კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საჯარო მოხელეების პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები

28 ივნისი, 2018
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„დავიწყეთ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჩემი თანაშემწისა და მეჯვრისხევში ჩემი წარმომადგენელის წინააღმდეგ. საქმის წარმოებას ვადები აქვს, თუმცა ჩვენ არ გამოვიყენებთ მაქსიმალურ დროს და მინიმალურ დროში გაცნობებთ გადაწყვეტილებას“, - ეს განცხადება გორის მერმა ორი კვირის წინ მისი თანაშემწის, კახა ბლიაძისა და მეჯვრისხევის თემში  წარმომადგენლის, ლექსო ბუჯიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. 

გორის მერის თანაშემწემ სოციალურ ქსელში მოკლული დავით სარალიძე არაეთიკურად მოიხსენია, ასევე არაეთიკურად მოიხსენია დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება გააკეთა მერის წარმომადგენელმაც.

humanrights.ge დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და გორის მერს კითხვა ​სოციალურ ქსელში, ლაივსტრიმის მეშვეობით დაუსვა.  კონსტანტინე თავზარაშვილმა კითხვას მოკლედ და არასრულყოფილად უპასუხა: ,,განვიხილეთ და გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში გამოვაცხადებთ". თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს, კონსტანტინე თავზარაშვილს არ დაუკონკრეტებია. 

ორი კვირის წინ იმ სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომლებიც მისი მრჩევლის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, თავზარაშვილმა თქვა, რომ ადმინისტრაციული წესით საქმის შესწავლის შემდეგ, მის თანაშემწესა და წარმომადგენელს  ადეკვატურ დისციპლინარულ პასუხიმგებლობას დააკისრებს და მხოლოდ საყვედურით არ შემოიფარგლება. 

„არც თვითონ ეგ კაცი მყავს და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება კონფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკვლელობით დასრულდა. არ ღირს ამ საქმის შედარება იმ მკვლელობებთან, რომელთაც ის ხალხი ახორხიელებდა, რომლებმაც აქციები დაიწყეს...“, - ეს განცხადება გორის მერის მრჩეველმა სოციალურ ქსელში გააკეთა, რის შემდეგ, მოგვიანებით, მოუბოდიშა საზოგადოებას.

„მინდა, განვმარტო ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება. ზაზა სარალიძის მდგომარეობა გამოიყენა სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც, აღელვებულმა გავაკეთე განცხადება. შესაძლოა, ჩემი აზრი არაკორექტულად გამოვხატე, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს განცხადება, ჩემი, როგორც კახა ბლიაძის პოზიციაა აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე წარმოთქმული“, - წერს ბლიაძე.

ბლიაძის განმარტება არ მიიღეს გორში და მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ,,აღელვებულ" თანაშემწეს დამამშვიდებელი მედიკამენტები მიუტანეს.

,,გორის მერის თანაშემწე არ უნდა აკეთებდეს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს და შემდეგ თავს არ უნდა იმართლებდეს, რომ აღელვებული ვიყავიო.  ჩვენ დაუტოვეთ დამამშვიდებელი მედიკამენტები და ვითხოვთ სამსახურიდან მის გათავისუფლებას", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ჟამურელმა.

სამოქალაქო აქტივისტები გორის მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტური გადაწყვეტილება გამოტანილი, არ გამორიცხავენ, რომ აქციები განაახლონ. 

ახალი ამბები