კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების თაობაზე

19 ივლისი, 2019
 
ამ დღეებში კიდევ ერთი მუშა, ამჯერად - არასრულწლოვანი, ემსხვერპლა შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევას. 2019 წლის 16 ივლისს თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე 14 სართულიანი კორპუსის ლიფტის შახტში 16 წლის მუშა ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა ცენტრი უსამძიმრებს დაღუპული მოზარდის ოჯახს.
 
როგორც გაირკვა, ტრაგიკულ შემთხვევამდე, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე ობიექტი, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურს არ შეუმოწმებია. მათი განცხადებით, შემთხვევის შემდეგ პირველადი შემოწმებით დადგინდა, რომ ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
 
შრომის ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავების და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პრევენციისა და აღსრულების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილებზე შრომის ინსპექტორის დაშვებაზე არსებული შეზღუდვები, ასევე პრობლემაა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები და რიგი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების გადავადება. ყოველივე ეს კი საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 
 
თითოეულ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ცალსახად სახელმწიფოს ეკისრება. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, შრომის უფლების დაცვისა და არსებული კრიზისების აღმოფხვრის რეალური პოლიტიკური ნება კვლავ არ არსებობს. ამას მიანიშნებს საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის არაეფექტიანი მუშაობა, რის გამოც საკანონმდებლო ბაზაც არასრულყოფილია და დარღვევებზეც საპარლამენტო კონტროლიც ფაქტობრივად არ ხორციელდება. 
 
უკიდურეს აღშფოთებას იწვევს ბავშვთა შრომის გამოყენების კუთხით არსებული მდგომარეობა - სახელმწიფო თავს არიდებს პოზიტიური ვალდებულებების შესრულებას და ეფექტიანად არ იცავს არასრულწლოვან დასაქმებულთა უფლებებს. „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ეროვნულ დონეზე შემუშავდეს პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი არასრულწლოვანთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახელმწიფო, ამ დრომდე, თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 
 
სისტემურ პრობლემად რჩება შემთხვევები, როცა არასრულწლოვნები იძულებულები ხდებიან, შეასრულონ თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოები. 2015 წელს საქსტატის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში დამაზიანებელ შრომით საქმიანობას იძულებით 24.4 ათასი 5-17 წლის ასაკის ბავშვი ეწევა - მათი თითქმის 64% სახიფათო შრომას ასრულებს. ამის გამომწვევი მიზეზი კი ქვეყანაში არსებული გაუმართავი სოციალური დაცვის სისტემებია. ქვეყანაში არსებული ბავშვთა დაცვის სისტემა ვერ მუშაობს. ამასთან, არ ასებობს ბავშვთა შრომითი უფლებების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, რის გამოც ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების და საშიშ პირობებში მუშაობის შემთხვევების გამოვლენა სახელმწიფოს კონტროლს მიღმა რჩება. 
 
მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის არსებული დანაწესით, დასაქმებისთვის დასაშვებ ასაკად 16 წელია მიჩნეული, კოდექსი დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთა (18 წლამდე პირთა) შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არის განსაზღვრული, რა ითვლება სახიფათო შრომად, რაც აფერხებს ამ ნორმის ეფექტიან იმპლემენტაციას.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მივმართავს საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის უწყებას, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყონ პრევენციული ღონისძიებები მათ მიერ მავნე პირობებში სამუშაოს შესრულების თავიდან ასაცილებლად.
 
საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ადეკვატური კანონმდებლობა და ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმი მოქალაქეთა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვისთვის.
 

ახალი ამბები