კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC: რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას უხეშად არის უგულვებელყოფილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები

24 სექტემბერი, 2019
 
19 სექტემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა, რომლითაც იგი ითხოვდა ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - რამზან ახიადოვის  ექსტრადაციას, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი და იძებნებოდა კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ინტერპოლის) წითელი ცირკულარით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი უნდა შეფასდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავ ქმედებად. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის ექსტრადაციისას საქართველოს ხელისუფლებამ არასწორად შეაფასა და უგულებელყო მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო რისკები, რითიც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც მსგავს პირობებში ექსტრადაციის დაუშვებლობას იმპერატიულად ადგენს. 

ტერორიზმის დანაშაულში ბრალდებული რამზან ახიადოვი წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფდა და მის მიმართ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ამახვილებდა ყურადღებას, ჩეჩნეთის პრეზიდენტის - რამზან კადიროვის ღია კრიტიკის გამო. შესაბამისად, დაკავებული და მისი უფლებადამცველი თავიდანვე უთითებდნენ ექსტრადირების შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არსებობაზე. 

რამზან ახიადოვმა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რითიც მოითხოვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. დეპარტამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებით ასევე უცვლელელი დარჩა. 

ასევე, არასაკმარისადაა დასაბუთებული  საქალაქო და უზენაესი სასამართლოს მიერ პირის ექსტრადაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ვერ ახდენს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესაძლო რისკების სათანადო შეფასებას. შედეგად, 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლებამ აღსრულებაში მოიყვანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა და განხორციელა რ. ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ მიგრაციის დეპარტამენტისა და არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და არსებული რისკების სამართლებრივად სწორად შეფასება. 

ექსტრადირების საკითხის განხილვისას, ბრალის არსისა და სიმძიმისგან დამოუკიდებლად, ყოველთვის სათანადოდ უნდა შეფასდეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები. თბილისის საქალაქო სასამართლომ, რ. ახიადოვის რუსეთში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, საკუთარ მსჯელობაში განმარტა, რომ ვერ იქნა საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი შეიძლება, ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის მსხვერპლი გამხდარიყო. მეტიც, სასამართლო ამ რისკების არარსებობაზე მსჯელობისას რუსეთის გენერალური პროკურორის წერილობით გარანტიას იშველიებს და იმ საერთაშორისო ვალდებულებებზე მიუთითებს, რომელიც რუსეთის ფედერაციას ნაკისრი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებითა თუ კონვენციით. 

იმ ფონზე, როდესაც არაერთი საერთაშორისო თუ რუსული უფლებადამცველი  ორგანიზაციები, აშშ-ს დეპარტამენტი და სხვადასხვა მედია საშუალება აქტიურად საუბრობენ რუსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე, პოლიტიკური მოტივით მკვლელობებზე, გაუჩინარებებზე, რუსულ საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და ა.შ. აღნიშნულმა უწყებებმა, რამზან ახიადოვის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არცერთი ზემოაღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინეს და ნდობა გამოუცხადეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებსა და გენერალური პროკურატურის მიერ გამოგზავნილ წერილობით ე.წ. ,,გარანტიას“. საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მხედველობიდან გამორჩათ ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ აღნიშნული ვალდებულებების აღიარების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული რუსეთის წინააღმდეგ, სადაც დგინდება კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლების დარღვევა. შესაბამისად, ეს ვალდებულებები ვერ იქნება მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველი და სასამართლოებს ისევე, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ამ საკითხზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელათ ინდივიდუალური საქმიდან გამომდინარე და მხედველობაში აუცილებლად უნდა მიეღოთ საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები.  

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ, რამზან ახიადოვის ექსტრადიციის საკითხის განხილვისას უხეშად არის უგულვებელყოფილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები და მისი დაუყოვნებლივი ექსტრადაცია არღვევს ახიადოვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვის აბსოლუტურ უფლებას და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც  შეიძლება საშიშ პრეცენდენტად ჩამოყალიბდეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრ  თეა წულუკიანს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და მოიპოვოს სანდო და დეტალური ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურორის წერილობითი გარანტიის აღსრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს მოსახლეობას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, არ დაუშვან ადამიანის უფლებების მსგავსი ინსტრუმენტალიზაცია და მისი დარღვევით, თუნდაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის წახალისება. ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომლის ფარგლებსაც არ უნდა გასცდეს არცერთი ხელისუფლების ქმედება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, შესაძლებლობის ფარგლებში, გააგრძელებს რამზან ახიადოვის უფლებების დაცვაზე დაკვირვებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთო სასამართლოებს, რომ მომავალში, მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ და დაიცვან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული  კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. 

ახალი ამბები