კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ანალიზი

27 მაისი, 2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, სამწუხაროდ, დღემდე არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხადარი არასრულწლოვანთა მკვლელობის  საქმესთან მიმართებაში, რაზედაც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება  სააპელაციო სასამართლოში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სასამართლოზე გადაიტანონ და საქმის ირგვლივ არ გადადგან ქმედითი ნაბიჯები. ხოლო, მეორე მხრივ, თუ გადავხედავთ რა ხდება საქმეზე, რომელიც გამოყოფილია ძირითადი საქმიდან - არავითარი ქმედითი ნაბიჯები ამ მხრივაც არ გადადგმულა. კითხვებს აჩენს ის საკითხიც, რომ გამოყოფილი საქმეა შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე და განმარტავენ, რომ ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში იძიებენ მათ შორის სხვა პირთა მონაწილეობას სარალიძის მკვლელობის ეპიზოდში. თუმცა, გაუგებარია რატომ გამოიყო საქმე  შეუტყობილებლობასა და მოწმეთა ზემოქმედებაზე, როდესაც დღემდე არ არის დადგენილი დავით სარალიძის მკვლელი. 

ამჟამად, საქმე დასასრულს უახლოვდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საქმეში გადამწყვეტ სიტყვას  სწორედ სააპელაციო სასამართლო იტყვის. ვინაიდან სწორედ სასამართლოს შეუძლია  აიძულოს  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პროკურატურა, გადადგან ქმედითი ნაბიძჯები და „აღასრულონ სამართალი“.

დავით სარალიძის ოჯახის ინტერესი არ არის აღნიშნულ საქმეში მონაწილე პირების დაცვა, არამედ  - მხოლოდ სიმართლის დადგენა, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და რას შეეწირა მათი შვილის სიცოცხლე. სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებისათვის ცნობილი იყოს თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვაცხადებთ, რომ იმ პირთა გარდა, რომლებიც მსჯავრდებულის სახით სასჯელს იხდიან, საქმეში მონაწილეობა კიდევ არაერთმა პირმა მიიღო.

პროკურატურა საკუთარი ვერსიის გასამყარებლად, ძირითადად, ეყრდნობა მოწმის ჩვენებას, რომლის შინაარსიც შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას: მისი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, მიუხედავად პროკურატურის მცდელობისა, აღნიშნული წინააღმდეგობები მოწმეზე განხორციელებული გავლენით გაემართლებინა, (რის გამოც ბრალი წარუდგინა პირს, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმა) შედეგი არ გამოიღო. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ მას შემდეგ, რაც მ.კ-ს, როგორც მოწმის, სანდოობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,  პოზიციის გასამყარებლად განაცხადა, რომ მხოლოდ ამ მოწმეს კი არ ეყრდნობა, იმავეს ამბობს მოწმე გ.მ.-ო.  

მოწმე გ.მ.

მოწმე გ.მ  აღწერს ფარდულში განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ დაინახა დავით სარალიძე, რომელიც იდგა გ.ჯ-ს პირისპირ და მიხეილ კალანდია - მის გვერდით.   „გ.ჯ-ს მარჯვენა ხელში ეკავა დანა და უქნევდა დავით სარალიძეს ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან - მარცხნივ. გ.ჯ-მ დანა რამდენჯერმე მოუქნია დავით სარალიძეს, დანა, რომლის მხოლოდ პირი დაინახა, იყო ვერცხლისფერი. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. ამ დროს მიხეილ კალანდიამ, დავით სარალიძეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარცხენა მხარეს, კისრის არეში. გ.ბ ფარდულში არ დაუნახავს“.   ამ დროს იგი  ეხმარება მეგობარს, რომელსაც რამდენიმე პირი სცემდა და როდესაც ფარდულში დაბრუნდა, „დაინახა მიხეილ კალანდია და გ.ჯ, რომელთაც ტანსაცმელზე ჰქონდათ სისხლი, ჩამუხლული იყო და წამოდგომას ცდილობდა. ამის შემდეგ გარბიან. შემდეგ იგი ხედავს როგორ მოუქნია გ.ბ- მ მარჯვენა ხელით დანა მუცლის  და მკერდის არეში ლევან დადუნაშვილს.  აღნიშნულის შემდეგ აღწერს გაქცევის ეპიზოდს და ამბობს, რომ გ.ბ-მ ნაცრისფერი (ვერცხლისფერი) დანა გარეცხა და  ჩაიდო ჯიბეში, თან აღნიშნა, სავარაუდოდ, ვიღაც დავჭერიო. 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, რომელიც ჩატარდა გ.მ-ს ჩვენების შესამოწმებლად, განიმარტა, რომ გ.ჯ-ს ჩხუბში ეხმარებოდა მიხეილ კალანდია და აღწერს, რომ გ.ბ დანას ურტყამდა ლევან დადუნაშვილს და  გაქცევის შემდეგ თქვა რომ ვიღაც დაჭრა. 

მოწმე დ. ღ-მ  დაინახა, რომ ფარდულში იყვნენ მიხეილ კალანდია გ.ჯ. და დავით სარალიძე.

ნეიტრალური მოწმე ზ.ც., რომელიც ამბობს, რომ დაინახა ფარდული, სადაც იდგა სამი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი, როგორც მოგვიანებით გაიგო, დავით სარალიძე იყო ფარდულში ოდნავ შიგნით და ოდნავ მოხრილი. ორი პირი იდგა მის მოპირდაპირე მხარეს. 

ისმის კითხვა -  ვინ ადასტურებს გ.ბ-ს მიერ დავით სარალიძის მიმართ დანის გამოყენების ფაქტს? ესაა მხოლოდ მიხეილ კალანდია. მხოლოდ იგი უთითებს გ.ბ-ს ფარდულში ყოფნის ფაქტს. არცერთ სხვა მოწმეს, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, არ დაუდასტურებია გ.ბ-ს ფარდულში ყოფნის ფაქტი. ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ პროკურატურამ მიხეილ კალანდიასა და გ.ბ-ს მდებარეობა გაცვალა. 

ამდენად, პროკურატურის მტკიცებულება გ.ბ-ს წინააღმდეგ არის  მხოლოდ მიხეილ კალანდია და დანა, რომელზეც არ არის დავით სარალიძის დნმ პროფილი. ამის ნაცვლად, სარალიძის სისხლის მცირე ლაქა აღმოჩენილია ხელსახოცზე, რომელშიც იყო დანა გახვეული და რომელიც არა გ.ბ-ს, არამედ სხვა პირს ეკუთვნოდა, რომელსაც ასევე ჰქონდა შემხებლობა გ.ჯ.-სთან, რომელიც დავით სარალიძის დიდი ოდენობით სისხლით იყო დასვრილი. შესაბამისად, შეუძლებელია იმის უპირობოდ მტკიცება, რომ დნმ პროფილი დანიდან გადავიდა ხელსახოცზე.  

იმ პირთა გარდა, ვინც მსჯავრდებულის სახით სასჯელს იხდის, საქმეში მონაწილეობა კიდევ არაერთმა პირმა მიიღო. სწორედ ამ პოზიციას იზიარებს სასამართლოს განაჩენი, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდების მხარე ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომლის ფარგლებშიც იხილავს სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს, მხოლოდ ორ ბრალდებულს  გ.ჯ-სა და გ.ბ-ს ედავებოდა ჯგუფურად დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სხვა ისეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად  ბრალდების მხარე არ ედავებოდა ბრალდებულებს, იქნებოდა ბრალდების ფარგლებს გაცდენა. მაგალითად, იმის დადგენა, რომ რომელიმე ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად სხვა რომელიმე პირთან ერთად.  განაჩენის ეს ფორმულირება ნათლად წარმოაჩენს სასამართლოს დამოკიდებულებას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ არაობიექტურად ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გადაგზავნილ მასალებში არ დაფიქსირდა დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებული საკვანძო გარემოებები.  დღესაც პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე ცდილობს, დაასაბუთოს მის მიერ წარდგენილი ბრალდება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროკურატურა საკუთარი ვერსიის გასამყარებლად ძირითადად ეყრდნობა მოწმის ჩვენებას, რომლის შინაარსიც შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, როგორ შეიძლება სანდო მოწმედ მოგვევლინოს პირი რომლის ქმედებაშიც სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება. კერძოდ: პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით დაზიანებებს მუცელსა და გულ-მკერდში, ის კი ამ დროს ხელით იჭერს და მუშტებს ურტყამს (პროკურატურის ვერსიით) მსხვერპლს სახესა და ლავიწის არეში, თავისი აქტიური ქმედებით ხდება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მონაწილე.

გადავხედოთ, თუ რა დეტალებზე ამახვილებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ყურადღებას:

კერძოდ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების მიხედვით დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელ ფიგურანტს, მ.კ.-ს, ხელში ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს. კომისიამ დამატებით გაარკვია, რომ ეს საგანი მ.კ.-მ: 

- ჩხუბამდე აჩვენა 51-ე სკოლის წინ შეკრებილ მეგობრებს; 

- ჩხუბის შემდეგ აჩვენა ხორავას N 26-ში შეკრებილ მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს. 

მოწმეთაგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი, თუმცა დანამდვილებით ვერ დგინდება, ჰქონდა თუ არა მ.კ.-ს ნივთს - “ტარი” .

აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, როგორ აჩვენებს მ.კ. თავის მეგობრებს ამ საგანს. ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი საკვანძო დეტალი. მათ ასევე არ გამოუკითხავთ შესაბამისი მოწმეები და არ უმუშავიათ დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსიაზე, რაც გამოძიების აშკარა მიკერძოებაზე მიუთითებს.
  • საქმეში მირზა სუბელიანის მონაწილეობის კვალი

კომისიამ შეისწავლა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით, მან გამოიკვლია სუბელიანის შვილისა და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. 

მირზა სუბელიანის შვილის, ა.ს.-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა, ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები:

- არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები; ფრჩხილის ნიმუში შეიძლება შეიცავდეს როგორც სისხლისა და ბიოლოგიური მასალის კვალს, ისე ტანსაცმლის ბოჭკოს. 

- არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი; 

- არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი ბინა; 

- ა.ს.-ს მობილური ტელეფონი ამოიღო დაკითხვიდან 15 დღის შემდეგ, როდესაც ყველა ინფორმაცია უკვე წაშლილი იყო; 

- არ ამოიღო ა.ს.-სა და მიხეილ კალანდიას მიმოწერა სოციალურ ქსელში, რომლის მეშვეობითაც გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს, განზრახვასა და ორგანიზების დეტალებს; 

- არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი; 

- არ ჩაატარა არცერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, ტელეფონის მიყურადება. 

მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მიხეილ კალანდიას მიმართ გამოძიებამ არ ჩაატარა, ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადაამოწმა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია. 

გამოძიებისთვის 1 დეკემბერს უკვე ცნობილი გახლდათ, რომ მიხეილ კალანდია იყო ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რომელმაც დეიდაშვილის, ა.ს.-ს დასახმარებლად 51-ე სკოლასთან მიიყვანა მეგობრები; მან ასევე იცოდა, რომ მიხეილ კალანდია 1 დეკემბერს მომხდარი ჩხუბის შემდეგ მიიმალა და აშკარად მოიტყუა 2 დეკემბერს მიცემულ ჩვენებაში. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას მის მიმართ არ ჩაუტარებია მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოქმედებები: 

- არ ამოიღო მიხეილ კალანდიას ტანსაცმელი (მაისური და ქურთუკი), თუმცა კი გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი მაისური იყო სისხლიანი. აღსანიშნავია, რომ თავად მიხეილ კალანდიამ და მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ, კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადეს, რომ ეს ტანსაცმელი დღესაც მათ სახლში ინახება; 

- არ ამოიღო მიხეილ კალანდიას კომპიუტერი და არ შეამოწმა მისი მიმოწერა სოციალური ქსელებით („ინსტაგრამი“ და „ფეისბუქი“) - ერთი მხრივ, ა.ს.-სთან და, მეორე მხრივ, გ.ჯ.-სთან. ამ მიმოწერით, გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს, განზრახვასა და ორგანიზების დეტალებს; 

- არ ჩაატარა არცერთი ფარული საგამოძიებო ღონისძიება, მათ შორის, ტელეფონის მიყურადება; 

- არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი; 

- არ ჩაწერა ფარულად მიხეილ კალანდიას გამოკითხვა, განსხვავებით გ.მ.-ს, ა.დ.-სა და გ.ბ.-სგან, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ კალანდია პირველ დღეს მიიმალა, ხოლო პირველივე გამოკითხვისას პოლიციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა; ამასთან, მიხეილ კალანდია, განსხვავებით საქმის სხვა ფიგურანტებისგან, ჩხუბის დროს პრაქტიკულად სულ ფარდულში იმყოფებოდა და უშუალოდ შეესწრო დავით სარალიძის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტს; 

- მიკერძოებულად და დაგვიანებით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი მიხეილ კალანდიას მონაწილეობით. კერძოდ: 


ა) არ გამოიკითხა მოზარდების განლაგება ფარდულში დავით სარალიძის მკვლელობისას, მაშინ, როდესაც გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ კალანდია ჩხუბის დასაწყისიდან დასასრულამდე იმყოფებოდა ფარდულში; 

ბ) არ გაარკვია მიხეილ კალანდიასა და სხვა მოზარდების გაქცევის სრული მარშრუტი. შესაბამისად, არ ამოიღო სვანიძის, გუდაურისა და ჯანაშიას ქუჩებზე მდებარე გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები; 

გ) არ დააზუსტა მაღაზია, სადაც მიხეილ კალანდიამ იყიდა წყალი. შესაბამისად, არ დაუდგენია მაღაზიის გამყიდველის ვინაობა და არ გამოუკითხავს იგი. 

- არ დაკითხა გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიხეილ კალანდიას  შესახებ; 

- პროკურატურამ დაიყოლია ერთ-ერთი მოწმე სასამართლოსთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდიამ  ჩხუბის დაწყებისას ხელი ჩაიყო ჯიბეში; 
- ეს ინფორმაცია კომისიას მიაწოდა თავად მოწმემ (დ.ღ.-მ).
 
