კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კაუპო კანდი - 'სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ იძიებს იმას, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი'

20 ნოემბერი, 2019
 
ინტერვიუ კაუპო კანდთან - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში

ნინო ცაგარეიშვილი, humanrights.ge

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2017 წლის ბოლოს საქართველოში დააარსა ადგილობრივი ოფისი. Humanrights.ge ესაუბრა აღნიშნული ოფისის ხელმძღვანელს, კაუპო კანდს, ოფისის როლის, განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებით. საუბარი შეეხო ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა ამჟამინდელ მდგომარეობის, ICC-ის პროცესებთან დაკავშირებით მათ მოლოდინებსა და საზოგადოების აღქმებს. 

 1. რა სახის აქტივობებს ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში? რა არის მისი მთავარი ფუნქციები? რა სახის გამოცდილება აქვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივ ოფისებს სხვა ქვეყნებში - რა საქმიანობას ახორციელებდნენ და რა შედეგებს მიაღწიეს?

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ადგილობრივი ოფისი ექვემდებარება რეგისტრატურას, რომელიც სასამართლოს ნეიტრალური ორგანოა და არ ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს. ადგილობრივი ოფისები აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლომ განახორციელოს საკუთარი მანდატი იმ ქვეყნებში, რომლებშიც მის იურისდიქციას მიკუთვნებულ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ადგილობრივი ოფისები ხელმისაწვდომს ხდის სასამართლოს იმ ქვეყნებში, რომლებიც სასამართლოს ადგილსამყოფიდან, ჰააგიდან, შორს მდებარეობს.

სახელმწიფოებს ეკისრებათ უპირველესი პასუხისმგებლობა, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ პირები იმ დანაშაულებისათვის, რომლებსაც მათ ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი ან ჩადენილი იქნა მათი მოქალაქეების მიერ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეუძლია გამოძიების წარმოება და ინდივიდების პასუხისგებაში მიცემა, როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია ან არ აქვს ამის ჭეშმარიტი სურვილი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ანაცვლებს ეროვნულ სასამართლო სისტემას, არამედ ავსებს მას. სასამართლო ესწრაფის, განახორციელოს მართლმსაჯულება კონფლიქტის ყველა მხარის მიმართ და მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულები არ დარჩეს დაუსჯელი. 

2016 წლის იანვარში, ICC-ის წინასასამართლო პალატამ ნება დართო პროკურორს, ეწარმოებინა გამოძიება ICC-ის იურისდიქციას მიკუთვნებულ დანაშაულებთან, კერძოდ, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილი იქნა საქართველოში, სამხრეთ ოსეთში და მის გარშემო, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. სასამართლომ გახსნა ადგილობრივი ოფისი საქართველოში 2017 წლის ბოლოს. დასაწყისში, ოფისში მუშაობდა მხოლოდ ერთი ადამიანი - ოფისის ხელმძღვანელი. მაგრამ, მოგვიანებით, ოფისს დაემატა რამდენიმე თანამშრომელი. ICC-ის ადგილობრივი ოფისი საქართველოში საკმაოდ მცირე ზომის ოფისს წარმოადგენს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ ოფისში მუშაობენ, კარგად იცნობენ ადგილობრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სიტუაციას და სხვადასხვა გამოწვევებს, მათ შორის, კონფლიქტებთან დაკავშირებით.

ოფისის ხელმძღვანელის ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებას წარმოადგენდა ადგილობრივი ოფისის ამოქმედება. დასაწყისში, ადგილობრივი ოფისი, როგორც სასამართლოს ნეიტრალური ორგანო, უზრუნველყოფდა ადმინისტრაციულ, დიპლომატიურ და ოპერაციულ მხარდაჭერას სასამართლოს სხვადასხვა ორგანოებისა და კლიენტებისათვის, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ მისიით. ICC-ის ყველა ადგილობრივი ოფისის დანიშნულებას წარმოადგენს, შეინარჩუნოს კარგი სამუშაო ურთიერთობები მასპინძელ მთავრობასთან და დიპლომატიურ თემთან. ადგილობრივი ოფისების კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება დაზარალებულ თემებში, მათ შორის, მსხვერპლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან, სამართლის სპეციალისტებთან და მედიასთან. ყოველ წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში, ჰააგაში არსებულ სასამართლოს სათაო ოფისში რელევანტურ სექციებთან მჭიდრო კოორდინაციით და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ადგილზე, ადგენს აუთრიჩის/საკომუნიკაციო სტრატეგიის დრაფტს, მათ შორის, სამოქმედო გეგმას. აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს ICC-ის საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობების საფუძველს საქართველოში წლის განმავლობაში.

ICC-ის ადგილობრივ ოფისებს სხვა სიტუაციებში, მაგალითად, აფრიკაში, აქვთ დამატებითი ფუნქციები, რადგანაც ამ ქვეყნებში მიმდინარეობს სასამართლო ეტაპებთან დაკავშირებული აქტივობები და დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროექტები, მაშინ როცა საქართველოში საგამოძიებო ფაზაში ვიმყოფებით. სასამართლო ეტაპზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ჩვეულებრივ, ზრდის ადგილობრივ წარმომადგენლობას და აფართოებს საჭიროების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ეტაპზეა სასამართლო პროცესები - წინასასამართლო, სასამართლო თუ სააპელაციო. ადგილობრივი ოფისები დახმარებას უწევენ სასამართლოს ყველა ორგანოსა და კლიენტებს, მათ შორის, პროკურორის ოფისს, დაზარალებულთა ნდობის ფონდს, ადვოკატთა გუნდებს (დაცვის მხარისა და დაზარალებულთა იურიდიულ წარმომადგენლებს). ოფისები ასევე უზრუნველყოფენ დახმარებას მოწმეთა დაცვისა და დაზარალებულთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის კუთხით.

 2. დაარსებიდან დღემდე რა სახის აქტივობები განახორციელა ICC-ის ადგილობრივმა ოფისმა საქართველოში? რა სახის აქტივობებია დაგეგმილი მომავალში?

ბოლო ორი წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობები დაზარალებულთა თემებში, მათ შორის, დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ დაზარალებულებთან და ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე სოფლებში. როგორც ოფისის ხელმძღვანელმა, განვახორციელე ვიზიტები თითქმის ყველა შედარებით დიდ დასახლებაში და კომპაქტურ დასახლებებში. შევხვდი ასობით ადამიანს, იმისათვის რომ ამეხსნა მათთვის, თუ რას წარმოადგენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მისი მანდატი და ორგანოები, ისევე როგორც, დაზარალებულთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის ასპექტები სასამართლო პროცესში.

ცხადია, მცირე ზომის ადგილობრივი ოფისი, შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსებით, ვერ შეძლებს პირდაპირ დაუკავშირდეს კონფლიქტით დაზარალებულ ყველა ადამიანს. აღნიშნული მიზეზის გამო, ICC-ის ადგილობრივმა ოფისმა, თავიდანვე დაიწყო რეგულარული საინფორმაციო შეხვედრების გამართვა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ სასამართლოს მანდატისათვის რელევანტურ სფეროში. აღნიშნული რეგულარული შეხვედრების დროს, ადგილობრივი ოფისი აგრძელებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ყველა რელევანტური ინფორმაციის მიწოდებას, სასამართლოს საქმიანობასა და აქტივობებთან დაკავშირებით. ადგილობრივი ოფისი ასევე აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მედიასთან და ფართო საზოგადოებასთან. ოფისი ჟურნალისტებს უზიარებს ბრიფებს და ორგანიზებას უწევს ინტერვიუებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან, როცა დგას ამის საჭიროება, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ცნობიერების გაზრდას და განმარტოს სასამართლოსა და მისი სხვადასხვა ორგანოების მანდატი ფართო აუდიტორიის წინაშე. 

ადგილობრივი ოფისი ასევე ჩართულია სასამართლოს მაღალი თანამდებობის პირების მისიებში საქართველოში. მაგალითად, 2018 წლის ბოლოს, საქართველოს ეწვია სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, მოსამართლე, რობერტ ერემრი, კანცლერი, პიტერ ლუისი და დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა ბორდის წევრი, ალმა ტასო-დელკოვიჩი, რომის სტატუტის 20 წლისთავის აღნიშვნის კონტექსტში. ადგილობრივმა ოფისმა, სათაო ოფისთან ერთად, ორგანიზება გაუწია მაღალი დონის რეგიონალურ სემინარს უნივერსალობის პრინციპისა და თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით თბილისში, 2018 წლის ოქტომბერში. სემინარი მოიცავდა ტრენინგს სამართლის სპეციალისტებისათვის საქართველოდან და რეგიონიდან. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50 სხვადასხვა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა. აღნიშნული მაღალი დონის სემინარის ფარგლებში, ადგილობრივმა ოფისმა ასევე ორგანიზება გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მრგვალ მაგიდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ და პირდაპირ დაესვათ შეკითხვები ახალი კანცლერის, პიტერ ლუისისათვის, პროკურორის ოფისის იურისდიქციის, კომპლემენტარულობისა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის, ფაქიზო მოჩოჩოკოსათვის და ასევე დაზარალებულთა ნდობის ფონდის წარმომადგენლებისათვის. ვიზიტის დროს საერთაშორისო სასამართლოს კანცლერმა და სასამართლოს სხვა წარმომადგენლებმა რამდენიმე ინტერვიუ მისცეს სხვადასხვა მედიასაშუალებას აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

მიმდინარე წელს რეგისტრის, პროკურორის ოფისისა და ნდობის ფონდის აუთრიჩის მისია საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა მაისში. დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ოფისის საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობებში დევნილთა დასახლებებში. ორგანიზებული იქნა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. გაეროს მე-16 მიზნის ფარგლებში, ადგილობრივი ოფისი ასევე ახორციელებს აუთრიჩის აქტივობებს აკადემიის სფეროს წარმომადგენლებთან. 

2020 წელს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი გეგმავს გააგრძელოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობები დევნილთა დასახლებებში და დაზარალებულთა თემებში. ადგილობრივი ოფისი ასევე გააგრძელებს მსგავს აქტივობებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სამართლის სპეციალისტებთან 2020 წელს, რათა მოიზიდოს კვალიფიციური სამართლის სპეციალისტები, მათ შორის, საქართველოდან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული წარმომადგენლობის სიაში დასარეგისტრირებლად. მიგვაჩნია, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ცნობიერება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ მედიასა და ფართო საზოგადოებაში. ჩვენ მიზნად ვისახავთ აღვწეროთ სასამართლოსა და მისი ორგანოების მანდატი, როგორ ვმუშაობთ, როგორც სამართლებრივი ინსტიტუცია ზოგადად და ასევე მართლმსაჯულების განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე, მათ შორის, საგამოძიებო და ბრალდების ეტაპზე და სასამართლო პროცესებზე; ასევე, ავხსნათ, თუ რისი მანდატი აქვს სასამართლოს და „რა შეუძლია გააკეთოს“ და რა არის მისი მანდატის ფარგლებს მიღმა - „რა არ შეუძლია გააკეთოს“.

3. დაზარალებულებთან შეხვედრისა და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობების შემდეგ, რა გამოხმაურება გაქვთ დაზარალებულებისაგან? რა მდგომარეობასა და პირობებში ცხოვრობენ ისინი ომიდან 11 წლის შემდეგ? რა მოლოდინები აქვთ სასამართლოსაგან? რა ცოდნა და წარმოდგენები აქვთ მათ სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ?

ჩვენი შეხვედრების, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობების საფუძველზე, ვიტყოდი, რომ ზოგიერთი დაზარალებული თემი, მათ შორის მსხვერპლები, შედარებით კარგად არიან ინფორმირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ. სხვები კი ნაკლებად. ხშირად, ჩვენ ვუხსნით ადგილობრივ თემებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ იძიებს იმას, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, რადგანაც მას არ აქვს აღნიშნული მანდატი. ასევე, განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება არ ეხება ქვეყნების ან ადამიანების ჯგუფების პასუხისმგებლობას. ICC-ის გამოძიება ეხება ინდივიდებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ჩვენ ასევე მივუთითებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს არც მანდატი და არც შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი ყველა დანაშაული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავსებს ეროვნულ იურისდიქციას და მიზნად ისახავს, ფოკუსირება მოახდინოს ყველაზე მძიმე სავარაუდო დანაშაულებზე. სასამართლოს არ აქვს მანდატი, პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს. იგი ფოკუსირებას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი მის იურისდიქციას მიკუთვნებულ ყველაზე მძიმე დანაშაულებისათვის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მისი ადგილობრივი ოფისი შემდეგნაირად უწყობს ხელს დაზარალებულ თემთა, მათ შორის მსხვერპლთა მოლოდინების მართვას - უხსნის მათ, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია სასამართლოს, ასევე განუმარტავს მათ სასამართლოს მანდატსა და მის ლიმიტებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მათ შორის, ადგილობრივ ოფისს, არ აქვს მანდატი, რომ შეაფასოს დაზარალებულ თემთა, მათ შორის მსხვერპლთა, საცხოვრებელი პირობები. ადამიანთა მოლოდინები ერთმანეთისაგან განსხვავდება. ზოგს სურს, რომ სავარაუდო ომის დამნაშავეები რაც შეიძლება სწრაფად წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. სხვებს - უფრო მეტი სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერა მთავრობისა და საერთაშორისო აქტორებისაგან. 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არ გამოიძია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამ პერიოდში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. თითქმის ყველა დევნილს, როგორც ახალს, ასევე ძველს, რომლებსაც საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრების დროს ვესაუბრებით, სურს თავიანთი საკუთრების დაბრუნება და სახლებში დაბრუნება. მაგრამ, სასამართლოს აქვს სპეციფიკური მანდატი და იურისდიქცია და ყველა აღნიშნული მოლოდინი არ ხვდება მის მანდატში.

ზოგჯერ ჩვენ გვისვამენ შეკითხვებს მიმდინარე გამოძიების დეტალებისა და ვადების შესახებ. ჩვენს ურთიერთობაში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, ჩვენ ხშირად განვმარტავთ, რომ პროკურორის ოფისის მიერ განხორციელებული საგამოძიებო აქტივობები მკაცრად კონფიდენციალურია და მნიშვნელოვანია ასე დარჩეს, რათა სამართალწარმოების მთელი პროცესი იყოს დაცული და ყველა მონაწილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა არის საციცოხლო პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ყველა მცდელობას, მართლმსაჯულება განხორციელდეს დაზარალებულთათვის კონფლიქტის ყველა მხარეს. აღნიშნული პრინციპებიდან გადახვევა დაუშვებელია. ამის გამო, პროკურორის ოფისი არ უზიარებს მედიას დეტალებს მიმდინარე გამოძიებების შესახებ და არ სპეკულირებს შედეგებთან დაკავშირებით.

ჩვენი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობები წარმოაჩენს, რომ სამიზნე ჯგუფების ჩართვა აღნიშნულ საუბრებში აღწევს ცვლილებას - იზრდება ადამიანების ცოდნა და წარმოდგენა სასამართლოს შესახებ, იმის შესახებ თუ რა შეუძლია სასამართლოს და რა წარმოადგენს მის ლიმიტებს.

 4. თქვენი სხვა საინფორმაციო აქტივობებიდან და საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ურთიერთობის შედეგად, რა შთაბეჭდილება გაქვთ - რა წარმოდგენა და ცოდნა აქვს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ?

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, დაზარალებული თემები, მსხვერპლები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრის წარმომადგენლები, სამართლის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები შედარებით კარგად არიან ინფორმირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი აქტივობების შესახებ საქართველოში. სამწუხაროდ, ადგილი აქვს ასევე დეზინფორმაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოში ჩვენ ადრეც ვნახეთ და მომავალშიც ველოდებით პოლიტიზებისა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციის მომეტებულ რისკებს ადგილობრივი პოლიტიკური დებატების კონტექსტში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მართლმსაჯულების ორგანოა და არა პოლიტიკური ინსტიტუტი. შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია და ვერ იქნება ჩართული ადგილობრივ პოლიტიკურ დებატებში. ჩვენი ოფისის წარსულ და მიმდინარე საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასამართლოს შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებაში და იმისათვის რომ მოიმატოს ცოდნამ სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ფართო საზოგადოებაში.

 5. როგორ ხედავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის როლს საინფორმაციო ვაკუუმის შევსებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ?

როგორც წინა შეკითხვის პასუხად აღვნიშნე, ჩვენს მიერ განხორციელებული საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების შეხვედრებიდან და არსებული კონტაქტების საფუძველზე იკვეთება, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი, მათ შორის, დაზარალებული თემები, მსხვერპლები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები არიან შედარებით კარგად ინფორმირებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი აქტივობების შესახებ საქართველოში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მისი ადგილობრივი ოფისი გააგრძელებენ საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს სხვადასხვა აუდიტორიასთან. დაზარალებული თემები, მათ შორის, მსხვერპლები, წარმოადგენენ ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი აგრძელებს რეგულარულ ვიზიტებს დევნილთა დასახლებებში და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე სოფლებში, რათა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ხალხს და ვუპასუხოთ მათ ნებისმიერ შეკითხვას. მე ვხედავ, რომ დაზარალებულთა თემებისათვის, მათ შორის, მსხვერპლებისათვის, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთან ინტერაქცია და მასთან პირდაპირ საუბარი. როგორც უკვე აღვნიშნე, ასევე აუცილებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მისი საქმიანობის შესახებ სხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, ფართო საზოგადოების. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებებთან დაკავშირებას პროაქტიულად, რათა ჩავრთოთ ისინი ინფორმაციის ურთიერთგაზიარების პროცესში და სასამართლოს შესახებ ფართოდ გავავრცელოთ ინფორმაცია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისი თანამშრომლობს სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიური წრის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიის წარმომადგენლებთან. ადგილობრივმა ოფისმა დაარსებისთანავე დაიწყო რეგულარული საინფორმაციო შეხვედრები საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ადგილობრივი ოფისი იგივე მიზეზით ასევე აწყობს რეგულარულ ბრიფინგებს საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებთან, რათა მათაც შეეძლოთ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და მისი ადგილობრივი ოფისი ასევე მუშაობენ საქართველოში სამართლის სპეციალისტებთან, რათა მოახდინონ მათი ინფორმირება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ და გაძლიერდეს მათი მოტივაცია, განაცხადი შეიტანონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიულ წარმომადგენელთა სიაში დასარეგისტრირებლად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ადგილობრივი ოფისი ექვემდებარება სასამართლოს რეგისტრატურას. შესაბამისად, მე არ შემიძლია ვთქვა იმაზე მეტი მიმდინარე გამოძიების შესახებ, რაც უკვე ვთქვი. მე ვიცი ის, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი - ამჟამად გამოძიება აქტიურ ფაზაშია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის თანამშრომლები რეგულარულად ჩამოდიან საქართველოში, რათა გამოძიება წინ წავიდეს.

  6. როგორც ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნდობის ფონდი ახორციელებს შეფასებას საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით. გთხოვთ, გაგვიზიაროთ მეტი ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ. რა ვადებში უნდა განხორციელდეს და რა სახის აქტივობებს მოიცავს აღნიშნული პროცესი?

დიახ, დაზარალებულთა ნდობის ფონდი შეფასების განხორციელების შუა ეტაპზე იმყოფება. ნდობის ფონდის შეფასება შეამოწმებს დაზარალებულთათვის განხორციელებული მხარდაჭერისა და აქტივობების ამჟამინდელ მდგომარეობას და შეეცდება, განსაზღვროს, თუ სად არის ხარვეზები სარეაბილიტაციო სერვისების კუთხით. შეფასების ანგარიში წარედგინება ნდობის ფონდის დირექტორთა ბორდს 2020 წლის გაზაფხულის შეხვედრაზე, სადაც ისინი იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, დაიწყებს თუ არა მხარდაჭერის პროგრამას ნდობის ფონდი საქართველოში დაზარალებულთა ზიანის რეაბილიტაციის მიზნით. 

ნდობის ფონდის მხარდაჭერის მანდატის პროგრამამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს შემდეგი მიმართულებებით: 1) ფიზიკური რეაბილიტაცია 2) ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და 3) მატერიალური მხარდაჭერის პროექტები. ნდობის ფონდის მხარდაჭერის მანდატი არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ქეისთან ან პროცესთან. დაზარალებულთა მხარდაჭერის ინიციატივები მოიცავს სიტუაციის დაზარალებულებს უფრო ფართოდ, ვიდრე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე კონკრეტული სამართალწარმოების ფარგლები. შესაბამისად, აღნიშნული მანდატის ქვეშ, ნდობის ფონდს შეუძლია დაზარალებულთა ზიანის რეაბილიტაცია ICC-ში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლების მიღმა.

ნდობის ფონდის მიერ შეფასება ხორციელდება ორკომპონენტიანი მიდგომით: პირველი - შესაბამისი კვლევების, ანგარიშებისა და შეფასებების სამაგიდე კვლევა. მეორე - შეფასება დაეყრდნობა ვრცელ კონსულტაციებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებთან, დაზარალებულებთან და დაზარალებულთა ასოციაციებთან, დევნილთა დასახლებებში არსებულ თემებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გაეროს წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობის ფონდი მართავს შეხვედრებსა და კონსულტაციებს დაზარალებულთა თემების წარმომადგენელ დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჯგუფთან, ისევე როგორც დაინტერესებულ მხარეებთან თბილისსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონში. 

ახალი ამბები