კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობო ორგანიზაციები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ

31 ოქტომბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც საერთო ჯამში 3 705 უბნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომლსაც მმართველმა გუნდმა „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი, ხმა მისცა 38,64%-მა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხადაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს -  37,74%. პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.  28 ოქტომბრის 20:00 სთ-ის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის კანდიდატ დავით ბაქრაძეს ხმა მისცა ამომრჩეველთა 10,97%-მა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატ შალვა ნათელაშვილს 3,74%-მა, „გირჩის" კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს 2,26%-მა, „შენების მოძრაობის" ლიდერს, დავით უსუფაშვილს 2,26%-მა, „თავისუფალი საქართველოს" კანდიდატს, კახა კუკავას 1,33%-მა. სხვა კანდიდატებმა კი 1 %-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა მედია, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებოდნენ. ცენტრის 25 მონიტორი მუშაობდა საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კენჭისყრის დღეს დაარეგისტრირა 2 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ერთ-ერთი საჩივარი უკვე განიხილა საოლქო კომისიამ და საარჩევნო კომისიის წევრს დააკისრა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა.

ხოლო მეორე საჩივარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს №42 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს N42 უბანზე ხმის დათვლის პროცესში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევა. კონვერტების გარკვეული რაოდენობა, რომლებშიც ბიულეტენები იყო მოთავსებული, აღმოჩნდა კალმით მონიშნული. აღნიშნული დარღვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიას, ასევე საგარეჯოს N11 საოლქო კომისიას მიმართა საჩივრით. ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი დაკმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისიის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, N42 საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - გაფრთხილება.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს.

„სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ – კონფლიქტებიც.

საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა არჩევნებზე და ვინ – არა. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ გრძელდება და მასშტაბური ტენდენციის სახე აქვს პარტიული აქტივისტების თავშეყრას უბნებთან, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აღრიცხავენ. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებენ, თუმცა ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ასევე ყურადღებას ამახვილებს სხვა დარღვევებზე, მათ შორის: ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა, აგიტაცია, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, მარკირების გარეშე ხმის მიცემა და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 48 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 43 საოლქო საარჩევნო კომისიებში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია.

„მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რომელმაც საარჩევნო უბანზე დაარეგულირა ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საკითხები, რეგულირების მიღმა რჩება უბნის გარეთ პერსონალური ინფორმაციის დამუშავება. საია წლებია აფიქსირებს ამ მანკიერ პრაქტიკას, რაც  შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის და მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შემთხვევები აქტუალური ხდება არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია. ასევე, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (სამგორის #56 უბანი), აგრეთვე, ფიზიკური დაპირისპირებისა (მარნეულის #59 უბანი) და საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის ფაქტი (საბურთალოს #52 და სამგორის #78  უბნები)“, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მიიჩნევს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა,ძირითადად, მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებას გულისხმობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მათ გამოავლინეს 130 უმნიშნვნელო და შედარებით სერიოზული დარღვევა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 12 საჩივარი დაწერეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები: ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, არჩევნების სავარაუდო გაყალბება, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალი კვალიფიკაცია, ხელშეშლა/მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის პრობლემები, პრობლემები საარჩევნო სიებში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, ძირითადად, ხაზს უსვამენ ამომრჩეველთა აქტიურ მობილიზებასა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დაბალ კვალიფიკაციას, ასევე, აღსანიშნავია საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობებიც. 
„შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაციის“ პრობლემის თაობაზე ყურადღება, ასევე, გაამახვილა აშშ-ის საელჩომ თავის განცხადებაში: „ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეშფოთებას საარჩევნო პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, როგორიცაა შეუსაბამო ხერხებით ამომრჩეველთა მობილიზაცია და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება. ხაზგასმით აღვნიშნავთ მეორე ტურში ამ ხარვეზების გამოსწორების მნიშვნელობას“.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს. ცესკომ მონაცემების საბოლოო შეჯამებამდე უკვე დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500  საჩივარი შევიდა. 
„საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება“, -ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2018 წლის 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს, გამარჯვებული კანდიდატი კი საქართველოს პრეზიდენტი 6 წლის ვადით იქნება.

ახალი ამბები