კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნებს სამ რეგიონში აკვირდება

28 ოქტომბერი, 2018
 
 
პრესრელიზი

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან. 

ცენტრის 25 მონიტორი მუშაობს საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში. სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგი ხორციელდება მობილური ჯგუფების დახმარებით, რომლებშიც გაერთიანებული არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. 

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტგაზეთში - www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს. 

14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ - კონფლიქტებიც.

საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა და ვინ არა, არჩევნებზე. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოგვარდეს საარჩევნო კანონმდებლობით. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების ყოფნას, რაც ყოველ არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას და ამავდროულად, იწვევს კონფლიქტებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს  ახორციელებს პროექტით - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები