ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
ქალაქ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება, ახალბაღის ტერიტორია რამდენიმე დღეა, რაც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, ტერიტორიას ამ დრომდე სამართალდამცველები იცავენ.
გორში დასვენებისა და კულტურის პარკში რამდენიმე ათეული კვ.მ. მას შემდეგ შემოისაზღვრა ლენტებით, რაც 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ი.ნ.-მ, რომელიც ასევე 14 წლის წინ დაკარგული მოზარდის ზაქრო ბერძნიშვილის საქმეშიც ფიგურირებს, დამატებითი ჩვენება მისცა სამართალდამცველებს. იმ დროს ი.ნ.-ს ბრალი მხოლოდ გამოძალვის მუხლით წაუყენეს. სამართალდამცველებს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში,ი.ნ.-მ მიუთითა.
,,2004 წლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულმა ი. ნ.-მ დამატებითი ჩვენებმა მოგვცა, ჩვენების ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დათვალიერებული იქნა მითითებული ადგილი, აღებული იქნა დოკუმენტური მასალა და ამჟამად აღნიშნული მასალის შესწავლა მიმდინარეობს", - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, 21 ნოემბერს ნიქოზში გააკეთა.
საგამოძიებო ღონისძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი ექსპერტებმა სპეციალური მოწყობილობებით დაათვალიერეს, ე.წ. „სკანერით“, რომელიც მიწისქვეშ არსებულ მდგომარეობას ასახავს. ამ ეტაპზე მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოპოვებულ მასალას ექსპერტები სწავლობენ.