კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი)

17 ივლისი, 2018
 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე, მსხვერპლის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებულ გ.ჯ-ს ინტერესების დასაცავად,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მსჯავრდებული გ.ჯ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008-2011 წლების პერიოდში გახლდათ  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მსხვერპლის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე, მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლებში, კომპენსაციის სახით  25000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ  ძალადობრივი ქმედებისა და სპეციალური საშუალებების არაპოპორციულ  გამოყენებას ადეკვატური სამართლებრივი შედეგი მოჰყვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მოქალაქე ლ.გ-ს სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა  2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად,   შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ  ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპოპორციული გამოყენების ფაქტს, რასაც შედეგად მოჰყვა  მოქალაქე ლ.გ-ს ფიზიკური და მორალური ტანჯვა. 2013 წლის 22 ივლისის მთავარი პროკურატურის დადგენილებით ლ.გ. ცნობილ იქნა დაზარალებულად. ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2500 ლარის გადახდა დაეკისრა.

კასპის პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ ცემის ფაქტზე სამართლებრივი შედეგი დადგა  

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი იცავდა მოქალაქე ზ.ფ-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც გახლდათ   პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ცემის მსხვერპლი. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით, ზ.ფ-ის ცემაში ბრალდებულ პოლიციის თანამშრომლებს შეეფარდათ ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით და თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა 1 წლისა და 6 თვის ვადით.  განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სასარჩელო მოთხოვნა  არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობების საქმეზე, წარმოადგენილია დაზარალებული ზაზა სარალიძის ადვოკატად.  პოლიციელების მხრიდან ზაზა სარალიძის მხარდაჭერ პირ ზ.კ-ზე განხორციელდა ძალადობა, რომელიც განვითარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილო დარბაზში, სადაც ზ.კ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ შესვენების პერიოდში სადილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით განახორციელეს ზ.კ-ს სასამართლო სხდომის დარბაზში შეყვანა. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით,  ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის რეკომენდაციით,  ჩადენილ დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართეს ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდაჭერმა ზ.კ-მ.

საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს გენერალურ  ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შსს-ს ხუთი თანამშრომლის მხრიდან  გამოიკვეთა  დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. მათ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა  და  სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისათვის. ოთხ პოლიციის თანამშრომელს  გამოეცხადა საყვედური, ხოლო ხელმძღვანელ პირს - სასტიკი საყვედური.   
 
საქართველოს მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად შემოსვლის და  გადაადგილების ძირითადი კონსტიტუციური  უფლება ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიცვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი 2016 წლიდან იცავდა საქართველოს მოქალაქე ლ.ა.-ს უფლებებს. ლ.ა-ს არაერთხელ შეეზღუდა კონსტიტუციით აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე  თავისუფლად შემოსვლას. ლ.ა.-ს  საქართველოს საზღვრის დაცვის პოლიცია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ აძლევდა საშუალებას,  შემოსულიყო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო მეტიც, მოუწოდებდნენ დაუყონებლივ დაეტოვებინა საქართველოს საზღვარი. 2018 წლის ივნისში   ადამიანის უფლებათა ცენტრის აქტიურობით საბოლოო შედეგი დადგა და ლ.ა-მ შეძლო, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ქვეყნის შიგნით თავისუფლად გადაადგილება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ უკანონოდ გამოცემული ინდივიდუალური  ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბათილად ცნო

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა სამართლებრივი დახმარება გაუწიეს  მოქალაქე ი.თ.-ს, რომელიც დასაქმებული გახლდათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად. ი.თ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ი.თ-მ განცხადებით მიმართა შესაბამის უწყებას, რეაგირება მოეხდინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში არსებულ კანონსაწინააღმდეგო დარღვევებზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასრჩელის საფუძველზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და დაავალა ი.თ-ს სამსახურში აღდგენის მიზნით საქმის ხელახალი განხილვა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ უკანონოდ გამოცემული სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  ბათილად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი, სასამართლომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი ბათილად ცნო  და ინდოეთის მოქალაქე მ.კ.-ს აღუდგინა  მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე ინდოეთის მოქალაქეზე   საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ  განახორციელა ზედიზედ 4-ჯერ ალკოტესტზე შემოწმება, თუმცა არ  დადგინდა ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა, მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა  უკანონოდ ჩამოართვა მართვის მოწმობა.

ჟურნალისტსა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს შორის სამართლებრივი დავა მორიგებით დასრულდა 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი  იცავდა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტ მ.მ-ის ინტერესებს, ჟურნალისტის მიმართ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გ.კ-ს მიერ გავრცელდა ცილისწამების შემცველი ინფორმაცია 2017 წლის 21 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს.   2018 წლის 26 აპრილს გორის რაიონულ სასამართლოში შედგა მორიგება ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტსა და  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს შორის. მორიგების  თანახმად, მინიციპალიტეტის მერმა გამოთქვა მზადყოფნა უარყოს ჟურნალისტის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია და  პროვოცირების ფაქტი. თავის მხრივ, ჟურნალისტმა უარი თქვა იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც ითხოვდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილისათვის მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრებას. 

შშმ პირის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით განისაზღვრა საცხოვრებელ ფართში  პანდუსის და კიბის   მოწყობა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად აგრძელებს შშმ პირების უფლებების დაცვას. შშმ პირის ა.მ-ის უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრსა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, განთავსებულიყო შშმ პირისათვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ  საცხოვრებელ სახლში კიბე და პანდუსი. ორგანიზაცია დადებითად აფასებს, რომ აღნიშნული მოთხოვნა  დააკმაყოფილდა და დაკანონდა პანდუსისა და ადაპტირებული კიბის მოწყობა.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა  ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეფექტიანად ახორციელებს იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვას. ორგანიზაციის იურისტებს მომართა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა პირმა გ.ბ-მ, რომელსაც სამინისტრომ უარი განუცხადა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ საქმეზე სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციის სრულად დადგენა.  ადამიანის უფელბათა ცენტრის იურისტმა  ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სამინისტროს მიერ გამოცემული აქტის გაუქმება და ახალი აქტის გამოცემა, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. 

