ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
სამსახურეობრივი საქმიანობის შესრულებისას დაშავებული გორის მერიის კეთილმოწყობის თანამშრომლი, 75 წლის ნუგზარ რამაზოღლი საავდმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარება კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში იყო.
არსებული ინფორმაციით, კეთილმოწყობის თანამშრომელს რეგიონული მოდის კვირეულის სარეკლამო ბანერი გადაჰქონდა. ძლიერმა ქარმა იგი სამსახურის მანქანის ძარადან გადმოაგდო და თავი ასფალტს დაარტყა.
იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებისგან ითხოვენ. ოჯახს ასევე კითხვა აქვთ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ - ევალებოდა თუ არა დასუფთავების თანამშრომელს სარეკლამო ბანერის გადატანა?
„40 წელია, დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. მას არ ევალებოდა ბანერის გადატანა და თუ დაავალეს, მარტო ის ამ ბანერს ვერ დაიჭერდა. ყველაფერზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაგვცენ პასუხი იმ შეკითხვებზე, რაც ოჯახის წევრებს გვაქვს“, - აცხადებს გარდაცვლილის შვილი, რაფიკ რამაზოღლი.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რეგიონული მოდის კვირეულის ჩასატარებლად, ტექნიკურ სამუშაოებში დახმარება მათ მერიამ წერილობით დაავალა და ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად დასუფთავების თანამშრომლები გამოიყო.
„რა და როგორ მოხდა, ამას დაადგენს გამოძიება. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო მისთვის და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა ამისთვის“, - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი.