კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მხარის გუბერნატორის გავლენები და საკადრო ცვლილებები გორის თვითმმართველობაში

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა. Humanrights.ge-ს ინფორმაციით, კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენება მხარის გუბერნატორმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს გადაწყვიტა. კულუარებში ამის მიზეზად გორის მუნიციპალიტეტში 2018 წელს ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები და  2018 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში აუთვისებელი ორ მილიონამდე ლარი სახელდება, რადგან  ინფრასტრუქტურულ პროექტებს კოორდინაციას გელა კაპანაძე უწევდა და გორის მერმაც პასუხიმგებლობა მას დააკისრა. 

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კაპანაძე ხმაურის გარეშე და პირადი განცხადებით დატოვებდა მერის მოადგილის თანამდებობას, გორის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნავდნენ. 

Humanrights.ge შეეცადა გელა კაპანაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და არც სხვა მედიასაშუალებასთან  გაუკეთებია განცხადება და არ განუმარტავს თანამდებობიდან წასვლის რეალური მიზეზი.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი მოადგილის თანამდებობიდან წასვლა არც ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და არც აუთვისებელ თანხებს არ უკავშირდება.

,,პირადი განცხადებით დატოვა თანამდებობა და მას, ალბათ, სხვა სამსახურში გადავიყვანთ" , - ამბობს თავზარაშვილი.

გორის მერის პირველი მოადგილის გადადგომასთან ერთად ოფიციალურად დადასტურდა, რომ თანამდებობა დატოვა მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ. ერთ-ერთი ვერსიით, ჯალაღანიას სამსახურიდან გაშვებაშიც გორის მერს გუბერნატორი ,,დაეხმარა". ამ შემთხვევაშიც საკადრო ცვლილებების მიზეზად ოფიციალურად  პირადი განცხადება სახელდება, არაოფიციალურად კი - ჯალაღანიას სამსახურის უფროსად მუშაობის დროს დარღვევებით გაცემული სამშენებლო ნებართვები.

საკითხთან დაკავშირებით მედია საშუალებებთან ზურაბ ჯალაღანიაც დუმს, გორის მერიც და მხარის გუბერნატორიც. 
 
კონსტანტინე თავაზარაშვილის თქმით, ჯალაღანიაც, კაპანაძის მსგავსად, პირადი განცხადებით წავიდა თანამდებობიდან.

„ჯალაღანიამ დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. გამოვაცხადებთ კონკურსს და ახალი თანამდებობის პირი კონკურსის გზით შეირჩევა",- ამბობს გორის მერი. 

ოპოზიციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ დღეს გორის მერი ნომინალური ფიგურაა და გორის თვითმმართველობაში მთლიანად პოლიტიკურ პროცესს და მათ შორის საკადრო პოლიტიკასაც მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი წარმართავს.

,,გუბერნატორი  ფლობს ყველა მართვის სადავეებს თვითმმართველობაში, რაც დასაწყისშივე კლავს თვითმმართველობის არსს", - აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე, რომელსაც მიაჩნია რომ საკადრო ცვლილებები არა სიტუაციის გაჯანსაღებას, არამედ მხარის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის კლანის გაძლიერებას უკავშირდება. 

გიორგი ხოჯევანიშვილმა მედია საშუალებებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, მის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ მხარის რწმუნებული კატეგორიულად ემიჯნება თვითმმართველობის საკადრო პოლიტიკაში რაიმე სახით ჩარევას.  

 გიორგი ხოჯევანიშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნიდან მოკლე პერიოდშივე, გორის მუნიციპალიტეტის მერზე გავლენა მოიპოვა. პირველივე საკადრო ცვლილებები, რაც გორის მერიაში განხორციელდა, ეს სწორედ მის გავლენებს უკავშირდება, როდესაც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელად  გუბერნატორის მეგობარი და თანაკურსელი ბაჩანა გვიანიშვილი დაინიშნა.  

ახალი ამბები