ეკომიგრანტის სააპელაციო საჩივარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ,  სრულად დაკმაყოფილდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი იცავდა ეკომიგრანტის სამართლებრივ ინტერესებს, რომელის სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ სრულად დააკმაყოფილა, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაავალა სამინისტროს არსებითად განიხილოს მ.მ.-ს, როგორც ეკომიგრანტის, განცხადება საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ახლადგამოვლენილი გარემოების საფუძველზე. 

პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი ჩაერთო კასპში მცხოვრები ი.ბ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ცემის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ 126-ე მუხლით. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ჩართულობის შედეგად,  დაზარალებულს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. სასამართლო ბრალდებულ გ. ნ.-ს აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა 3000 ლარიანი გირაო. 2018 წლის 17 აპრილს გორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ი. ბ-ის ცემაში ბრალდებული გ.ნ. ბრალდებულად ცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში. სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ საქმეზე მართალია სამართლებრივი შედეგი დადგა, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტზე: საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მხრიდან გამოვლინდა დაზარალებული პირის მეუღლის მ.ბ.-ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. მ.ბ-მ საჩივრით მიმართა შსს-ის გენერალურ ინსპექციას, თუმცა მოგვიანებით უკან გამოითხოვა საჩივარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაუშვებელია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან იკვეთებოდეს მსგავსი კანონშეუსაბამო ქმედებები.

არასრულწლოვანი, შშმ  პირის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა  

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავდა არასრულწლოვან დაზარალებულს, ბ.მ-ს ინტერესებს. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძარცვის ფატზე. ძარცვა განხორციელდა დაზარალებულის დის მიმართ, რომელიც შშმ პირია. საქმეზე სამართლებრივი შედეგი დადგა და ბრალდებულ კ.კ-ს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით  მშობლებს შორის დავა მორიგებით დასრულდა

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტმა ბავშვის მშობლებს შორის დავა მორიგებით დაასრულა, იგი იცავდა მოპასუხის, ბავშვის მამის ინტერესებს, რომელიც წინააღმდეგი იყო მოსარჩელე, ბავშვის დედას  განსაზღვრულ დღეებში მოენახულებინა ბავშვი. მოსარჩელე მხარე ადასტურებდა, რომ მოპასუხე მამა უკრძალავდა  ბავშვის ნახვას. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი აწარმოებდა შესაბამის კონსულტაციას ბავშვის მამასთან და შედეგად, ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაყრდნობით, ბავშვის მშობლებს შორის დავა მორიგებით დასრულდა. დედას მიეცა შესაძლებლობა კვირის განსაზღვრულ დღეებში შეხვდეს ბავშვს.

სხვადასხვა:

ადამიანის უფლებათა ცენტრის  კახეთის ოფისის ჩართულობით წარმატებული საქმეებიდან წინამდებარე ანგარიშში წარმოადგენილია მსგავსი სამართლებრივი კატეგორიის საქმეების სტატისტიკა და მოკლე აღწერა.

1 საქმეზე  პირი თანამესაკუთრედ იქნა ცნობილი
ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტი იცავდა მოსარჩელე მ.ბ-ს ინტერესებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასარჩელო მოთხოვნა გახლდათ უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების მიღება,  მოპასუხე მეუღლის მიერ თვითნებურად გასხვისებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით  გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების, მოსარჩელისა და  მისი  შვილების სახლიდან გამოსახლების თაობაზე. 

4 საქმე შეეხებოდა საბუთების კუთვნილების ფაქტის დადგენას, რომლის საფუძველზეც განმცხადებლებმა უძრავი ქონება დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში. 

5 საქმე იყო სოციალური კატეგორიის და შეეხებოდა  პენსიის მიღების მოთხოვნით პირის მხარდაჭერად ცნობის საკითხს,  აქედან 1 საქმეზე მხარდაჭერს მიენიჭა, როგორც პენსიის აღების უფლება, ასევე წარმომადგენლობის განხორციელება ადმინისტრაციულ წარმოებაში, საჯარო რეესტრსა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის წარმატებული  სამეებიდან:  

1 საქმე უკავშირდებოდა ალიმენტის შემცირების საკითხს, რომელზეც 2018 წლის 9 მარტს გორის რაიონულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით ვ.რ.-ს შეუმცირდა მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლომ გაითვალისწინა მისი ეკონომიკური მდგომარეობა და ნაცვლად 200 ლარისა განესაზღვრა 120 ლარის გადახდა ყოველთვიურად მისი არასრულწლოვაბნი შვილის სასარგებლოდ. 

1 საქმე უკავშირდებოდა დაზარალებული მეანაბრისთვის ძირი თანხის და დარიცხული პროცენტის გადახდას
ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი იცავდა დაზარალებული მეანაბრის ნ.ბ-ს ინტერესებს. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ნ.ბ.-ს სასარჩელო მოთხოვნა და შპს „ევროკრედიტს“, მის მიერ დაზარალებული მეანაბრის ნ.ბ-ს სასარგებლოდ დააკისრა, როგორც ძირი თანხის, ასევე დარიცხული პროცენტების გადახდა.

1 საქმე ეხებოდა მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს, რომელზეც  გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რ.ხ.-ს ოჯახის წევრის მ.ხ.-ს განცხადება რ.ხ.-ს მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. რ.ხ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.#

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები