კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თორნიკე მერებაშვილის საქმე - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

24 სექტემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

6 ივლის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმე ორი თვის შემდეგაც გამოუძიებელია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე მყოფ 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა ამავე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, რის შედეგადაც მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს, ძიების პროცესში კი საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გაგრძელდა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

თორნიკე მერებაშვილის მამა შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე აცხადებდა, რომ მისი შვილი მოკლულია. მერაბ მერებაშვილი ამბობს, რომ თორნიკე მერებაშვილი მეგობარს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა, მუშაობის შემდეგ იქეიფეს. გარდაცვლილის მამას ეჭვი აქვს, რომ შელაპარაკება სუფრის წევრებს შორის მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა და რასაც შეეწირა მისი შვილის სიცოცხლე.

,,არავითარი წინსვლა არ ეტყობა გამოძიებას, მე ვეჭვობ, რომ ან უვიცები არიან, ან კიდევ ,,მაღლიდან არის დარეკილი“, რომ ეს საქმე მიაფუჩეჩონ და არ გამოიძიონ. ჩემი შვილი სცემეს და ისე მომიკლეს", - აცხადებს გარდაცვლილი მამა მერაბ მერებაშვილი.

ოჯახის ეჭვებს სატელეფონო ზარიც ამყარებს, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთის წინ თორნიკე მერებაშვილმა თავის დასთან განახორციელა. 

,,ღამის 1:20 წუთზე დამირეკა და სასწრაფოს ნომერი მთხოვა, რომ ვკითხე რისთვის სჭირდებოდა ნომერი, მიპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა და ხვალ მეტყოდა, მე გამითიშა და ამის შემდეგ ჩემა მეუღლემ დაურეკა და მას უთხრა, რომ ცუდად იყო და ჰოსპიტალში მიგვეკითხა, ამის შემდეგ უკვე კონტაქტი გაწყდა და ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა", - აცხადებს თორნიკე მერებაშვილის და.

თორნიკე მერებაშვილის მიერ 112-ში განხორცილებული ზარის აუდიო ჩანაწერი, გამოძიების მასალებში დევს, როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, სატელეფონო საუბრისას თორნიკე მერებაშვილი 112-ის ოპერატორს ეუბნება, რომ ის არის დაჭრილი. 

,,გამოკითხვის ოქმების მიხედვით, დეტალურად აღდგენილი არ არის თორნიკე მერებაშვილის მეგობრებთან ყოფნის პერიოდი, თუ რა პროცესებს ჰქონდა იქ ადგილი და არც იმ კითხვაზე არ არის პასუხი გაცემული თუ როგორ მოხვდა თორნიკე მერებაშვილი გზაზე უგონო მდგომარეობაში",  - აცხადებს საიას იურისტი რევაზ რევაზიშვილი, რომელიც  თორნიკე მერებაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს. ადვოკატის განცხადებით,  საგამოძიებო პროცესი მთელ რიგ კითხვის ნიშნებს ტოვებს. 

თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე შსს-მ განცხადება გაავრცელა.

,,საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხული 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პირის სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით, თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

აქცია საქმის გამოძიების მოთხოვნით და ორ კვირიანი ვადა შსს-ს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 14 სექტებერს აქცია გამართეს. მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა არ მისცეს. გზის გადაკეტვის დროს ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლას, პოლიციის თანამშრომლებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა ხელთუბნიდან ქალაქ გორამდე მოაწყვეს. გორში უკვე ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. თორნიკე მერებაშვილის მამას, მერაბ მერებაშვილს სოლიდარობა ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამოუცხადეს, ისინი გორის ცენტრში აქციას შეუერთდნენ.
 
შვილმოკლული მამების განცხადებით, მათ მათი შვილების: თემირლან მაჩალიკაშვილისა და დათუნა სარალიძის  მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნას კიდევ ერთი, თორნიკე მერებაშვილის საქმე დაემატა. 

სიტუაცია აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გამოჩნდა, მან თბილისიდან სოლიდარობის მიზნით ჩამოსულ შვილ მოკლულ მამებს მიხეილ სააკაშვილისგან მმართულები უწოდა, რასაც ზაზა სარალიძის გაღიზიანება და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ დედის გინება მოჰყვა, გინებას გინებითვე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემაც, რომელმაც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელები საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები საქმის გამოძიებისთვის  შსს-ს ორ კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.

ახალი ამბები