გამოძიებამ არ ამოიღო ა.ს-სა და მ.კ.-ს, მ.კ.-სა და გ.ჯ.-ს, გ.ჯ.-სა და გ.მ.-ს, გ.ჯ.-სა და გ.ბ.-ს მიმოწერა, რაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იყო 51-ე სკოლასთან მისული მოზარდების ჯგუფის განზრახვის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ არცერთ ეტაპზე გამოძიება არ დაინტერესებულა ამ მიმოწერით და არ შეუმოწმებია ფიგურანტთა ტექნიკური საშუალებები.

მიხეილ კალანდიას სასარგებლოდ გამოძიების მიკერძოებას კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს პროკურატურის მოქმედება. კერძოდ, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ჩხუბის დაწყების მომენტში, როდესაც დავით სარალიძე დაეჯახა გ.ჯ.-ს და შეაგდო ფარდულში, მას შეჰყვნენ მ.კ., და დ.ღ. ეს დასტურდება ჩვენებათა ერთობლიობით. მიუხედავად ამისა, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე სასამართლოში და კომისიასთან შეხვედრაზე ავითარებდა ვერსიას, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყების შემდეგ 8-9 მეტრის (სასამართლოში ამბობდა 6-7 მეტრს) მოშორებიდან დაინახა, როგორ მიაყენა გ.ბ.-მ დანით ჭრილობები დავით სარალიძეს. პროკურატურის ვერსია ფარდულიდან ამ მანძილზე მ.კ.-ს ყოფნის შესახებ ეყრდნობა მხოლოდ მ.კ.-ს ჩვენებას და სრულად ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს. 

პროკურატურა მთელი საქმის განმავლობაში იცავდა ვერსიას, რომ მ.კ.-მ დაინახა, როგორ ურტყამდა გ.ბ. დანას დავით სარალიძეს. შემდეგ თვითონ მივიდა დაჭრილ მოზარდთან, მუშტებით სცემდა მას და ცდილობდა დამორჩილებას. პარალელურად, ან ამის შემდეგ, მან დაინახა, როგორ ურტყამდა დავით სარალიძეს დანას მსჯავრდებული გ.ჯ. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ მ.კ.-ს ეს მოქმედება კომისიის სხდომაზე წარმოაჩინა, როგორც გაშველების მცდელობა, რაც სრული აბსურდია. 

მტკიცებულებათა ერთობლიობით - ექვსი მოწმის პირდაპირი ჩვენება, გ.ბ.-სთან ფარულად ჩაწერილი გასაუბრება, თავად მიხეილ კალანდიასა და მისი ძმის ჩვენება, რომელთაც, თავის მხრივ, ეყრდნობა პროკურატურა დასკვნით სიტყვაში - აშკარად იკვეთება მ.კ.-ს ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. კერძოდ: პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით დაზიანებებს მუცელსა და გულ-მკერდში, ის კი ამ დროს ხელით იჭერს და მუშტებს ურტყამს (პროკურატურის ვერსიით) მსხვერპლს სახესა და ლავიწის არეში, თავისი აქტიური ქმედებით ხდება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მონაწილე. 

საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტება, თითქოს მ.კ.-ს ამოძრავებდა გ.ჯ.-ს დახმარების განზრახვა, პირდაპირ ეწინააღმდეგება პროკურატურის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წინაშე გამოხატულ პოზიციას. ამ პოზიციის მიხედვით, გ.ჯ. არ იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. იგი განზრახ, მოკვლის მიზნით, დანით აყენებს ჭრილობებს დავით სარალიძეს. ამას ხედავს და ჩვენებებით ადასტურებს მიხეილ კალანდია, რომელიც ამ დროს იჭერს და ურტყამს მსხვერპლს. შესაბამისად, იგი აქტიურად ეხმარება პირს, რომელსაც მკვლელობის განზრახვა აქვს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეგნებულად არ ვიყენებთ ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის მასალებს, ვინაიდან  ხელი არ შეეშალოს გამოძიებას, თუნდაც ფორმალურად.   ვიყენებთ მხოლოდ იმ მასალას, რაც სასამარლო განხილვასა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას იყო ნათელი. 

საზოგადოება 2017 წლის 1 დეკემბრიდან აქტიურად ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. ამ შემთხვევის შემდეგ  განვითარებული მოვლენების შედეგად გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი, ასევე, შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, საქართველს სახალხო დამცველმა მიიღო რეკომენდაციები, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა მოვლენებს. მიუხედავად აღნიშნულისა,  დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი და ბუნდოვანებაა საქმის ირგვლივ, რაც შესაბამისად, ასახვას პოულობს საზოგადოების დამოკიდებულებაში ხელისუფლების ორგანოების მიმართ. 


ნესტან ლონდარიძე
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი,
ზაზა სარალიძის ადვოკატი

ახალი ამბები