კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს

10 აგვისტო, 2018
 
ინტერპრესნიუსი

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ არა მარტო ადვოკატებმა, არამედ საზოგადოების სრულმა სპექტრმა დაინახა, საქმეში როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს და “როგორი გამრუდებული მართლმსაჯულებით გაიარა საქმემ პროცესები გამოძიებით დაწყებული, უზენაესი სასამართლოთი დასრულებული, რომელსაც იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ საქმე წარმოებაში მიეღო“.

„აქედან გამომდინარე, ვის, თუ არა პრეზიდენტს აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა ძირითადი სამართლებრივი დარღვევები, რაც ამ საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავურთეთ გარკვეული შინაარსის დოკუმენტები, რაც აფიქრებინებს და დაარწმუნებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ რეალურად ეს საქმე არის მიკერძოებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ექნება ყველა ის ინფორმაცია, რაც მას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არის ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი და გარკვეული ჯგუფების ინტერესებს შეეწირა”,-აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ. 

შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს პრეზიდენტმა და დეკანოზი არ შეიწყალოს. 

„მე, უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, იურისტს, რომელმაც ამ შუამდგომლობის შინაარსი კარგად იცის, ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პრეზიდენტმა სწორი რეაგირება არ მოახდინოს და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალოს. საქართველოს პრეზიდენტს ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდა გაუჭირდეს, ვინაიდან, თუ ამ საქმით დაინტერესებული და მიკერძოებული არ არის ადამიანი და არის ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, არავის არ ექნება პროტესტის გრძნობა, თუ რატომ შეიწყალა გიორგი მამალაძე, უფრო მეტი - მათ ამ საკითხზე პრეზიდენტის მიმართ თანაგრძნობა ექნებათ”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების მოთხოვნით დღეს შეტანილი განცხადება კომისიის უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. 

მისი თქმით, განცხადება რამდენიმე დღეში გაიგზავნება საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც დოკუმენტს უშუალოდ ბრალდებულმა უნდა მოაწეროს ხელი. 

„შეწყალების პროცედურას იმ დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა, აუცილებელია თავად მსჯავრდებულის თანხმობა. ჩვენ მივიღებთ ამ თანხმობის შემდგომ დოკუმენტაციას დაწესებულებიდან, რომელიც მომზადდება სპეციალური ცნობის სახით შეწყალების კომისიისთვის და უახლოეს სხდომაზე გავა განსახილველად. ეს არის პროცედურა, რომელიც ყველამ ძალიან კარგად იცის ვინც გარკვეულწილად, ზოგადად ან უშუალოდ რომელიმე მსჯავრდებულის გამო დაინტერესებულა შეწყალების პროცედურით ამ ბოლო წლების განმავლობაში”,- განაცხადა ქორიძემ. 

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეოსის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. დეკანოზი სასამართლომ გასული წლის 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო. 

ახალი ამბები