კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მდგომარეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში

22 თებერვალი, 2019
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

10 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში ხუთი სახლი დაიწვა:  აქედან ორი სრულად, სამი კი ნაწილობრივ. მეთერმეტე წელია, ციცინო ელიკაშვილი ოჯახით ნახევრად დამწვარ სახლში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში ზარდიაანთკარში ომის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისია ორჯერ შეიქმნა. პირველი კომისია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შეიქმნა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მეორე კომისია - უკვე ცენტრალური ხელისუფლების დონზე. ზარდიაანთკარში მცხოვრებლებმა არცერთი კომისიის დასკვნა არ იციან, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მათთვის ზარალი არავის აუნაზღაურებია და ომის შედეგად დაზიანებულ სახლებში უხდებათ ცხოვრება.

,,ჩემი სახლი ნახევრად დამწვარ კატეგორიას მიეკუთვნება, ჩვენ ჩვენი ხარჯებით ვერ შევძელით აღდგენა და ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დაპირებებია. კომისიები იქმნება ზარალის ანაზღაურების და დაზიანებული ბინების შეკეთებას გვპირდებიან, თუმცა დაპირება დაპირებად რჩება", - აცხადებს ციცინო ელიკაშვილი.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა 20 თებერვალს, გორის დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა გამართა,  რომელსაც ზარდიაანთკარში მცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა მოხსენება და ყურდღება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დღეისთვის არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.

,,საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარეობს და ისინი კვლავ მოუგვარებელია. ბევრ ოჯახს ომის დროს დაზიანებული სახლების შესაკეთებლად ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარება ჯერაც არ მიუღია. სახელმწიფოს ომით დაზარალებულების ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია მსხვერპლის სტატუსი, რაც აუცილებელია ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისა და გამოძიებისთვის. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანები თითქმის ყოველდღე ექვემდებარებიან უკანონო დაკავებას, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნაკლები და უშედეგოა. ადგილობრივები ხშირად ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასაც კი", -აღნიშნა ნანუაშვილმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს და 2008 წლის ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

„10 წელია გასული და ბევრი ადამიანი კვლავ ელის კომპენსაციას და დახმარებას. ეს, ალბათ, ის საკითხია, რომელიც დღემდე უნდა გამოსწორებულიყო და სწორედ ამიტომ არის საჭირო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ ვართ, სამწუხაროდ, იმ მდგომარეობის წინაშე, რომ მოსახლეობა უკვე მასობრივად ტოვებს რეგიონს და ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი მიგრაცია, ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტებს ვუთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და, რეალურად, რისკებს, რომლებიც არსებობს ამ კუთხეში, ხელისუფლება  ვერ აცნობიერებს“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მდგომარეობის შესახებ და  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. მისი თქმით, ომის დროს ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების მდგომარეობას კომისია შეისწავლის და ომის შედეგად დაზიანებული სახლების შეკეთების საკითხი დღის წესრიგში დადგება.  

„სოფელი ზარდიაანთკარში ომის დროს რამდენიმე სახლი დაიწვა კიდეც, რაც  ადგილზე გადავამოწმეთ. არიან ოჯახები, რომლებსაც კომპენსაციები აქვთ მიღებული 15 ათასი დოლარის ოდენობით, იმისათვის, რომ ეს სახლები აღედგინათ. ასევე, ზარდიაანთკარის მოსახლეობა ჩასახლებულია ჩვენს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. მთავრობის კომისია დადიოდა და გააკეთა აღწერა და ახლაც მიმდინარეობს მთავრობის დონეზე მუშაობა, იმიტომ რომ ეს მოსახლეობა მისახედია“, -განაცხადა გორის გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

ზარადიაანთკარში მცხოვრებლების ნაწილი ზამთარს გორის საბავშვო ბაღის შენობაში, მათთვის დროებით გამოყოფილ საცხოვრებელ ფართში ატარებენ, რადგან ომის დროს დაზიანებულ საცხოვრებელი სახლის სახურავი და კარ-ფანჯარა შესაცვლელია, რის გამოც ზამთრის სეზონზე სახლების გათბობა უჭირთ.
ცისანა თაზიაშვილი ზარდიაანთკარში მცხოვრები: ,,ზამთარში პრაქტიკულად გაუსაძლისი პირობებია საცხოვრებლად. ორჯერ იყო კომისია ამოსული, აღწერეს დაზიანებები, მაგრამ დაზიანებული სახლების შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ იმედი მოგვეცა, რომ საკითხი გადაწყდება და საცხოვრებლად ნორმალური პირობები გვექნება სახლებში".

2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ -ფარგლებში გამართა, რომელიც დაფინანსებულია აშშ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს იცავს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ახალი ამბები