კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მამაკაცი, რომლის ცემაშიც პოლიციას ადანაშაულებენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

18 აპრილი, 2019
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მცხოვრები 55 წლის ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცს კაჭრეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა სცემეს, რის გამოც თავის ტრავმა მიიღო.

ზვიად მთავრიშვილი ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციაში, გუშინ, 15 აპრილს გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მამაკაცს ჰემატომა ჰქონდა, რომელიც ოპერაციის შედეგად ამოკვეთეს. ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს იძიებს და საზოგადოებას დეტალები უახლოეს დღეებში ეცოდინება.

„ამ ამბავის დეტალური შესწავლა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან იქ საფუძველი არ არსებობდა, მიმდინარეობს. მერამდენე დღეს მოხდა მიმართვა, როდის მოხდა შემთხვევა – ეს დეტალურად იქნება შესწავლილი და საზოგადოებას და მხარეს ეცოდინება“, – განაცხადა გახარიამ.

სამართალდამცველების მიერ ზვიად მთავრიშვილის სავარაუდო ცემის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა 3 აპრილს გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ მამაკაცი 22 მარტს, ოჯახური კონფლიქტის გამო იყო დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის ზარი შევიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძამისი მისი ოჯახის წევრებს სახლიდან გაყრას უპირებდა. სამინისტროს განცხადებით, კაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა და მას არასრულწლოვნის დედასთან ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა.

„შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 10 დღის შემდეგ, 1-ელ აპრილს, გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ შევიდა შეტყობინება, რომ აღნიშნულ კლინიკაში ზვიად მთავრიშვილი უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს თავში არსებული ჰემატომით“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, რომლის ფარგლებშიც კაჭრეთის პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები დაათვალიერეს. ასევე, გამოიკითხნენ პოლიციელები, რომლებსაც 22 მარტს, ზვიად მთავრიშვილთან უშუალო შეხება ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე ზვიად მთავრიშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება.

პარალელურად, საქმეზე გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ახალი ამბები