კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'პოლიტიკურ პარტიებს ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი ამომრჩევლებისთვის'

13 ივლისი, 2018
 ლანა გიორგიძე 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატები არ დაუსახელებია არც საპარლამენტო უმრავლესობას და - არც უმცირესობას. პარტიები იყენებენ კანონით გათვალისწინებულ ვადებს და ამომრჩევლებს საპრეზიდენტო კანდიდატებს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე წარუდგენენ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, პრეზიდენტობის კანდიდატები მხოლოდ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - „გირჩმა“  და „დემოკრატიული მოძრაობამ“ დაასახელა. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

ჯაფარიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ის გააორმაგებს თავდაცვის ბიუჯეტს 5 წლის მანძილზე, გააუქმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს და შეიწყალებს იმ პირებს, რომლებიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან. ამასთან, მისივე თქმით, ის დაადებს ვეტოს ყველა იმ კანონს, რომელიც იქნება „თავისუფლების შემზღუდავი“ და თვეში ერთხელ Facebook Live-ის საშუალებით მინისტრთა ანგარიშებს გააცნობს საზოგადოებას.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასზე კარგი კანდიდატი არავინ  იქნება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ის საკუთარ თავზე უკეთესად მიიჩნევს  ისეთ კანდიდატს, რომელიც უფრო გამოცდილი, უფრო კომპეტენტური და მასზე გაცილებით უკეთესი კონტაქტების მქონე იქნება. „ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს. უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ“, - თქვა ნინო ბურჯანაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, სოზარ სუბარი დაასახელოს. მედიაში გამოთქმულ ვარაუდს შესაძლოა, ამყარებდეს ის ფაქტი, რომ სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობაში აღარ არის. დაასახელებს თუ არა „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად სოზარ სუბარს, ამას ამომრჩეველი, კანონით დადგენილ ვადებში, ივლისის ბოლოს შეიტყობს.  

რატომ არ ასახელებენ პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატებს კანონით გათვალისწინებულ ვადამდე, ამ კითხვაზე humanrights.ge-ს ექსპერტი არჩილ გამზარდია პასუხობს.

არჩილ გამზარდიას თქმით, ეს არ არის მოგებიანი პოლიტიკა, რადგან კანდიდატის დასახელების შემდეგ საჭიროა რეკრუტირება, სამიზნე ჯგუფებზე მუშაობა, საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს კლასიკურ, განვითარებულ სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკური ჯგუფები კვალიფიციურად მუშაობენ.

„შინაგანი თვითრწმენით არც ერთი პარტია არ გამოირჩევა.  ოპოზიცია ნაკლებადაა ორიენტირებული გამარჯვებაზე, ხელისუფლებამ კი ისედაც იცის, რომ გაიმარჯვებს, გასაგები მიზეზების გამო, რისი ფაქტორებიც სხვადასხვაა. ამიტომ ცდილობენ, რომ დაისახონ რაღაც პოლიტიკური მიზანი და ის შეასრულონ. არ ფიქრობენ არჩევნების მთავარ მიზანზე - გამარჯვებაზე. დასახული მიზანი კი შეიძლება, იყოს ოპონენტის დისკრედიტაცია, აქტუალიზაციის აწევა. მთლიანობაში, კიდევ ერთი კრიზისი, რაც იწვევს საპრეზიდენტო კანდიდატის გვიან დასახელებას, არის ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი ამომრჩევლებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების პრინციპი ჩვენთან უფრო პირობითია, რადგან ის არის უმაღლესი დონის პოლიტიკური პირი, მაგრამ ამომრჩეველს აინტერესებს აღსრულების მექანიზმი. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნები ცოტა უცნაური ჩასატარებელია პოლიტიკური ჯგუფებისთვის. რაკი სათქმელიც ბევრი არაფერი აქვთ და ამომრჩეველიც მზად არ არის არჩევნებისთვის, კარგად არ აქვს გააზრებული პრეზიდენტის კამპანია, როგორი უნდა იყოს, ამდენად, პოლიტიკური ჯგუფები შემთხვევით „შეხმატკბილებულები“ არიან, რათა პროცედურები ფინალამდე მიიყვანონ. მეტი სიღრმე ამ არჩევნებს არ აქვს“, - განაცხადა ექსპერტმა, არჩილ გამზარდიამ.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ. 

„ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ 3 ძირითად პუნქტზე: მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა); კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან; არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წინასაარჩევნო შეთანხმება მნიშვნელოვანია მომავლისთვის, ოპოზიციისა და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებისთვის – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა „პირველ არხს“ განუცხადა, შეთანხმება მნიშვნელოვანია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რათა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ფლანგი ისე არ დაზიანდეს, რომ პარტიებმა მეორე ტურში ურთიერთთანამშრომლობა და ამომრჩევლის მიმართ მოწოდება ვერ შეძლონ.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, პოლიტიკურ დაღმართზეა დაშვებული. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ევროპულ საქართველოში“ ამ რეალობის აღქმა არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, დაშვებულია პოლიტიკურ დაღმართზე. მას აქვს ძალიან რეიტინგული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, მაგრამ ესეც არ შველის. როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს ეს აღქმა არ გააჩნიათ. პრინციპში, გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი, რეალურად, იდეოლოგიურად და პოლიტიკურად აქამდეც ერთ მხარეს იყვნენ, ოღონდ თავი ვერ შეიკავეს და კიდევ ერთხელ ეს იურიდიულად გააფორმეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტის არჩევის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიამ, ამომრჩეველთა ჯგუფმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შედეგადაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამის გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები საპრეზიდენტო კანდიდატებს ივლისის ბოლოს დაასახელებენ. 

ახალი ამბები