04:11, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართა

04.06.2019

 
2019 წლის 20-24 მაისს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების მორიგი სერია გაიმართა.

შეხვედრები შეეხებოდა არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე სასამართლოს ორგანოები დგას როგორც წინასწარი მოკვლევის ან/და გამოძიების წარმოებისას სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

მრგვალი მაგიდის შეხვედრებში მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის მხრიდან კი - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საქართველოდან შეხვედრებს ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „საერთაშორისო სამართლიანობის“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და მოუწოდეს პროკურატურის ორგანოს წარმომადგენლებს, გამოძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდეს ომის დროს ჩადენილ ყველაზე მასშტაბურ და მძიმე დანაშაულებზე, მათ შორის, ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაზე . ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სასამართლოს პროკურორის ოფისმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენა შეძლოს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში გამოძიების წარმატების მნიშვნელობაზე აფრიკის გარეთ რეგიონებისთვის, ვინაიდან საქართველოს სიტუაცია სასამართლოსთვის პირველი არა-აფრიკული გამოძიებაა, რომელსაც ზეგავლენა ექნება სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში სამომავლო მხარდაჭერის, ნდობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს დაზარალებულ დევნილთა ამჟამინდელ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სასამართლოსთან არსებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის მხრიდან ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების მიზნით მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების საჭიროებაზე. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გაძლიერებისა და დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსით აღჭურვის აუცილებლობაზე, ასევე აქტიური საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, მათ შორის, დაზარალებულ პირებთან როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატის, როლის და მიმდინარე გამოძიების შესახებ, ასევე, სამართალწარმოების პროცესში მათ უფლებებთან დაკავშირებით. 

თავის მხრივ სასამართლოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში მიმდინარე გამოძიების პრიორიტეტულობას და მნიშვნელობას. პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა,  მიმდინარე პროცესის კონფიდენციალური ხასიათისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავეს კონკრეტული დეტალების გამჟღავნებისგან. ნდობის ფონდის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ფონდი ამჟამად ახორციელებს დაზარალებულ დევნილთა მდგომარეობის შეფასებას და 2019 წლის ნოემბერში ფონდის გამგეობა გადაწყვეტს დაზარალებულთა მხარდაჭერის მიზნით კონკრეტული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების საკითხს საქართველოში.

მრგვალი მაგიდის შეხვედრებში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან მონაწილეობდნენ ღია საზოგადოების ფონდის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიციის ფინანსური მხარდაჭერით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:

 ადამიანის უფლებათა ცენტრი
 საერთაშორისო სამართლიანობა
 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC