კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩაკეტილი გამშვები პუნქტი და სამშვიდობო კორიდორის საჭიროება

31 ოქტომბერი, 2019
 
                                                           ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამშვიდობო კორიდორის აუცილებლობაზე საუბრობს და ამის არგუმენტად ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკორთაში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყავს. ქალბატონს ინსულტი განუვითარდა, ახალგორის გამშვები პუნქტიდან თბილისში გადმოყვანაზე საოკუპაციო რეჟიმმა ოჯახს უარი უთხრა, რის გამოც ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, სამშვიდობო კორიდორის  შექმნის  საკითხი  ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატზე უნდა დააყენოს.

“საოკუპაციო ძალების მხრიდან გამშვები პუნქტების ჩაკეტვის პირობებში, თუნდაც ჟენევის ფორმატში უნდა მოხერხდეს და დადგეს საკითხი, რომ მსგავს შემთხვევებში, როგორც ქართულ, ისე ოსურ მოსახლეობას, ჰქონდეს კორიდორით სარგებლობის უფლება. ჩვენი ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს, მუშაობდეს და აყენებდეს ამ საკითხს საერთაშორისო ფორმატით. არცერთი მსგავსი შემთხვევა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. ასეთი ტიპის ინციდენტების თავიდან აცილების გამო უნდა იქნას შეწუხებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, მყარი პოზიცია, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა დააყენოს, რადგან ეს არ ეხება პოლიტიკას. თუკი სამშვიდობო კორიდორის გახსნა მოხდება, ჩვენ ასეთი ტიპის ადამიანური ტრაგედიებისგან დაზღვეული ვიქნებით. მსგავსი პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაშია", - განაცხადა ვახტანგაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატს იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად, რასაც საოკუპაციო რეჟიმი უშლის ხელს.

„როდესაც  ყოველ დღე და ყველგან ვამბობ, რომ მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალგორის გადასასვლელი, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა პირდაპირი გაგებით, სწორედ ამას ვგულისხმობ. დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ,  ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს სჭირდებოდა. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის ე.წ. „გადასასვლელი“, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ. იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირის და ა.შ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც, თუნდაც „წითელ ჯვართან“ დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველ დღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ გადაადგილების. საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, ან დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონი, ან რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება", - განაცხდა ციხელაშვილმა. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზეც ისაუბრეს.

,,პრემიერ-მინისტრთან ერთად  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და, ზოგადად, ახალგორის  მიმართულებით გადასასვლელის გახსნის აუცილებლობაზე იყო საუბარი, რათა მათ კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა და ზეწოლა რუსეთზე, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეზე, რომ ე.წ. „გადასასვლელი“ პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღოს. პირადად მე, ამ შემთხვევის თაობაზე, ინფორმაცია მივაწოდე ჟენევის ყველა თანათავმჯდომარეს, ასევე  - წითელ ჯვარს. უკვე პოსტ-ფაქტუმ, რადგან სამწუხაროდ, მანამდე ამ საჭიროების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა აქტორი ჩართულია, რათა ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი“ გაიხსნას. არა მხოლოდ ახალგორის რაიონი, არამედ ცხინვალის მოსახლეობაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა, რადგან ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებული არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მცხოვრები ოსებიც.  ყოველდღე ათობით ადამიანი მიკავშირდება, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან“, - აღნიშნა ქეთევან  ციხელაშვილმა.

 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტებერს ჩაკეტა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მას შემდეგ ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხს აყენებენ როგორც ერგნეთის, ისე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

ახალი ამბები