03:52, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს

20.08.2019

 
5 და 6 აგვისტოს გაიმართა საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც განიხილებოდა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ინიციატივები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. გვსურს გამოვეხმაუროთ სამუშაო ჯგუფში განხილულ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

წარმოდგენილი ინიციატივებიდან მისასალმებელია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შემოთავაზებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ე. წ. რეგრესული წესით მოხდება. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს პარტიების მიერ მიღებულ დაფინანსებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას. 

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებს, სამწუხაროდ, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტი შეიცავს არაერთ პრობლემურ საკითხს, რაც ამ სახით მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რეგულაციები, რაც გამოხატვის თავისუფლებას და მედიას უკავშირდება. შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას, რაც ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებების მუშაობაზე.

სიძულვილის ენის რეგულირება: შემოთავაზებული ცვლილებებით, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს თუ რა სახის ტექსტს არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის და მათ მხარდამჭერების მოწოდება/განცხადება ემატება „სიძულვილის ენა და ქსენოფობია“. 

სიძულვილის ენის ამ სახით რეგულირება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში დამკვიდრებულ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის განმარტებას. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილება გამოიწვევს გაუგებრობას ტერმინის შინაარსთან დაკავშირებით, რაც თავის თავში შეიცავს სიძულვილის ენის არასწორი ინტეპრეტაციის რისკს. ბოლო პერიოდში სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, აღნიშნული აკრძალვა მაღალი ალბათობით შესაძლოა გახდეს პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორებისთვის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის საშუალება. 

მნიშვნელოვანია, იმის ხაზგასმა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბურ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა არა სიძულვილის ენა, არამედ პოლიტიკური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული დისკრედიტაციული და მკვეთრად ნეგატიური კამპანია, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, კანდიდატ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მსგავსი ნეგატიური კამპანია მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან შეფასებული იყო, როგორც „სიძულვილის ენა“. სინამდვილეში, სიძულვილის ენა, რაც გულისხმობს რასისტულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რომელიც კონკრეტული ნიშნიდან გამომდინარე პირთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, გასულ არჩევნებზე შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა და პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსი უკვე შეიცავს ამკრძალავ ჩანაწერს ეროვნული შუღლისა და რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებისკენ მოწოდების თაობაზე. 

ანტირეკლამის შეზღუდვა: შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, ანტირეკლამა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლის 25%-ს. მოცემული ცვლილება ასევე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. კანონმდებლობის თანახმად, ანტირეკლამა წარმოადგენს აგიტაციის დაშვებულ ფორმას. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია როგორ კამპანიას აწაროებს ის, როგორ მოახდენს ამომრჩეველთან კომუნიკაციას და რა დოზით მიმართავს ანტირეკლამას. როგორც საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, ნეგატიური კამპანია პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა ეს არის დაბალი პოლიტიკური კულტურითა და ეთიკის სტანდარტებით გამოწვეული. ეს არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი. გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტით ასეთი უხეში ჩარევა ვერ იქნება გამართლებული, განსაკუთრებით როდესაც საკითხი პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნებს ეხება. 

გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში შესაძლოა ბუნდოვანი იყოს თუ როგორ უნდა მოხდეს ანტირეკლამის გაზომვა. ეს კი, მედიაზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას ქმნის, ვინაიდან კანონპროექტი რეკლამის დამკვეთის მხრიდან მოცემული მოთხოვნის დარღვევაზე მედია საშუალების პასუხისმგებლობასაც ადგენს. 

რეკლამის შინაარსზე მედიისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება: კიდევ ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ის, რომ შემოთავაზებული ცცვლილებებით მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება შეამოწმოს პოლიტიკური რეკლამის შინაარსი და არ განათავსოს რეკლამა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი ითვალისწინებს მაუწყებლისთვის რეკლამის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას. აღნიშნულ რეგულაციას მსუსხავი ეფექტი ექნება მედიაზე საარჩევნო პერიოდში. შემოთავაზებული ცვლილებები ერთი მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედია საშაულებას, ხოლო მეორე მხრივ ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგუალციის ნეგატიურ ხასიათს. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელი და გაუმართლებელია მოცემული რეგულაციების მიღება. მათ ექნება უარყოფითი ეფექტი წინასაარჩევნო გარემოზე და გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საქართველოში ამ კუთხით დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის გაუარესებას. 

წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსაც. თუმცა, ამ მიმართულებით შემოთავაზებული ცვლილება არსებითად არ ცვლის საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური გავლენას და ვერ პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კუთხით არსებულ გამოწვევებს. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილლებები არ ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ რეკომენდაციებს ისეთ პრობლემატურ საკითებზე როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავები და აგიტაციის რეგულაციები. 

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა, რათა საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე, კანონპროექტი პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფდეს არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ჩვენი მხრივ მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა გავაგრძელოთ შემდეგ განხილვებში.   

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ლიბერალური აკადემია თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC