კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატუსის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები

26 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. დაზარალებულები უკვე მე-11 წელია, დაკარგული სახლების და ნაკვეთების კომპენსაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 

,,ჩემი შვილი აშენებდა სახლს, ერთი სართული მთლიანად დასრულებული იყო. მივმართეთ პროკურატურას, ხელისუფლებას, საიდანაც გვპასუხობენ, რომ თქვენი სახლები და ნაკვეთები მოხვდა უკონტროლო ტერიტორიაზე და ზარალის ანაზღაურების საკითხი ჯერ არ დგას დღის წესრიგში",  აცხადებს თამარ ჭულუხაძე.

სოფლის იმ ნაწილზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა დაიკავა, ნიქოზელებს ძირითადად ნაკვეთები ჰქონდათ. 

,,2008 წლის ომის შემდეგ მოიყვანეს ტრაქტორი და ე.წ. „გამყოფი ხაზი“ გადმოწიეს აქეთ და ჩვენი ნაკვეთები დაისაკუთრეს. ომამდე ნაკვეთები, პრაქტიკულად, გვერდიგვერდ გვქონდა ოსებსა და ქართველებს",   ამბობს აპოლონ მჭედლიშვილი.

სოფელ ნიქოზში ომის შედეგად მიყენებული ზარალი არ აუნაზღაურებიათ. ადგილობრივების თქმით, მხოლოდ იმ ადამიანებს გადასცეს კომპენსაცია, რომელთა სახლებიც დაიბომბა. დღემდე ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას ისინი, ვისი სახლებიც ომის დროს გაიქურდა, ვისაც ტექნიკასთან ერთად საქონელიც მოპარეს. მიუხედავად დიდი ზარალისა, მათი ნაწილი დაზარალებულადაც არ არის ცნობილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ჯგუფი ნიქოზში ჩავიდა და იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ორგანიზაციის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო სტრუქტურებს მოუწოდებს, რომ მოსახლეობასთან საკუთარი სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და დაზარალებულების მონაცემები განაახლონ.

,,ფაქტია, რომ ბევრ მსხვერპლს არა აქვს სტატუსი, ნაწილის დადგენაც ვერ მოხდა. არის შემთხვევები, როდესაც პირს, რომელსაც სტატუსი მიანიჭეს  გარდაიცვალა ან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია, რომ განახლებული ინფორმაცია ჰქონდეთ საგამოძიებო ორგანოებს. თუ საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან დადგება კომპენსაციის გაცემის საკითხი, გამოძიება ამას მომზადებული უნდა დახვდეს. თუმცა ნიქოზში ძალიან ბევრ დაზარალებულს ინფორმაცია არა აქვს საკუთარი სტატუსის შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ამ კუთხით არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა. როდესაც გამოძიება მიმდინარეობს  ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამაც გაააქტიუროს მუშაობა და ჰქონდეს განახლებული და ამომწურავი ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულების შესახებ", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის განაცხადებით,  პროკურატურას მიმართავენ რათა გადამოწმდეს როგორც დაზარალებულის  სტატუსი, ასევე მოხდეს დაზარალებულების მონაცემების განახლება.

“მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ გააჩნია დაზარალებულის სტატუსი. ისინი სამართალდამცავ სტრუქტურებში გამოკითხეს, თუმცა სტატუსთან დაკავშირებით არ არიან ინფორმირებული და არც პროკურატურისგან მიუღიათ რაიმე შეტყობინება. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმდება პროკურატურაში, თუ რატომ არ ხდება ამ ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება", - აღნიშნავს დიმიტრი ნოზაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მონიტორინგს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ დაფინასებული პროექტის ფარგლებში ახორციელებდნენ, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების, გამოძიების მხარდაჭერას გულისხმობს.

ახალი ამბები