01:41, Sunday, 18.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესს აფასებს

18.07.2019

 
2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. ამ პროცედურის მიმდინარეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი, პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც კანდიდატთა შერჩევის პროცესს ჩრდილს აყენებს და ხელს უშლის მის გამჭვირვალედ და ლეგიტიმურად წარმართვას, კერძოდ:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერესთა კონფლიქტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოს წევრებს ავალდებულებს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადონ ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღონ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.  

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში არის ზურაბ აზნაურაშვილი, რომელსაც ნათესაური კავშირი აქვს (მაზლი) იუსტიციის საბჭოს წევრთან, თამარ ონიანთან. ერთ-ერთი კანდიდატია ასევე მოქმედი მოსამართლე ლევან თევზაძეც, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. მიუხედავად ცალსახა ინტერესთა კონფლიქტისა, მათ წინასწარ არ განაცხადეს ამის  შესახებ, არ ჩამოსცილდნენ აღნიშნულ პროცესს და მონაწილეობა მიიღეს პირველ ფარულ კენჭისყრაში, რომლის შედეგადაც შედგა კანდიდატთა პირველი გადარჩევა და 137 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე გადავიდა 50 კანდიდატი. სიაში მოხვდა ორივე ზემოთ დასახელებული კანდიდატი.   

საბჭოს არაუფლებამოსილი წევრის მიერ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობას იღებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ზაზა ხარებავა. არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებითი დარღვევას და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობას წარმოადგენს.  კოალიციამ ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2019 წლის 14 მაისს მიმართა, თუმცა საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად საქართველოს პარლამენტს  ამ საკითხზე არ უმსჯელია. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია იუსტიციის საბჭოს მდივანიც. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე არ თავმჯდომარეობს ამ პროცედურის ფარგლებში საბჭოს სხდომებს, იგი კვლავ რჩება იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე და შესაბამისად, ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს. საყურადღებოა, რომ სწორედ ეს უკანასკნელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძეს კვლავ რჩება ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურაზე.  

პირველ ფარულ კენჭისყრაზე საბჭოს წევრების მიერ ხმების გადანაწილება

2019 წლის 20 ივნისს საბჭომ  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით პირველი ფარული კენჭისყრა ჩაატარა. აღნიშნული კენჭისყრისას ფაქტობრივად დადასტურდა ის ვარაუდი, რომელიც კოალიციას  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ზემოაღნიშნული ცვლილებების საკომიტეტო განხილვაზე ჰქონდა. კერძოდ, კენჭისყრის პროცესის დაკვირვებამ გამოავლინა კენჭისყრის ბიულეტენები, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემით და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. ცალსახაა, რომ თუ საბჭოს თითოეული წევრი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად და წინასწარი კომუნიკაციის (შეთანხმების) გარეშე მისცემდნენ ხმას სასურველ 20 კანდიდატს, კენჭისყრის ფარულობის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მათ მიერ შერჩეული კანდიდატების ასეთი ზუსტი დამთხვევა.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი

2019 წლის 31 მაისს კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე იუსტიციის საბჭომ უარი განაცხადა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. თუმცა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი პირდაპირ ადგენს, რომ კანდიდატი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში თანხმობას აცხადებს მის შესახებ არსებული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების „მოძიებაზე / გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე / გასაჯაროებაზე“. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასწორად განმარტავდა ორგანული კანონის ზემოთ აღნიშნულ ჩანაწერს. მისი განმარტებით, პირი მხოლოდ საქართველოს პარლამენტისთვის ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) გადაცემა/გასაჯაროებაზე აცხადებდა თანხმობას და არა ზოგადად გასაჯაროებაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ საბჭომ მხოლოდ მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, რაც 2019 წლის 12 ივლისს საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმომადგენელთა პრინციპული პოზიციები მოისმინა ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობის შესახებ. 

იმ მოცემულობაში, როდესაც ხდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა, თავად უზენაესი სასამართლოს როლის და მნიშვნელობის, ასევე  განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობისას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს ღია და გამჭვირვალედ და არ ტოვებდეს ისეთ კითხვებს, რაც მომავალში ჩრდილს მიაყენებს თავად შერჩეული კანდიდატების ლეგიტიმაციას. 
 
კოალიცია მოუწოდებს: 

- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს: კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე უზრუნველყოს პროცესის სრული გამჭვირვალობა, კანდიდატებთან გასაუბრებას დაეთმოს გონივრული დრო და საბჭოს წევრებმა დასვან ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მიიღონ სათანადო ინფორმაცია კანდიდატის წარსულის, მისი პროფესიული გამოცდილების, ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ;

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს: ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, უარი თქვას საბჭოს მდივნის მოვალეობების შესრულებაზე ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანიდიდატობაზე; 
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თამარ ონიანს და ირაკლი შენგელიას: არ მიიღონ მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებში;

- საქართველოს პარლამენტს: დროულად განიხილოს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ზაზა ხარებავასთვის, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC