივი დანაშაულების შედეგად, დაზარალებული ქალების სრულფასოვანი ინფორმირება დაცვისა და დახმარების ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის - შემაკავებელი და დამცავი ორდერების არსისა და თანმდევი შედეგების შესახებ.

ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაციაა, პროკურორთა და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პროკურორების გადამზადება და სპეციალიზაცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის დანაშაულებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქალ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების მონიტორინგიც განახორციელა, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაციას სტატიაში - „საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია“ წაიკითხავთ.

ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ, ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა.

ახალი ამბები