კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება

21 დეკემბერი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2019 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებმა  18 დეკემებერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განიხილეს. პროექტის მიხედვით მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით,  6 900 000 ლარით გაზრდილია და ის 39 109 000 ლარს შეადგენს. 

საკრებულოს წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები მერიას წერილობით გაუგზავნეს, თუმცა ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.  

საკრებულოში ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ მათი შენიშვნების ძირითადი ნაწილი მერიამ არ გაითვალისწინა.

,,ჩვენ ვითხოვდით, უსახლკაროებისთვის ბინის ქირავნობის თანხა გაზრდილიყო 100 ლარიდან 150 ლარამდე, რადგან 100 ლარად მერია ბენეფიციარებს ვერ უზრუნველყოფს ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, რაც არ იქნა გათვალისწინებული. რიგით მოქალაქეებზე ეს ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული და არ პასუხობს მათ მოთხოვნებს“,  - ამბობს ქორჩილავა.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, მერიამ საკრებულოს წევრების შენიშვნები და ინიციატივები მაქსიმალურად გაითვალისწინა და რაც ვერ ასახა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში, ამაზე არგუმენტირებული განმარტებებიც გააკეთა.

,,შენიშვნების და რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის გათვალისწინება მოხდა, ხოლო რაც არ იქნა გათვალისწინებული, მასზე დასაბუთებული არგუმენტები იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი. რაც შეეხება სტუდენტების მგზავრობის ვაუჩერულ სისტემას, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა, მისი გათვალისწინება ვერ მოხდა, რადგან ჩვენ არ გვყავს მუნიციპალური ტრანსპორტი“,  - აცხდებს საკრებულოს თავმჯდომარე.

პროექტის მიხედვით, 2019 წელის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ადგილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავია.   მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ბოლო შესწორებები შეტანილია და დასამტკიცებლად  საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უყრიან კენჭს.  ,,ქართული ოცნება“   მომავალი წლის ბიუჯეტს ოპოზიციის ხმების  გარეშეც დაამტკიცებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მას საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა ჰყავს.

ახალი ამბები