კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ერთეული მძიმე დარღვევების მიუხედავად, საქართველოს პირველ პრეზიდენტ ქალს გამარჯვებას ულოცავენ

11 დეკემბერი, 2018
 
ლანა გიორგიძე 

2018 წელს საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირებლო მისიამ შეაფასა.

„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტურ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია; თუმცაღა, ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა და ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს. არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული; თუმცა, არჩევნების მეორე ტურის ძირითადი ასპექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობამ არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე. წინასაარჩევნო კამპანია დააზარალა ხისტმა რიტორიკამ. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გაზრდილმა მასშტაბმა კიდევ უფრო წაშალა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის. კერძო მედია საშუალებები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ პოზიციას მაშინ, როცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება.
კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო და პროცესი დადებითად შეფასდა, თუმცა, კენჭისყრის დღეს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნების ფაქტებმა გააძლიერა შეშფოთება ამომრჩეველთა პოტენციული დაშინების გამო“, - ნათქვამია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირებლო მისიის ანგარიშში.

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„მე ვარ ღრმად შეშფოთებული საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში და ვიზიარებ საერთაშორისო სადამკვირვებლო და NDI-ს წარმომადგენელთა შეფასებას, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის, ხშირ შემთხვევაში, ბოროტად გამოყენებას, ხმების ყიდვის მცდელობას და ხმების დათვლის მანიპულირებას. ბოლო წლების განმავლობაში მე პირადად ვახორციელებდი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მონიტორინგს, მათ შორის ამ არჩევნების პირველი ტურის მონიტორინგს და გარკვეული დარღვევები თვალშისაცემი იყო. თუმცა, ამჯერად ამგვარი დარღვევები გაფართოვდა და ზოგადი სიტუაცია გაუარესდა, რამაც ყველა მხარესთვის კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას შესაძლოა ხელი შეუშალა და პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზები წაშალა“, - ნათქვამია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა; წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით, - ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია საუბარი, რომელიც არჩევნების მეორე ტურს ეხება.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციის დასკვნით, რომელიც პროცესს აანალიზებდა, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი პოლარიზებული იყო და ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით ხასიათდებოდა.

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ დამკვირვებლები.

მიუხედავად არჩევნებში გამოვლენილი ერთეული მძიმე დარღვევებისა და ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტისა, საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს აშშ-სა და ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა. 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ასევე ელოდება, რომ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე გაგრძელდება.

„აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ“,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება.

„არჩევნები არის დემოკრატიის საფუძველი და ამ განწყობით ჩვენ ვეთანხმებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის წარმოება. ასევე, სხვა ხარვეზებთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ არასათანადოდ გამოყენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, აღმოფხვრას ეუთოს მისიისა და სხვა დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები და მზად ვართ ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ მათ.
შეერთებული შტატები და საქართველო არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ ამ ქვეყნის წარმატებისთვის“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

„დაძაბული საარჩევნო ბრძოლის შემდეგ საქართველომ დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. გულითადად გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო პოსტზე არჩევას. 
გერმანია და საქართველო ისტორიულად მჭიდროდ და მეგობრულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თვითმყოფადი ქართული კულტურითა და იმ მყარი ნებით, რომლითაც თქვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებით გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის მიმართულებით. ამ გზაზე გერმანია თქვენი სანდო და კარგი პარტნიორი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკატემ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

არჩევნებში გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი შედგება ევროპაში. დასახელდა რამდენიმე დედაქალაქი და მათ შორის ბრიუსელი, სადაც ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინებია განთავსებული. ამ საკითხზე კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„მე მგონი, არავისთვის საკვირველი არ იქნება, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპა, ბრიუსელი, იქნება ბერლინი და პარიზი და იქნება ის ბალტიის ქვეყნები, რომლის პრეზიდენტმა ქალმა მომილოცა პირველმა გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს 29 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები