კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებმა დევნილთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგეს

30 ივლისი, 2018
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში, სასტუმრო ქართლის შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება. ეს ის ოჯახებია, რომლებმაც  გორში, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსებში, ბინები ვერ მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ცხინვალიდან 90-იან წლებში დევნილი ცისანა ტაბატაძეა, რომელიც ბინის მიღებას ელოდებოდა, თუმცა ბოლოს დევნილთა სამინისტროსგან ბინის გადაცემაზე უარი მიიღო. ცისანა ტაბატაძე იხსენებს, რომ როდესაც მონიტორინგის სამსახურის  წარმომადგენელები სასტუმრო “ქართლში” შესახლებულ დევნილებს ამოწმებდნენ, ის იმ დროს სახლიდან გასული იყო.

,,როდესაც შენობაში დავბრუნდი,  დევნილთა სამინიტროს  მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები სასტუმროს შენობაში მცხოვრებ სხვა დევნილ ოჯახებს ამოწმებდნენ. ვთხოვე, ჩემთანაც ამოსულიყვნენ, თუმცა აღარ მოსულან“, -აცხადებს ტაბატაძე.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის #99 ოქმის მიხედვით, ცისანა ტაბატაძეს უარი ეთქვა  გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის გამო.  ოქმი 2017 წლის 20 დეკემბრით თარიღდება. აღნიშნული ოქმი საფუძვლად დაედო მაშინდელი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის 2018 წლის 7 თებერვლის #256 ბრძანებას, იმავე შინაარსით.

დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნით, ცისანა ტაბატაძეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობაში. ტაბატაძე მონიტორინგის სამსახურის დასკვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ვარიანის მეურნეობაში მისი ხანდაზმული დედა ცხოვრობს, სადაც დედის სანახავად დადის ხოლმე, მისივე თქმით,  იქ მუდმივად არ ცხოვრობს: „მე ცხინვალში სახლი დავტოვე და მისი კომპენსაცია სახელმწიფოსგან ამ დრომდე არ მიმიღია“, -ამბობს ტაბატაძე.

ცისანა ტაბატაძის თქმით, დევნილებისთვის  ბინების განაწილება უსამართლოდ მოხდა და საკუთარი უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ალექსი მერებაშვილის განცხადებით, ცისანა ტაბატაძის შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან არასამართლიანი მიდგომები იკვეთება და ამის დამადასტურებლად მოსამართლის გადწყვეტილება მოჰყავს, რომლის მიხედვით, დევნილთა სამინისტროს ტაბატაძის საცხოვრებელი პირობების ხელახლა შესწავლა დაევალა.

,,თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზიარებულ იქნა ჩვენი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი არ არის საკმარისი პირის ამ მისამართზე ცხოვრების ან საპირისპირო ფაქტის დასადგენად. შესაბამისად,  ცისანა ტაბატაძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დაევალა სამინისტროს ხელახალი შესწავლის საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი. 

დევნილთა სამინიტროს სასამართლოში უჩივლა ცხინვალიდან დევნილმა თინა კვაღინიძემაც, რომელმაც პროცესი მოიგო და სასამართლოს გადწყვეტილების მიხედვით, დევნილთა სამინისტრომ ბინით უკვე დააკმაყოფილა.

,,როდესაც დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი იყო ჩამოსული ბინების გადასაცემად, ველოდებოდი ჩემი გვარის გამოცხადებასაც, რადგან სიაში ვიყავით, თუმცა ღონისძიება ისე დამთავრდა, რომ ბინის გასაღები სოზარ სუბარს ჩვენთვის არ გადმოუცია. დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკე და გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ბინით დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. როდესაც დავიწყე სამინისტროსთან სასამართლო დავა, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ჩვენ სხვა სახლი გვქონია, რაც ბუნებაში არ არსებობს და სამინიტროს წარმომადგენელმა ეს სასამართლო სხდომაზე ვერ დაამტკიცა. ამის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადმოგვეცა ბინა“,  - აცხადებს თინა კვაღინიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონულ ოფისებში აცხადებენ, რომ ბინების გადაცემის საკითხზე დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან იკვეთება არასამართლიანი მიდგომა და ეს სასამართლო პროცესებმაც დაადასტურეს, როდესაც დევნილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირების ბინით უზრუნველყოფა დაევალა. 

სასტუმრო „ქართლის“ შენობასა და ტურბაზაში შესახლებულმა დევნილებმა,  ვისაც დევნილთა სამინისტრომ ბინის გადაცემაზე უარი უთხრა,  სასამართლო დავა დაიწყეს და მათმა უმეტესობამ პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა დევნილთა სამინისტრომ გაუქმებამდე რამდენიმე გადწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

ახალი ამბები