კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებულ კანდიდატებს საარჩევნო ნომერი მიენიჭათ

13 სექტემბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რეგისტრირებულ კანდიდატებს საარჩევნო ნომერი მიანიჭა.

10 პოლიტიკურ გაერთიანებას, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, იგივე ნომრები დარჩათ. დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარდაჭერა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” გამოუცხადა, არჩევნებში მონაწილეობას 41 ნომრით არ მიიღებს, არამედ 48 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. №2 მიენიჭა - „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - დავით ბაქრაძეს;№10 - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი; №21 - „თავისუფალი საქართველო” - კახა კუკავა; №36 - „გირჩი” - ზურაბ ჯაფარიძე; №25 - „თავისუფალი დემოკრატები” - დავით უსუფაშვილი და ა.შ.

ცესკოს ცნობით, კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭება წილისყრით მოხდა.
პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის მიზნით ცესკოს 46-მა საარჩევნო სუბიექტმა/საინიციატივო ჯგუფმა (მათ შორის 26 საინიციატივო ჯგუფი და 20 პოლიტიკური პარტია) მიმართა. 

ცესკოს ინფორმაციით, პარტია „წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ და საინიციატივო ჯგუფს (შემადგენლობა: ბექა სახვაძე, მზიური შონია, ნინო მეტრეველი, ჯაბა ჯიქურაშვილი, მარიამ გელაშვილი) უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.

წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა 34-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. ხოლო დანარჩენ სუბიექტებს რიგითი ნომრები მოთხოვნის საფუძველზე მიენიჭათ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას. თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები).

ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის სურვილი  უფრო მეტმა ადამიანმა გამოთქვა, ვიდრე 2018 წელს. თუ 2013 წელს პრეზიდენტობის სურვილი 54 ადამიანს ჰქონდა, წელს  მხოლოდ  46 მსურველი გამოჩნდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა შემდეგ უარი განაცხადეს: ნინო ბურჯანაძემ, ირმა ინაშვილმა და სანდრო ბრეგაძემ.

ძალები, რომლებსაც საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ, ამის მიზეზად არჩევნების წინასწარ გაყალბებას და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ასახელებენ.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, დღესდღეობით პრეზიდენტის ინსტიტუტს საქართველოში მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევნები გაყალბდება:
„არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობას და ამაში ჩემი თანამოაზრეების ჩართვას. მე ვიბრძოლებ რეალური ცვლილებებისთვის, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რათა შევცვალო ეს დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საუბრისას.

ხოლო, რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მას „ქართული ოცნება“ მხარს 10 სექტემბრიდან ოფიციალურად უჭერს. თუმცა, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, იოსებ მაკრახიძე ზურაბიშვილს მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას უცხადებს, რადგან როგორც მან რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, სახსრები არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანია დააფინანსოს.

ინოვაციური და ქართველი ამომრჩევლისთვის დამაბნეველი საარჩევნო კამპანია აქვს „გირჩს“, მან ბანერების განთავსების თხოვნით 24 პორნო საიტს მიმართა. როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას აცხადებენ, მათ იპოვნეს ეფექტური და იაფი გზა ამომრჩეველთან სათქმელის მისატანად, რადგან ისინი შეზღუდულები არიან ფინანსურად.  „გირჩის“ წარმომადგენლების თქმით, რეკლამას უკვე 150 000 -ზე მეტი მნახველი ჰყავს, რომელთაგან რამდენიმე ათეული გირჩის პორტალზეც კი დარეგისტრირდა. 

თუ ზურაბ ჯაფარიძე ქართველ ამომრჩეველს მეტ სექსსა და თავისუფლებას ჰპირდება, სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ხვალ ის გახდება პრეზიდენტი და აუცილებლად „დაითხოვს ქაჯებს“. 

წამზომი ჩართულია, საარჩევნო კამპანია კი - დაწყებული.  მომავალ არჩევნებს განსაკუთრებულ ინტერესს და მნიშვნელობას სძენს ის გარემოებაც, რომ 2018  წელს პრეზიდენტი უკანასკნელად აირჩევა პირდაპირი და  საყოველთაო არჩევნების საფუძველზე. 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის შემდეგ პრეზიდენტი  საყოველთაო არჩევნების გარეშე, არაპირდაპირი წესით აირჩევა. ამასთან, გამონაკლისის სახით, 2018 წელს პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წლის ნაცვლად, 6 წლით განისაზღვრა.

ახალი ამბები