კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხანუმ ჯეირანოვა vs საქართველო - ადამიანის უფლებათა ცენტრის და საფარის ერთობლივი განაცხადი CEDAW-ში

9 ოქტომბერი, 2018
 
მიმდინარე წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა  და  „საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე. 

ხანუმ ჯეირანოვას მიმართ ოთხი წლის წინ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თანასოფლელების მხრიდან განხორციელდა სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც შედეგად მოჰყვა ქალის სიკვდილი. გამოძიების ვერსიით ქალმა თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა ხომ არ იყო თვითმკვლელობის ინსცენირება, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. გარემო, სადაც აღნიშნული შემზარავი ძალადობა მოხდა წარმოადგენს თემს, სადაც დამკვიდრებულია სტერეოტიპული, დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რომლის აღმოფხვრა სახელმწიფოსთვის დღემდე გამოწვევად რჩება.

სახელმწიფოს პასიურ როლს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართებით ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული შემზარავი დანაშაული კვლავაც გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საჯარო დასჯას უამრავი მოწმე ჰყავს.

ხანუმ ჯეირანოვას მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. გამოძიება თავიდანვე დაიწყო არასწორი კვალიფიკაციით, კერძოდ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმის გამოძიება უკვე ოთხი წელია, ჭიანურდება და მიუხედავად საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებებისა და  არაერთი უტყუარი მტკიცებულებებისა, დღემდე ბრალი არც ერთ პირს არ წაყენებია, რომლებიც უშუალოდ  იღებდნენ მონაწილეობას  ხანუმ ჯეირანოვას  ცემაში, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ესროდნენ ქვებს უმოწყალოდ და საჯაროდ ამცირებდნენ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი და საფარი წლებია, ითხოვენ საქმეზე ეფექტიან და დროულ გამოძიებას, მაგრამ - უშედეგოდ. ხანუმ ჯეირანოვას მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტი სრულიად არის უგულებელყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.

ოთხი წლის მანძილზე საქმეზე სახელმწიფოს უმოქმედობის გათვალისწინებით,  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, და „საფარმა” „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით,  ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა. 

მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დონეზე დადგინდეს ხანუმ ჯეირანოვას სასტიკი ცემის ფაქტში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი. ხანუმა ჯეირანოვა იყო ფემიციდის მსხვერპლი. სახელმწიფომ არ უზრუნველყო ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება და არ მოახდინა საქმეზე გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა. მსხვერპლის სიკვდილს არ მოჰყოლია არავითარი სამართლებრივი შედეგი, რითაც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-5 მუხლები. ეს ყოველივე მიუთითებს სახელმწიფოს სისუსტეზე და ნების არ ქონაზე,   დაუპირისპირდეს თემში გაბატონებულ სტერეოტიპებს და დაიცვას ქალების უსაფრთხოება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები