კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს

8 ოქტომბერი, 2019
 
Ombudsman.ge

2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე, ოთხ თვიან პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები წარმოდგენილია სპეციალურ ანგარიშში, რომელსაც ვაქვეყნებთ. 

დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე არსებითი გავლენა მოახდინა მრავალმა ხარვეზმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის  შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა მხოლოდ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმე ღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია.

გასაუბრების შემდგომ კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 12-მა წევრმა შეაფასა. 12 შემფასებლის ფარგლებში, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდია სხვაობა კანდიდატისათვის დაწერილ ქულათა შორის (30-დან 57 ქულამდე). 12 შემფასებლის ფარგლებში, რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა მინიმალურ და მაქსიმალურ ქულათა შორის სიახლოვეც (3-დან 10 ქულამდე).  

50 კანდიდატიდან 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ანალიზისას დაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ხმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს,  საშუალო რაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათა დაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრის მხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამ და კანდიდატებისათვის ხმათა საშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათა თანხვედრით კანდიდატების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევები გამორიცხა. 

შეფასების მოქმედი სისტემის ფარგლებში, როდესაც მინიჭებული ქულა არ საბუთდება, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო კომპეტენტურია კანდიდატი, თუმცა ამ პირობებშიც კი ნამდვილად გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მაღალი ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ან პირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი 4 კანდიდატი გამოიკვეთა.

ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას. 

ახალი ამბები